„ხშირ შემთხვევაში ციხეებში პროვოკაციები გარედან, ოდიოზური პიროვნებების მხრიდან იმართება“

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პატიმართა ნაწილის მხრიდან ხელისუფლების მისამართით გამოხატულ უმადურობასა და უსამართლობაზე საუბრობს. როგორც პრემიერმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “პოლიტიკის დრო” საუბრისას განაცხადა, უპრეცედენტო ამნისტიის შედეგად, გასულ წელს ხელისუფლებამ 15 000-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლა.
“ვინც დარჩა საპატიმროებში, ამ ადამიანებმა სასჯელი უნდა მოიხადონ და მათ უნდა ახსოვდეთ ყველაზე მთავარი, რომ ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დამთავრდა და საბოლოოდ წერტილი დაესვა ადამიანების და პატიმრების არაადამიანურ მოპყრობას და წამებას.  არაადამიანური მოპყრობის და წამების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საპატიმროებში. თუ რაღაც გარკვეულ ცემას ან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი, ეს ფაქტი იყო დაუყოვნებლივ გამოძიებული. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, როგორც მინიმუმ, ეს არის ძალიან დიდი უმადურობა და უსამართლობა ამ პატიმრების მხრიდან გამოხატული ხელისუფლების მისამართით და ის ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ მსგავსი ტიპის პროვოკაციების მოწყობას საპატიმროებში, არიან ძალიან უსამართლო ადამიანები. ძალიან მსუბუქი შეფასებაა, ეს უსამართლობა არ არის მხოლოდ, ეს არის ძალიან ცუდი საქციელი და ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, გეგუთის ინციდენტთან დაკავშირებით, მას ჰქონდა საუბარი სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბართან და ასევე მოისმინა სახალხო დამცველის შეფასებები.
„ძალიან სამწუხაროა, რომ პატიმრები თვითდაზიანების მეთოდს მიმართავენ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, პროვოკაციები გარედან, ვიღაცის მხარდაჭერით იმართება, სხვადასხვა ინდივიდის, სხვადასხვა ოდიოზური პიროვნებების მიერ. ბუნებრივია, ეს უნდა იყოს გამოძიებული და ყველა ის პირი, რომელიც მსგავსი ტიპის ხელოვნურ პროვოკაციებს აწყობს, უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები