„მწერლის აკადემია უბედური ბავშვობააო“ — ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემია“: ოტია იოსელიანი – ინტერვიუ მწერლის შვილთან
„ამ მდუღარეგადასხულ ჩემს ბიოგრაფიაში, ვერცერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. რაც არ იყო, რას გამოძებნი. ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის უთქვამს — „მწერლის აკადემია უბედური ბავშვობააო“ — ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემია“ – ოტია იოსელიანი.
მეგობრებო, დამეთანხმებით, რომ წარმოუდგენელია, ერთ პუბლიკაციაში განთავსდეს ყველაფერი ის, რაც ოტია იოსელიანის შემოქმედებასა და ბიოგრაფიას უკავშირდება, მაგრამ გარკვეული შტრიხების გავლება, სავსებით შესაძლებელია.
ამ შესაძლებლობის ფარგლებში, ამასწინათ, სოფელ გვიშტიბს ვეწვიე და ოტია იოსელიანის შვილს, დაჩი იოსელიანს ინტერვიუ ვთხოვე. ახლა სწორედ ამ საუბრის სრულ ვარიანტს გთავაზობთ.
შ.ლ. – ბატონო დაჩი, პირველ ყოვლისა, მოგესალმებით და თქვენთან ინტერვიუ, მადლობით მინდა, დავიწყო.
დღეს გვექნება საუბარი იმ ადამიანზე, რომელიც ერთდროულად იყო: მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი, პუბლიცისტი, პიესების ავტორი, თუმცა, საკმარისია ვახსენოთ ეს სახელი და გვარი, რომ ისედაც ყველაფერი ნათელია… ოტია იოსელიანი!
დ.ი. თქვენთან საუბარს მეც გამარჯობით დავიწყებ, მაგრამ არ მგონია რაიმე ახალი ვთქვა…
შ.ლ. – კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდეთ და ვნახოთ… იქნებ, რაიმე ახალიც იყოს, ანდა კარგად დავიწყებული ძველი გავიხსენოთ.
დ.ი. – მე რასაც ვფიქრობ, იმას მოგახსენებთ. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ. აბა, გადახედეთ რა ხდება მთელ მსოფლიოში. ტვინის მონები, კუჭის მონებად გადაგვაქციეს და ამდენი ხალხი იჟლიტება, რადგან ერთმა პარტია ხალხმა დაასკვნა, რომ უფლება აქვს სხვების ბედი განკარგოს. აი, სხვების ბედის განკარგვაზე რომ ხელს მოაწერ ადამიანი, იქ ყველაფერი დამთავრებულია…
შ.ლ. – ჩვენი ინტერვიუ მოულოდნელი რაკურსით დაიწყო, თუმცა… რადგან ასე წარიმართა, შინაარსობრივად მეც გამოგყვებით. ადამიანების ბედი არაერთ ცნობილ და ისტორიულ პირს განუკარგავს და ოქროს ასოებითაც შესულა ისტორიაში, ასე არ არის?..
დ.ი. – თუ ხარ აღმაშენებელი, კი ბატონო, მაგრამ თუ აღმაშენებელი არ ხარ, მაშინ დიდი ნამუსგარეცხილი ვიგინდარა ხარ… აღმაშენებელი თავის ცოდვებზე წუხდა, სულ ეჭვის ქვეშ ჰყავდა საკუთარი თავი და ამიტომაც დაწერა „გალობანი სინანულისანი“. რომელი თანამედროვე პოლიტიკოსი გინახავთ სინანულში? ვინ რამდენს მოიპარავს და შეჭამს, მისი კაცობის რეიტინგი ამით გაიზომება…
შ.ლ. – ადრე როგორ იყო?
დ.ი. – ადრეც იყო… ნუ მივაწერთ ამას, მხოლოდ დღევანდელობას და ნუ ვიტყვით იმას, რომ კომუნისტებმა გაგვათახსირეს. აგერაა აღმაშენებლის ისტორიკოსი და გადავხედოთ, რა ხდებოდა მისი სამეფოში მოსვლის წინარე პერიოდში. საშინელებაა… მეფეს იტაცებდნენ და ურჯულოებზე ყიდდნენ… მერე ეს გამტაცებლები, ხალხში, მეფის გამოსასყიდ ფულს აგროვებდნენ…
შ.ლ. – გამოსავალს რაში ხედავთ?
არ ვიცი… ადამიანი აქ ვერაფერს უშველის, უძლურია… ყველაფერი ღმერთის ნებაა! ხომ მოხდა თავის დროზე ასე და მოვიდა აღმაშენებელი? უფალმა ასე ისურვა! ინება უფალმა და გაჩნდა რუსთაველი! ინება უფალმა და გაჩნდა ილია ჭავჭავაძე!
შ.ლ. – თქვენ ისეთი ადამიანები ჩამოთვალეთ, საუკუნეში და ათასწლეულში ერთხელ იბადებიან…
დ.ი. – ასეთი რაღაც თუ გვიშველის… აღმაშენებელმა, რომელმაც ქვეყანა თავისი სიძლიერით მოიყვანა, ეს ქვეყანა დაახლოებით ორას წელიწადში კინაღამ დავკარგეთ… მერე, როგორღაც… ისიც წელის წყვეტით ძლივს რაღაც მოვახერხეთ და გადავრჩით… ქართველები კარგი ცხოვრებისთვის გაჩენილები არ ვართ. ჩვენ, სახელმწიფოს ღირსი არ და ვერ ვართ…
შ.ლ. – ძალიან მკვეთრი, ხისტი შეფასებაა… მაშინ მიპასუხეთ, რა გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეთ, არის რაიმე რეცეპტი?
დ.ი. – არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ… რომელი მეფე ერეკლე მე ვარ?
შ.ლ. – ერეკლე მეფე ძალიან დადებით კონტექსტში ახსენეთ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც პატარა კახის მოღვაწეობას ღალატადაც კი მიიჩნევენ…
დ.ი. – ეგ ადამიანები ვინ არიან?.. მაგ ადამიანებმა თავიანთ ისტორიას გადახედონ… როცა ვინმეს განსჯი, ჯერ საკუთარ თავს უნდა ჩაუღრმავდე! ვინ არიან ეს ადამიანები და საეჭვო პირები ხომ არ დგანან მათ უკან?..
შეუმცდარი არავინაა ამ ქვეყანაზე, მაგრამ ვიღაც რომ გააკრიტიკო, თავად უნდა წარმოადგენდე რაიმეს… ვინ რას წარმოადგენს, ეგ ხალხი? ილიაც არ მოსწონთ მაგათ, აკრიტიკებენ…
შ.ლ. – ამ ადამიანების შეფასებით, რომლებსაც ახლა თქვენ მოიაზრებთ… ილია ყველაზე დიდი ლიბერალი იყო!
დ.ი. – კი აბა, მაგათმა მზემ… „აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საგზლად ხმარობდე ქრისტესა მცნებას“. ეს ხომ ილიას სიტყვებია!… აბა, დამისახელეთ, რომელი ლიბერალი ბრძანებს ამას, ამის მსგავსს?! ამ სიტყვებით ილია აღარაა ხომ მათიანი? ილია ლიბერალი კი არ იყო, მას სიახლეები უყვარდა და არა უფსკრულში გადავარდნა. ნახეთ, როგორ მოიხსენიებს ილია წინაპრებს… ილიასთან დაკავშირებით, ამ ადამიანების შეფასება, გამოგონილი ლიბერალიზმია!
შ.ლ. – ლიბერალური ფრთა თავისუფლების იდეით გამოდის. თავისუფლებაზე რას მეტყვით?
დ.ი. – რა არის თავისუფლება, მე რაც მნებავს ისაა უზენაესი?.. მაშინ რას ვერჩით ჰიტლერს? უნდოდა ამ კაცს და აკეთებდა…
შ.ლ. – სად გადის ზღვარი, რისი უფლება გვაქვს და რისი არა?
დ.ი. – ეს დააკანონა ერთადერთი ღმერთმა!
ამათმა… ღმერთი არაო… აბა, ვინ, ვისი დოქტრინით უნდა ვიხელმძღვანელოთ?
შ.ლ. – წეღან ძალიან საინტერესო პარალელი გაავლეთ ჰიტლერთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, ასეთი სპონტანური კითხვა გამიჩნდა… რა მსგავსება და განსხვავებაა ფაშიზმსა და დემოკრატიას შორის?
დ.ი. – საოცრად ვერიდები ფიქრს. აქ, სოფელში იმდენი რაღაცაა გასაკეთებელი, რომ ფიქრის დროც აღარ მრჩება. არიან ადამიანები, რომლებიც ნაირ-ნაირ თეორიებს აცხობენ, სად მაქვს მე მაგის დრო. ახლა, თქვენთან საუბრისას ვისვენებ, თორემ, ჩვენი ინტერვიუ რომ დასრულდება და გაგაცილებთ, ისევ ჩემს საქმეს უნდა დავუბრუნდე. მტვერსასრუტი მაქვს გასაკეთებელი, მერე ჭიშკარს უნდა მივხედო, ცოტა მერე, ექსკურსიაა ჩასატარებელი… მე სად მაქვს მაგის დრო?..
მოიცა, რა ბრძანეთ, ჰიტლერი და დემოკრატია?.. კი ბატონო, ერთად ვიფიქროთ. ამაზე არასდროს დამილაგებია თეორიები…
რა თქმა უნდა, მაშინ რას ვერჩით ჰიტლერს?.. თუ ყველაფერი თავისუფალია და ყველაფრის უფლება გვაქვს, მაშინ რას ვერჩით მკვლელს, უხარია და კლავს… რატომ ვლახავთ მის უფლებებს, მივცეთ თავისუფლება…
შ.ლ. – სხვათა შორის… ფიზიკური მკვლელობის გარდა, არსებობს მორალური მკვლელობაც და თვითმკვლელობაც, როდესაც ადამიანი ვერ ხვდება საკუთარ თავს, ან სხვას… როგორ ანადგურებს… ანდა, ხვდება, მაგრამ შეგნებულად მაინც აკეთებს…
დ.ი. – დიახ, ბატონო, მართალი ბრძანდებით! არსებობს მორალი და არსებობს კანონი, მაგრამ ის კოდექსებიც სხვადასხვა ქვეყანაში, სულ სხვადასხვაა. იქ რომ ის კანონია, აქ, ის იკრძალება… მაშინ რა ვქნათ, უმრავლესობით გადავწყვიტოთ? დემოკრატიის პრინციპი ძირშივე სისულელეა, რადგან რაც ბევრია და ვინც ბევრია, ის უხარისხოა! ჩვენ უამრავი მეფე გვყავდა. აბა, ჩამოთვალეთ ამ უმრავლესობიდან, რომელი იყო მართლაც ღირსეული… ხუთი თითი გვეყოფა მათ ჩამოსათვლელად. უმრავლესობა ხარისხოვნებას არ ნიშნავს!
შ.ლ. – ამ ნაწილში დაგეთანხმებით, მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა!
დ.ი. – ჩვენ თუ გვინდა ხარისხი, რაოდენობაზე უარი უნდა ვთქვათ!
აგერაა სახარება და კიდევ გადავიკითხოთ… ერთხმად აირჩიეს ბარაბა… ასე არ იყო, ვინმე გამოვიდა წინააღმდეგი? რა გამოდის, დემოკრატიის პრინციპებით ბარაბა ჯობდა ხომ, უკეთესი ყოფილა..
ოქრო იმიტომაცაა ოქრო, რომ იშვიათია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რიყის ქვა იქნებოდა…
შ.ლ. – ამ წუთიდან, სწორედ იშვიათ ადამიანზე უნდა შევაჩერო თქვენი განსაკუთრებული ყურადღება. საზოგადოება ოტია იოსელიანს მართალ კაცს უწოდებდა. როგორ გასწავლიდათ მამათქვენი სიმართლეს და სამართლიანობის განცდას, თუკი ასეთი რამ საერთოდ შეიძლება ისწავლებოდეს?
დ.ი. – სიმართლე გითხრათ, ოტია ჩვენ მაინცდამაინც არაფერს გვასწავლიდა, იმდენი საქმე და თავსატეხი ჰქონდა…
ვიღაცებს ჰგონიათ, რომ დაჯდები არხეინად და დაწერ, მაგას რა უნდა… ამ ადამიანების გასაგონად მინდა ვთქვა, დასხდნენ და ოთხ სტრიქონიანი ლექსი დაწერონ, მაშინ მიხვდებიან, თურმე რამდენი ფიქრი უნდა…
ოტიას არ ჰქონდა ბევრი დრო, მაგრამ ალაგ-ალაგ გადმოგვხედავდა ხოლმე…
შ.ლ. – ამ ალაგ-ალაგ გადმოხედვისას… სიმკაცრით გამოირჩეოდა?
დ.ი. – არ მომხდარა შემთხვევა, რომ რაღაცაზე ეთქვას – კარგია! ჩვენი გაკეთებული არ მოსწონდა… შეიძლება ეს მთლად სწორი არ იყო, შეიძლება… მაგრამ შეუმცდარი არავინაა.
შ.ლ. – შეუმცდარი არავინაა, თუმცა ცოტა უცნაურია… ბატონი ოტია ყველაფერთან ერთად საბავშვო მწერალიც იყო, ზღაპრებსაც წერდა და დაჩისაც მიუძღვნა წიგნი – „დაჩის ზღაპრები“. შემდეგ ეს დაჩი გაიზარდა და ახლა ჩემთან საუბრისას, ამბობს, რომ ოტია იოსელიანი განსაკუთრებული სიტყვაძუნწობით გამოირჩეოდა…
დ.ი. – მოსწონდა თუ არ მოსწონდა, ყველაფერს დაგიწუნებდა, მაგრამ თუ გეტყოდა – „რაცხა გიწვალია, შე გაჭირვებულო“, ეს იმას ნიშნავდა, რომ წყალს არ გაგატანდა… მისი აზრით, შვილები ჰყავდა საშინელება, უარესის უარესი…
შ.ლ. – ოტია იოსელიანი მარტივი ბუნების არასოდეს წარმომედგინა, თუმცა თქვენი მამისადმი აღწერილობა, ჩემთვის, მაინც მოულოდნელი მომენტია… რთული ბუნების ყოფილა…
დ.ი. – საშინლად რთული… სხვათა შორის საკუთარი თავიც არაერთხელ გაუკრიტიკებია, მაგრამ კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდა. ჩვენი ჟურნალისტები არიან მაგის დიდოსტატები… ზოგიერთი ისე მიატრიალებს რაღაცას, რომ…
შ.ლ. – ქართული მედიის წარმომადგენლებზე ნაწყენი ჩანხართ…
დ.ი. – თავის დროზე გადარიეს ოტია და მერე საკადრისი პასუხიც მიიღეს. ჟურნალისტების უმრავლესობა აბსოლუტური წყალწაღებული და აბსოლუტური უნამუსო არის! ობიექტური ინფორმაცია არავის სჭირდება. ყოველი ტელევიზიის უკან ვიღაც დგას…
შ.ლ.- უმკაცრეს შეფასებას ვისმენ ახლა თქვენგან…
დ.ი. – ეს ყველაფერი არის შოუ! მსოფლიო დღეს პურითა და სანახაობით იკვებება… ეს არაა ახალი და რომაელების მოგონილია. ჰოლივუდი გვიცხობს ფილმებს და ერთ დროს რომ ვუყურებდით ფელინისა და კუროსავას გენიალურ კადრებს, ახლა… ვუყურებთ „ბეტმენს“, „სპაიდერმენს“ და გვიხარია… საქართველოში თურქული და ინდური სერიალები ჰყვავის და ჩვენ გვიხარია…
შ.ლ. – რით ახსნით ამას, სოციალური ფონის ბრალია, პოლიტიკური, თუ კიდევ რაიმე სხვა მიზეზიც არსებობს?
დ.ი. – ამ შეკითხვაზე ერთი მაგალითით გიპასუხებთ. გლეხი მიადგა მეფეს და შესჩივლა. ცხენი მომპარეს და მიშველეო… მეფემ მიუგო, კი მაგრამ, როცა გპარავდნენ, სად გეძინაო?.. გლეხმაც უპასუხა, მე კი მეძინა, მაგრამ… მეგონა მეფეს ეღვიძაო…
ყველაფერი, ჩემო ბატონო, ზემოდან მოდის… აღმაშენებელი ქვეყნის სათავეში რომ მოვიდა, სახელმწიფო გახრწნილ-გათახსირებული იყო. აღმაშენებელმა რეფორმები ჩაატარა და საზოგადოება გელათისა და იყალთოს აკადემიის შენებას შეუდგა.
შ.ლ. – შორეული წარსულიდან აქეთ გადმოვინაცვლოთ და უახლეს იტორიას გავიხსენებ. ცოტა სარკაზმითაც ვიტყვი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც საბჭოთა ეპოქის „შვილებად“ მიიჩნევენ თავს და იმ პერიოდს მისტირიან. გააკეთებთ ამაზე რაიმე კომენტარს?
დ.ი. – ადამიანი არის ან ოჯახის შვილი, ან ღვთის შვილი, ან ვირიშვილი… სხვა მეტი არ არსებობს. საბჭოთა წყობა იყო, რომ დამავლო ხელი და დამიჭირა.
შ.ლ. – რა ისტორიას გულისხმობთ, მომიყვებით, რისთვის იყო დაკავებული ოტია იოსელიანის ვაჟი?
დ.ი. – ანტისაბჭოთა ვიყავი!
შ.ლ. – უფრო კონკრეტულად?
დ.ი. – თავის დროზე საბჭოთა არმიის რიგებში, ანდროპოვის მმართველობის დროს წამიყვანეს… მოგეხსენებათ, რას წარმოადგენდა მაშინდელი საბჭოთა ჯარი… უკიდურესი ფორმებით გავაპროტესტე! რა თქმა უნდა ჩემი პროტესტი ხელმძღვანელობის ყურამდე მივიდა და დამაკავეს. ეს დიდხანს გაგრძელდა.
შ.ლ. – თქვენი გათავისუფლება როგორ მოხდა?
დ.ი. – გორბაჩოვის დროს გამათავისუფლეს, თუმცა… ფარული თვალთვალი მაინც იყო.
შ.ლ. – იმ პერიოდში გარკვეული სტანდარტები არსებობდა. ადამიანები იყოფოდნენ სახელმწიფოებრივად და ანტისახელმწიფოებრივარ მოაზროვნეებად. არაერთი ცნობილი პოეტიც ვიცი, რომელმაც ამა თუ იმ საბჭოთა ბელადს, „სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან“ გამომდინარე… ლექსიც კი მიუძღვნა. ბატონი ოტია არ ექვემდებარებოდა ამ სტანდარტებს. როგორ გადაურჩა საბჭოთა ხელისუფლების გულისწყრომას?…
დ.ი. – მაგაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი… ოტიას პირველი წიგნი 1957 წელს გამოიცა. საგულისხმო ისაა, რომ ოტია წიგნის გამოცემისთანავე გახდა პოპულარული, თუმცა… უფრო სწორი შეფასება იქნება – „უფრო საინტერესო“. მერე უცებ გახადეს მწერალთა კავშირის წევრი. მამაჩემი ხუმრობდა კიდეც. „ხალხი წლობით დგას რიგში და მე ისე გამაწევრიანეს, არ გამიგია“-ო. შემდეგ მოსკოვში მიავლინეს და უმაღლესი დაამთავრებინეს.
ბავშვობიდან ვერ ვიტან სიტყვა – მოსკოვს… ყოველთვის უსიამოვნო განცდა მეუფლებოდა და მეუფლება ამ ქალაქზე, მაგრამ ერთი დადებითი რამ მაინც ახასიათებს ამ ქალაქს. მოსკოველები საოცარი მკითხველები არიან. თავდაყირა რომ დაკიდო, კითხულობენ და იციან ხელოვნების ფასი… სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, მოსკოველებში ოტია ძალიან გახმაურდა და თვით, პასტერნაკის ყურადღებაც კი მიიპყრო… საქმე იქამდეც მივიდა, რომ პასტერნაკმა ოტიას პროზის თარგმნის სურვილიც კი გამოთქვა. ერთი სიტყვით, რუსებს სურდათ, რომ ოტია დიდი საბჭოთა მწერალი გაეხადათ… მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, ოტიას, ბინა თბილისის ცენტრშიც გადაეცა…
შ.ლ. – დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში ცხოვრებას, ოტია იოსელიანმა „პროვინციაში“ ცხოვრება არჩია… მიზეზი?
დ.ი. – ოტია, თბილისიდან 1986 წელს დაბრუნდა და ეს სახლი ააშენა. სულ ასე ამბობდა, „როგორც ჩემი ხალხი ცხოვრობს, მეც ისე უნდა ვიცხოვრო“-ვო.
შ.ლ. – შესანიშნავი გარემოა შექმნილი, აღფრთოვანებული ვარ…
ახლა, პარალელურად იმაზე ვფიქრობ, ასეთი დიდი პრივილეგიების მიუხედავად როგორ ახერხებდა ოტია იოსელიანი უნიკალური მდგომარეობის შენარჩუნებას. მწერალს, რომელსაც საბჭოთა იდეოლოგია უნდა ედიდებინა ათეიზმის ეპოქაში… მან დაწერა და გამოსცა ნოველა – „ჩემი წმინდა გიორგის ხატი“. სულ მიკვირს, როგორ, რანაირად?..
დ.ი. – საბჭოთა ნომენკლატურა ოტიას გადაბირებას სხვადასხვა ხერხით ცდილობდა. გაჩვენებთ შევარდნაძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, სადაც პირდაპირ არის მოთხოვნა, რომ იმ დროისთვის ახალგაზრდა მწერალი, რომელიც ქუთაისის ავტოქარხანაში იყო მივლენილი, მისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა უნდა აღმოეჩინათ.
შ.ლ. – ქარხანაში მივლენილ ახალგაზრდა მწერალს რა მისია ეკისრებოდა?
დ.ი – ქუთაისის ავტოქარხნის დათვალიერების შემდეგ, ოტიას საბჭოთა წყობა უნდა ედიდებინა… უნდა ეთქვა, რომ საბჭოთა მანქანაზე კარგი, დედამიწაზე არ დადიოდა და ამ საოცარ მანქანას, საბჭოთა მშრომელები ქმნიდნენ…
შ.ლ. – ოტია იოსელიანის შემოქმედებაში საბჭოთა ეპოქის ქება-დიდება, ვერ და არ იკითხება…
დ.ი. – 1970 წლამდე, ოტიას პოპულარობა მიდიოდა აღმა და აღმა. მერე ისინი მიხვდნენ, რომ მამაჩემისგან მეხოტბე არ გამოვიდოდა და თავი დაანებეს.
შ.ლ. – 1970 წლის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდა?
ერთ მომენტს გავიხსენებ, როდესაც ოტიას სახელზე ალექსანდრე სოლჟენიცინის წერილი მოვიდა. მოგეხსენებათ ეს რუსი მწერალი საბჭოთა დისიდენტი იყო და მაშინდელი ხელისუფლების განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდა. რა ეწერა წერილში, ჩემთვის უცნობია, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ საბჭოთა უშიშროებას არაფერი გამოეპარებოდა… ამ სახლში რაც არის, ყველაფერი ზეპირად ვიცი, მაგრამ ეს წერილი აღარ არსებობს, გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა…
შ.ლ. – რა დასანანია… საინტერესოა რას წერდა საბჭოთა დისიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ქართველ მწერალს…
დ.ი. – ამას ვერ გეტყვით, მაგრამ საბჭოთა მწერლები რას წერდნენ მასზე… ეს ძალიან კარგად ვიცი და თქვენც მოგახსენებთ, ძალიან ცოტამ თუ იცის ამ ფაქტის შესახებ…
საბჭოთა მწერლები სოლჟენიცინის ქვეყნიდან გაძევებას კატეგორიულად მოითხოვდნენ. 25 მწერალი აწერდა ხელს, ყველა მათგანი მაშინდელი მწერლობის ელიტარულ წარმომადგენლად ითვლებოდა…
შ.ლ. – ოცდახუთ „გამორჩეულ“ მწერალს შორის… ჩვენი თანამემამულეც იყო?
დ.ი. – იყო… მაგრამ ვინაობას არ გაგიმხელთ, ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი საქციელი… ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ საბჭოთა მწერალთა მოთხოვნას სათავეში მიხეილ შოლოხოვი ედგა.
შ.ლ. – ყველაფერი გასაგებია… ფაქტია, რომ კომუნისტებს მეამბოხე სულის ადამიანები არ უყვარდათ… თუმცა, ერთი რამ მაინც მინდა აღვნიშნო, ის რაც სხვას არ ეპატიებოდა, ოტია იოსელიანის შემთხვევაში, სულ სხვაგვარად იყო…
დ.ი. – ოტია არასოდეს არავის კაცი არ ყოფილა. არცერთი ხელისუფალის! სხვათა შორის არც მათი, ვინც ახლაა ხელისუფლებაში. ოტია იოსელიანის ერთი ქუჩა არ არსებობს… ერთადერთი ქუჩაა წყალტუბოში და უნდა ნახოთ რას ჰგავს. წყალტუბოში ოტიას ძეგლიც დადგეს, მაგრამ წარწერა, რომ მოხსნათ, ვერაფრით ვერ ამოიცნობთ ვინაა გამოსახული.
შ.ლ. – ჩვენს ინტერვიუში წიგნისა და წიგნიერების თემას მინდა შევეხო. ბატონ ოტიას მისი სიცოცხლის ბოლო წლებში ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი:
„წიგნი უზენაესია. ესენი ანადგურებენ წიგნს. პრეზიდენტი ეუბნება რამდენიმე ათას პირველკლასელს: „ჩვენ გვჭირდება ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ახალგაზრდობაო. ჩვენ გვჭირდება სტუდენტობა ინტერნეტზე მიერთებულიო. ვერ ამოვხსენი ვერაფრით, ვინ გვიშვრება ამას და რატომ. ვერც ის გავიგე, რად გვჭირს ეს უშველებელი…“
წიგნის როლის შესახებ მინდა გკითხოთ, რა მნიშვნელობა აქვს წიგნს?
დ.ი. – საუკეთესო შეკითხვაა. მთელი სულითა და გულით მინდოდა, ეს კითხვა ვინმეს დაესვა?
კი ბატონო, კომპიუტერის გამოყენება სასიკეთოდ შეიძლება, მაგრამ უვიცს რომ ამ ტექნოლოგიას დაუდგამ, ის გართობისკენ და თამაშისკენ წავა, თუ სწავლისკენ?
შ.ლ. – ბატონო დაჩი, ასე მწვავე პრობლემით აღიქვამთ დღევანდელ თანამედროვეობას? ხომ არიან ადამიანები, რომლებიც გულმოდგინედ, ღრმა ცოდნით ემსახურებიან ქვეყანასაც და თავიანთ ოჯახსაც. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც თარგმნიან ლიტერატურულ ნაწარმოებებს ინგლისურიდან-ქართულად, იტალიურიდან, გერმანულიდან, რუსულიდან და ა.შ. ძალიან პესიმისტური ხომ არ არის თქვენი შეფასება?
დ.ი. – ვიღაც ყოველთვის არის, მაგრამ ფონს ეს ვერ ქმნის… ამასწინათ, მობილური ტელეფონი გაუფუჭდა ჩემს რძალს, წყალტუბოში ხელოსანი ვერ ვიპოვეთ და ბოლოს მე გავუკეთე. ხომ შეიძლება, ადამიანმა წიგნიც იკითხოს და თან სხვა საქმითაც დაკავდეს. წიგნის ხელში აღება არ უნდა არავის…
შ.ლ. – მოდი, ჩამოვთვლი რამდენიმე ვარიანტს და პასუხი თქვენ ამოირჩიეთ. წიგნი კითხვის დეფიციტი რით არის განპირობებული?: სიზარმაცით, დროის უქონლობით, საკითხის არასიღრმისეული მიდგომით, თუ…
დ.ი. – სწავლის სურვილის უქონლობით, მორჩა და გათავდა! სწავლის სურვილი თუ აქვს ადამიანს, მაგის ერთადერთი წყარო არის და იქნება წიგნი! ამის მერე, თუ მას კომპიუტერს „გამოაბამ“, ის მას, მხოლოდ მიემატება, მაგრამ მთავარია – წიგნი!
ბავშვს, რომელსაც პირველივე კლასიდან კომპიუტერს დაუდგამ, ის ბავშვი თამაშის გარდა არაფერზე იფიქრებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამონაკლისებზე საუბარი არაა…
კომპიუტერი კი არა, ხალხმა მიწა უნდა დაამუშაოს. აი, ბატონო, რას მიგავს ხელები? ადამიანი, როდესაც მიწას დაამუშავებს, სოფელიც ძლიერი იქნება და ქალაქიც! ილიას მთელი სტატიები აქვს დაწერილი სოფლის მეურნეობაზე…
შ.ლ. – აი, ამ კრიტიკულ ფონზე ძალიან მაინტერესებს, როგორ დაახასიათებთ საკუთარ შვილს, უმცროს ოტია იოსელიანს… ინტერვიუს დასაწყისში მახსოვს, აღნიშნეთ, რომ უფროსი ოტიასგან, შვილები არასოდეს იყავით განებივრებულები…
დ.ი. – რასაც ახლა ვიტყვი, ძალიან არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ფაქტი – ჯიუტია! ოტია თბილისში გაზრდილია, ეს არის სუფთა თბილისური მოვლენა, რომელსაც სოფელთან არაფერი აკავშირებს. ადამიანს, თუ ცოდნის მიღება სურს, ეს სოფელში უნდა მოხდეს.
შ.ლ. – გაბრაზებულზე მეტად, გულდაწყვეტილი ჩანხართ. ვფიქრობ, ამის საფუძველი არ გაქვთ. ოტიასა და მისი ლამაზი ოჯახის შესახებ, ბევრი კარგი სიტყვა მსმენია…
დ.ი. – აკაკი წერეთელი სოფელში რომ მიაბარეს, ამიტომაც იყო აკაკი წერეთელი… ქართველისთვის, სოფლის ცხოვრებისეული სკოლის გავლა აუცილებელია. ოტიას ეს არა აქვს გავლილი, რაც მისი უდიდესი მინუსია.
შ.ლ. – მხოლოდ ოტიას მინუსით ვერ დავასრულებ ინტერვიუს, ასე არ გამოვა, პლიუსზეც უნდა მესაუბროთ.
დ.ი. – მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, აქ… 2011 წელს ჩამოვედი. ერთ მშვენიერ დღესაც ჩემმა შვილმა გამოაცხადა, რომ ჩამოსვლა მასაც სურდა… ვიფიქრე, ეს ერთჯერადად ნათქვამი სიტყვა იყო. ჩამოვიდა – არ გაიქცა… მერე, მარანის გაკეთების სურვილი გამოთქვა… გავიდა დრო და… ლუდის მოდუღებაც მოისურვა…
შ.ლ. – აი, პლიუსებიც დავაფიქსირეთ, ეს უკვე კარგია!
დ.ი. – კარგს მაინც არ ვამბობ, მაგრამ ცუდსაც არ ვამბობ.
შ.ლ. – სიმკაცრეს ინარჩუნებთ, მამათქვენის შვილი ხართ…
დ.ი . – გადაღმა რომ გადავა, სახლს რომ მოაგნებს არ ვარ დარწმუნებული. მერე ცოლი მოიყვანა იმისთანა… კიდევ „უარესი“! გადავლენ გადაღმა და დაიკარგებიან ხოლმე, სად ვეძებო არ ვიცი…
შ.ლ. – რა დასანანია, რომ მკითხველი, ახლა ვერ ხედავს თქვენს ღიმილნარევ სახეს, მეც გადამედო… ინტერვიუს ამ ნაწილში, ამ წუთებში „მინისპექტაკლს“ ვესწრები, რომელსაც უსაზღვროდ დადებითი ემოცია მოაქვს, თან… ხომ ვიცი, რა კეთილი გულით საუბრობთ…
დ.ი. – მაქვს ხანდახან ძალიან სერიოზული შიში, რომ სახლს შეიძლება ვერ მოაგნონ. სახლის მოგნებას დიდი ცოდნა უნდა.
ახლა, განზოგადებულად ვიტყვი. ზოგიერთისთვის სახლი ის ადგილია, სადაც კარგად გრძნობს თავს… ეს კატეგორია არის არა გონებით, არამედ კუჭით მოაზროვნე ხალხი. ამასწინათ ვიდეო ვნახე, თხა გადიოდა თოკზე…
თუ იცით, როგორ მოათვინიერეს ასე? იმიტომ რომ კარგად აჭმევენ. აი, თხა, რომ თხაა და ცხოველი, ცხოველია, მას დანაყრების გრძნობა აქვს. თქვენ გინახავთ გამძღარი ადამიანი? დღეს რომ ერთი მილიარდი იშოვა, ხვალ ორი უნდა… ორი იშოვა? სამი უნდა!
იოანე ბაგრატიონის მიერ აღწერილ სიხარბის დონეებს გავეცანი. თუ იცით რომელია ყველაზე მაღალი დონე? როცა შენ იხვეჭ და ხედავ, რომ ამით სხვები იტანჯებიან…
კუჭმა თუ გონებას სძლია, მორჩენილი ამბავია… ისტორიულ მონაცემებს გავეცანი და გაოგნებული დავრჩი. საქართველოდან, 4-დან, 12 000-მდე ბავშვი იყიდებოდა სტამბოლის ბაზარზე. ხომ „მშვენიერია?…“ სამწუხაროდ ესაა ადამიანის ბუნება…
შ.ლ. – დღევანდელი ინტერვიუს ბოლო კითხვა. რაღაცნაირად ისე წარიმართა საუბარი, რომ ეს ემოცია ინტერვიუს დასაწყისში ვერ გამოვხატე, მაგრამ ამის გარეშე ჩვენს საუბარს ვერ დავასრულებ. ბავშვი ვიყავი, 4-5 წლის, როდესაც პირველად დავინახე წიგნი – „დაჩის ზღაპრები“. მაშინ არც ამ წიგნის მწერალი ვიცოდი ვინ იყო და არც დაჩი, თუმცა… ქვეცნობიერად სულ მაინტერესებდა, ვინ იყო დაჩი და როგორ გამოიყურებოდა?… დიდი დრო გავიდა და აი, შეგხვდით კიდეც. ორივე დიდი „ბიჭი“ ვართ…
პირადად თქვენ როდის აღმოაჩინეთ მამა, როგორც მწერალი?..
დ.ი.- რთული შეკითხვაა… ამაზე არასდროს მიფიქრია და პასუხის გაცემა ძალიან მიჭირს… ოტიას მწერლობა რომ აღმოვაჩინე?.. სიმართლე გითხრათ, არც ახლა ვარ დარწმუნებული… დამაფიქრეთ… შევეცდები მეხსიერებაში აღვიდგინო ჩემი წარსული.
ოტიას, როგორც მწერლის აღმოჩენა, ალბათ, სკოლას რომ ვამთავრებდი, მაშინ მოხდა. მაშინ ვიგრძენი, რომ ეს მთლად ჩვეულებრივი კაცი არ იყო. სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდში რასაც ოტიას შემოქმედებიდან ვკითხულობდი, დღეს სხვანაირად ვკითხულობ. ბევრი რამ სხვანაირად შევაფასე და გადავაფასე. ბოლომდე მისი აღქმა ამ წუთსაც არ არის დასრულებული და ეს პროცესი გრძელდება. ძალიან მაინტერესებს კიდევ მის შემოქმედებაში რა აღმოჩენებს გავაკეთებ, ძალიან მაინტერესებს…
სხვათა შორის 90-იანი წლების ბოლოს ოტიამ თავისი ლექსები გამოამზეურა, რომელიც ჩვენ არ ვიცოდით. არაფერს არ ჰგავს, არცერთ პოეზიას და შემიძლია ვთქვა, მამაჩემის სახით, ძალიან საინტერესო პოეტი აღმოვაჩინე.
შ.ლ. – ბატონო დაჩი, თქვენთან ინტერვიუს აქ დავასრულებ და აქვე, ჩემს გულახდილ ფიქრსაც გაგანდობთ. რა უცნაურია ეს ცხოვრებარა… ოტია იოსელიანი, რომელიც თბილისის სამხატვრო აკადემიის მისაღებ გამოცდებზე ქართულ ლიტერატურაში ჩაიჭრა… დავიდა დრო და ჩვენი საზოგადოებისთვის უსაყვარლესი მწერალი გახდა. პარადოქსებით სავსეა ეს ცხოვრება.
რამდენიმე წუთის წინ, ჩვენ ერთგვარ აღმოჩენაზე გავამახვილეთ ყურადღება და მოდი, ამ ნოტაზე დავასრულოთ დღევანდელი ინტერვიუ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულახდილი საუბრისთვის. იმედს გამოვთქვამ, მე და თქვენ, ჩვენს მკითხველებთან ერთად… სასიამოვნო აღმოჩენების მომსწრენი კიდევ არაერთხელ ვიქნებით.
დ.ი. – მადლობა, თქვენ. სასიამოვნო იყო თქვენთან ინტერვიუ.
სპეციალურად “კვირასთვის” მოამზადა შალვა ლონდარიძემ. სარედაქციო თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.