“საფრთხის შემცველი ზონიდან გამოყვანილია 50-მდე მაცხოვრებელი, მობილიზებულია 200 მეხანძრე-მაშველი, ასევე, პოლიციის დანაყოფები, მუნიციპალური სამსახურები, მძიმე ტექნიკა” – თემურ მღებრიშვილი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა მედიასთან გურიაში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„როგორც იცით, გურიაში უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარეები, უხვმა ნალექმა გამოიწვია მეწყრული პროცესების განვითარება, რითაც ჩაიხერგა რამდენიმე ათეული სოფლის მისასვლელი გზები. ასევე, სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი. ერთ-ერთ სოფელში ნგრევის შედეგად სახლში მოჰყვა მოხუცი ქალბატონი, რომელიც ამოსვენებულია მეხანძრე-მაშველების მიერ. ასევე, მოზარდი ბავშვის ცხედარია ნაპოვნი ერთ-ერთ სოფელში, ისიც ამოსვენებულია.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ერთი მოზარდის ძებნა-შველის ღონისძიება და ასევე, მობილიზებულია, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200 მეხანძრე-მაშველი, ასევე, პოლიციის დანაყოფები, მუნიციპალური სამსახურები, ინფრასტრუქტურის მძიმე ტექნიკა, რომის საშუალებითაც მიმდინარეობს სოფლებზე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები.
დაახლოებით, 400-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა ამ დრომდე, ეს ზოგი იდენტური იყო, მიმდინარეობს ამ დრომდე თითოეული ზარის და მისამართის გადამოწმება. ძირითადად, ეს არის პირველი სართულების, ეზოს დატბორვები, სადაც მუშაობენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები ამოტუმბვით სამუშაოებით. გამოყვანილია, დაახლოებით, 50-მდე მაცხოვრებელი საფრთხის შემცველი ზონებიდან უსაფრთხო ადგილებზე, ამ დრომდე გრძელდება ღონისძიებები.
რვა საათზე ვგეგმავთ სხდომის ჩატარებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შენობაში, იქ შეჯამდება დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები, მიმდინარე პროცესები და ამის შემდეგ, ალბათ, გაკეთდება დამატებითი განცხადებები თუ რა, სად და როდის გაიხსნება.
ამ ეტაპზე გვაქვს გარკვეული შემოსული ზარები, სადაც საჭიროა ბოლომდე მისვლა, ითხოვენ გამოყვანასაც. ამის გამო მობილიზებული გვყავს მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, რომლის საშუალებითაც მოვახდენთ შესვლას იმ სოფლებში, რომელ სოფლებშიც ჯერჯერობით ჩამოწოლილი მეწყერის გამო ვერ მოხერხდა ბოლომდე მისვლა. დღის ბოლომდე ამ ყველაფერს ვფიქრობთ, რომ დავასრულებთ”, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.