აფინანსებს თუ არა სახელმწიფო ბარიატრიულ ოპერაციას, ვის ადანაშაულებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში – ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

სოციალურ ქსელში ქირურგის, კობა სახეჩიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბარიატრიული ოპერაციები 2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

” ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის” მეტაბოლური და ბარიატრიული მიმართულების ხელმძღვანელმა, კობა სახეჩიძემ “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ბარიატრიული ოპერაციების დაფინანსება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში განახლდება. მოგვიანებით, მედიკოსმა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიში მოიხადა და განმარტებაც გააკეთა.

“მოგესალმებით ყველას!

ჩემ მიერ გაზიარებული ინფორმაცია, ბარიატრიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა არასწორი, ვინაიდან ჯანდაცვამ დააანონსა ახალი სტანდარტების დაწესება 1-ელი ოქტომბრიდან, რაც გულისხმობს კლინიკების და ექიმების სტანდარტებს, ვისაც უფლება ექნება პაციენტებს გაუწიოს ბარიატრიული მომსახურეობა.
ბოდიშს გიხდით არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის!
როდესაც დაფინანსება დაიწყება, აუცილებლად გაცნობებთ!”, – წერს სახეჩიძე.

საკითხის გასარკვევად “კვირა” ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო კი, აღნიშნულ საკითხს კონკურენციის ეროვნული სააგენტო შეისწავლის.

“სოციალურ ქსელში ცალკეული სამედიცინო დაწესებულების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბარიატრიული ოპერაციები 2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, არ შეესაბამება სიმართლეს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო, აღნიშნული ინფორმაცია, მოკვლევისათვის უკვე გადაეცა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ 2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შედის ცვლილებები ბარიატრიულ ოპერაციებთან დაკავშირებით. თუმცა, საუბარია ახალ სტანდარტებზე, რომლის მიხედვითაც მკაცრად არის განსაზღვრული მისი ჩატარების წესი, ასევე – რა სტანდარტებსა და მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო დაწესებულება, თუ ექიმი ბარიატრიული ოპერაციების ჩასატარებლად. აღნიშნული ცვლილებები არ ეხება დაფინანსების საკითხს და, შესაბამისად, რაიმე ახალი წესი, ამ მიმართულებით, არ ამოქმედდება”,- განმარტეს ჯანდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები