Yle: რუსეთი ფინეთის საზღვართან სამხედრო ბაზებს აშენებს (ფოტო, ვიდეო)

უმსხვილესმა ფინურმა სატელევიზიო და რადიო კომპანია Yle-მ გამოაქვეყნა სატელიტური სურათები, სადაც ნაჩვენებია, რომ ალაკურტის გარნიზონის ტერიტორიაზე და პეტროზავოდსკის სამხედრო საწყობში ტექნიკის მომსახურებისა და შენახვის დიდი ანგარი აშენდა.

Yle-ს ცნობით, ეს პირველი ნიშნებია იმის, რომ რუსეთი, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ფინეთის საზღვართან სამხედრო ბაზების მოწყობა ისევ დაიწყო.

თუმცა, როგორც რუსეთის საკითხებში ექსპერტი, მაიორი მარკო ეკლუნდი მიიჩნევს, სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ფინეთის საზღვარზე ჯარების რაოდენობას ზრდის.

„ამჟამად პეტროზავოდსკში სამხედრო საწყობის პრიორიტეტული ამოცანაა, ალბათ, უკრაინის ფრონტზე აღჭურვილობის გადახალისება და მიწოდებაა. ვვარაუდობ, რომ ანგარი, რომელიც იქ აშენდა, არის სარემონტო. ანუ ეს არის გადახურული შენობა შემოდგომა-ზამთრის ცივ ამინდისთვის, რომ ტექნიკის მომსახურება იყოს შესაძლებელი“, – მიიჩნევს ექსპერტი.

ამ მოსაზრებას ეთანხმება კიდევ ერთი სამხედრო ექსპერტი ილმარი კაიჰკო. მისი თქმით, „რუსეთს არაფერი აქვს ფინეთის საზღვარზე გასანთავსებელი. პირიქით, იქიდან აღჭურვილობა სხვა ადგილებშია განლაგებული და უკრაინა ნომერ პირველი სამიზნეა“.

მისი აზრით, რუსეთს არ ჰყავს საჭირო ხალხი და აღჭურვილობა სერგეი შოიგუს გეგმების განსახორციელებლად, რათა გააძლიეროს ჯარები ფინეთთან საზღვარზე, სანამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები