“არც ხორბლის რაოდენობის,   არც ფასის მხრივ პრობლემა არ არსებობს, შეფერხებები არ იქნება” – ლევან სილაგავა 

“საქართველოში არც ხორბლის რაოდენობის,   არც ფასის მხრივ პრობლემა არ არსებობს, შეგვიძლია,   მოსახლეობა დავამშვიდოთ. ამ მხრივ შეფერხებები არ იქნება”, – ამის შესახებ “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

სილაგავამ ხორბლის ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და უახლესი ტენდენციები მიმოიხილა.

“გვინდა, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ იმის შესახებ,   თუ რა ტენდენციები მიდის  დღეს  მსოფლიო ბაზარზე ხორბალთან მიმართებით, ასევე, საქართველოში ხორბალთან,  ფქვილთან, პურის ფასთან დაკავშირებით.  იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს დისკუსიები, გარკვეულწილად,  კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს, რა იქნება ხვალ.

ვიცით, რომ რუსეთ- უკრაინის ომიდან გამომდინარე  უკვე მეორე წელია , ხორბლის ბაზარზე მდგომარეობა დაძაბულია.    ხორბლის  მიწოდების მხრივ ეს ორივე ქვეყანა მსოფლიოში წამყვანია და     ეს ომი ფასებს, გარკვეულწილად, სერიოზულ დაღს ასვამს. შესაბამისად,  ბევრი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებასაც. გაეროში  უახლოეს მომავალში შეხვედრა იმართება, სრულიად შესაძლებელია,   იქ რუსეთის, უკრაინის და  გაეროს წარმომადგენლებმა  ე.წ. ხორბლის დერეფანთან დაკავშირებით  გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიონ, რომელიც რუსეთის მიზეზითაა გაჩერებული. რუსეთმა  ეს შეთანხმება დატოვა. ამან შავ ზღვაზე ხორბლის მოძრაობას სერიოზული დაღი დაასვა. აქედან გამომდინარე,   სატრანსპორტო მიმართულების გადალაგება მოხდა ( პირველ ყოვლისა,  უკრაინული ხორბლის მიმართულებების).   გადალაგება   მდინარე დუნაის მიმართულებით  მოხდა,  ასევე, რუმინეთის და ბულგარეთის  პორტების მიმართულებით. აქ სიტუაცია გარკვეულწილად მაინც დაძაბულია იქიდან გამომდინარე, რომ  საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მუდმივად ხდება.  უკრაინიდან იმ რაოდენობის ხორბალი მაინც ვერ გამოდის,  რაც მსოფლიოს სჭირდება. გარკვეული მიმართულებები  მაინც მუშაობს, თუმცა,  არა იმ რაოდენობით, რაც შეიძლება, შავი ზღვის დერეფნით გატანის დროს   მუშაობდეს.

რაც შეეხება  რუსეთიდან ხორბლის  შავი ზღვის მიმართულებით გატანას –  აქაც შეფერხებაა  იქიდან გამომდინარე, რომ  უკრაინის მიერ რუსეთის პორტებზე   რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა,   შესაბამისად,  ფრახტის, დაზღვევის ფასი  აწეულია. თუ შევხედავთ შავი ზღვით ამ ორი ქვეყნიდან, რუსეთიდან და  უკრაინიდან ხორბლის გატანას,    გარკვეულწილად,  ეს შეფერხება  ფასებს დაღს ასვამს.

მესამე ქვეყანა,  რომელიც მსოფლიო ბაზარზე და რეგიონულად  გვინდა, განვიხილოთ, ყაზახეთია. სამწუხაროდ,  ყაზახეთში ხორბლის აღება ახლა მიდის.  აქ  პრობლემა სასურსათო ხორბალია,  რადგან 2 კვირის განმავლობაში წვიმები იყო და ხორბლის  დაახლოებით 60 %   საფურაჟე და არა სასურსათო იქნება.   ბაზარს ესეც დაღს ასვამს. შემაჯამებლად რომ შევხედოთ: მსოფლიო ბაზარზე იმ მიმართულებაში, სადაც  ხორბალი შავი ზღვით გადის, გარკვეულწილად, ფასი მაღალია.    რაც შეეხება შავი ზღვის აღმოსავლეთით მიმართულებას – კონტინენტთაშორის ნაწილს, აქ ხორბლის მიწოდება  უფრო ნელი რეჟიმით  ხდება,   ფასები უფრო დაბალია. ეს იმითაა გამოწვეული, რომ  ის ხორბალი,  რომელიც  შავი ზღვის მიმართულებით  უნდა წასულიყო, გარკვეულწილად,  ვერ გადის და, კონტინენტთაშორის,  მათ შორის  კავკასიაში, საქართველოში სომხეთში, აზერბაიჯანში, ასევე ყაზახეთის, შუა აზიის მიმართულებით ფასების დაღმა სვლა ხდება. საქართველოში ხორბალსა და ფქვილზე  მუდმივად  ფასები კლების ტენდენცია მიდიოდა. შესაბამისად, ეს პურზეც აისახა.

ჩვენ, ძირითადად, ლარსის საბაჟოდან  და სარკინიგზო გზით შემოგვაქვს. ანუ ხორბალსა და ფქვილზე სახმელეთო გადაზიდვები გვაქვს. შესაბამისად,  აქ შეგვიძლია, ვნახოთ,  რომ   არც ხორბლის რაოდენობის,   არც ფასის მხრივ პრობლემა არ არსებობს, შეგვიძლია,   მოსახლეობა დავამშვიდოთ. ამ მხრივ შეფერხებები არ იქნება”, – განაცხადა სილაგავამ.

მისივე თქმით, დღეს პურის   ფასის გაძვირების ტენდენცია  არ არსებობს.

“მინდა, ის 5- თვიანი  გადაწყვეტილება განვიხილო, რომელიც  საპილოტე   რეჟიმში მუშაობს. მისი მოქმედება 10 ივნისიდან დაიწყო,  5 – თვიანია და ნოემბრის 10 რიცხვში მთავრდება. ამ გადაწყვეტილების შედეგად, ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის  კონკურენტული მდგომარეობა გარკვეულწილად გათანაბრებულია, რამაც წისქვილკომბინატებს საშუალება მისცა, ემუშავათ და გარკვეული რაოდენობის ადგილობრივი ხორბალი ჩაებარებინათ,  რაც  ასე პრობლემური იყო (მათ შორის, ფერმერებისთვის ჩაბარების კუთხით).

ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება  ორ მიმართულებაზე იყო მიბმული: ერთი პურის ფასის შენარჩუნებას წარმოადგენდა, პური  რომ არ გაძვირებულიყო.   მეორე მიმართულება  კი იმას გულისხმობდა, თუ როგორი იყო  ადგილობრივი ქართველი ფერმერების მიერ ძველი და ახალი მოსავლის  ჩაბარების მხრივ  არსებული მდგომარეობა.

პურის ფასის მიმართულებაში შეგვიძლია,  დადასტურებულად ვთქვათ, რომ დღეს  ფასის გაძვირების ტენდენცია  არ არსებობს. გაძვირებაზე არცერთი ფაქტორი  მიუთითებს.  პირველ ყოვლისა, არ მიუთითებს ფაქტორი, რომელიც  ხორბლის ფასიდან გამომდინარე ფქვილის ფასი გახლავთ. მარაგებიც არსებობს, ფასი, ფაქტობრივად, სტაბილურია. მეტსაც გეტყვით, გარკვეულწილად, ფასი დაღმავალიც იყო.  რუსეთი შარშანდელ და წლევანდელ მოსავალს  ისე აქტიურად ვერ ყიდის, როგორც საპროგნოზოა.  შესაბამისად, ჩვენი მიმართულებით ხორბლის უფრო მეტი რაოდენობაა დარჩენილი.  აქედან გამომდინარე, ჩვენი მიმართულებით დაღმავალი ფასია. ანუ, შეგვიძლია, დადასტურებულად ვთქვათ, რომ პურის ფასთან მიმართებით პრობლემები არ არსებობს.   ფასი სტაბილური და შენარჩუნებული იქნება. ჩვენ კომუნიკაცია ” პურის მწარმოებელთა ასოციაციასთანაც” გვაქვს,  პურის ფასთან მიმართებით დღეს არავითარი კითხვის ნიშნები არაა.  მათი თქმით, ფასი სტაბილური იქნება  და ალბათ,  ისინიც გამართავენ პრესკონფერენციას”, – განაცხადა სილაგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები