უკრაინელი პოლიტმიმომხილველი: ვფიქრობ, უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროპული ოჯახის კარი გაიღება

“ეს ომი კარგა ხანს გაგრძელდება – ადამიანური დანაკარგი რუსეთისთვის მხოლოდ სტატისტიკაა, ჩვენთვის კი ყოველი ადამიანის სიცოცხლე, უკრაინელი იქნება, ქართველი თუ სხვა, რომელიც საერთო ღირებულებებისთვის ჩვენთან ერთად იბრძვის, ტრაგედიაა”, – ამის შესახებ უკრაინელი პოლიტმიმომხილველი, ოლესია იახნო “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

რაც შეეხება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპული მომავალს, პოლიტმიმომხილველი ფიქრობს, რომ სამივე ქვეყნისთვის ევროპული ოჯახის კარი გაიღება.

“დავიწყებ F-16-ის თემით, რომელიც ასე პრობლემატური გახდა. შედეგიანი კონტრშეტევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი მოგვარდა, მაგრამ პირველ პარტიას მხოლოდ წლის ბოლოსთვის მივიღებთ, ამიტომაც უახლოეს ხანს მნიშვნელოვან გარდატეხას არ უნდა ველოდოთ. F-16-ების უკრაინულ საჰაერო სისტემაში სრულფასოვნად ინტეგრირებას დიდი დრო დასჭირდება. კონტრშეტევა იქნება ფრთხილი, მაგრამ პროგრესული. როდესაც დასავლეთში ამბობენ, რომ კონტრშეტევა ისეთი არ არის, როგორსაც თურმე ვიღაცები ელოდნენ, ეტყობა, არ იციან, რომ საჰაერო მხარდაჭერის გარეშე უკრაინა ექსპერიმენტების ჩატარებას ვერ დაიწყებს. თუმცა, საბედნიეროდ, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ესმის საჰაერო მოიერიშეების როლი არა მარტო შეტევითი ოპერაციებისთვის, ესმის ისიც, რომ უკრაინის სამხედრო ძლიერება უფრო გამყარდება და რუსეთი ვერ შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების ლეგალიზებას, ვერ შეძლებს ოკუპაციას გეოპოლიტიკური დანიშნულება მისცეს. თუმცა, ამასთანავე, საუბარია ხანგრძლივ ომზე, რომელიც რისკებს დასავლეთისთვისაც შეიცავ. ახლა ბევრი სვამს კითხვას – შეცვლიდა თუ არა ომის მსვლელობას F-16-ის უფრო დროული მოწოდება. დარწმუნებული ვარ, არც ერთი დასავლელი გენერალი არ გაუშვებდა თავის დანაყოფს საჰაერო მხარდაჭერის გარეშე მსგავს სამხედრო ოპერაციაზე, მით უფრო რუსეთისთანა მოწინააღმდეგესთან, რომელსაც ძლიერი არტილერია და ავიაგამანადგურებლები ჰყავს. ახლა კარგად გააცნობიერეს, რომ უკრაინული არმიისთვის საჰაერო ფარის უქონლობა დიდი პრობლემა იყო, განსაკუთრებით, კონტრშეტევის დროს. უამისოდ ჩვენი ქვეითი ძალები, რომელთაც ამდენი თვეა, რუსებისგან განსხვავებით, მოტივაცია არ დაუკარგავთ და წარმოუდგენლად მამაცურად იბრძვიან, რუსული რაკეტებისა და არტილერიისთვის პირდაპირ სამიზნედ იქცეოდნენ. კარგია, რომ დასავლეთში შეთანხმდნენ, საჰაერო მხარდაჭერის გარეშე კონტრიერიში ფერხდება. F-16-ის გადმოცემას მორალური მხარეც აქვს. რუსული პროპაგანდაც ვერ ფუთავს არმიაში არსებულ პრობლემებს, რომ ჯარი დემორალიზებული.

ეს ომი კარგა ხანს გაგრძელდება, რუსეთს საამისო პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო რესურსი ჯერ კიდევ აქვს. საბრძოლო მასალისა და სამხედრო აღჭურვილობის თითქმის ნახევარი გახარჯეს, ამუნიციაზე, საკვებსა და სხვა საჭიროებებზე კი დიდად არც არასდროს იწუხებდნენ თავს. ამას ხედავენ არმიაში და ამიტომაც მოტივაცია ძალიან დაბალია… უკრაინა ელოდა რუსეთისგან თავდასხმას და ემზადებოდა – ბოლო წლებში ნატოს სტანდარტებით გაწვრთნილი და აღჭურვილი არაერთი საბრძოლო ბრიგადა ჩამოყალიბდა, რაც ძალზე ეფექტური ძალაა. თუმცა მათი დიდი ნაწილი ჯერ ბრძოლაში არც ჩართულა, იმიტომ, რომ ზაფხულის განმავლობაში სუსტი წერტილის პოვნით იყვნენ დაკავებული და რუსების თავდაცვის ხაზის მოსინჯვას ცდილობდნენ… ასე რომ, ზამთრის დადგომამდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო ფართომასშტაბიანი კომბინირებული მანევრის წამოსაწყებად, რომელშიც სახმელეთო ძალებთან ერთად საზღვაო და საჰაერო კომპონენტიც იქნება ჩართული.

ადამიანური დანაკარგი რუსეთისთვის მხოლოდ სტატისტიკაა, ჩვენთვის კი ყოველი ადამიანის სიცოცხლე, უკრაინელი იქნება, ქართველი თუ სხვა, რომელიც საერთო ღირებულებებისთვის ჩვენთან ერთად იბრძვის, ტრაგედიაა. ამ თანადგომას ვერასდროს დავივიწყებთ, ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ უკრაინის მიწას. საბედნიეროდ, რუსეთი ვერც ხორცსაკეპი მანქანის ტაქტიკის ხარჯზე აღწევს წარმატებას – მთელ ბატალიონებს უშვებს მოწინააღმდეგის ცეცხლის პირისპირ. ჰგონიათ, რაც მეტი რუსი დაიხოცება, მოსახლეობას უკრაინაზე იერიშის მიტანის მეტი მოტივაცია ექნება – აი, ჩვენებს გვიკლავენ და როგორ არ ვეომოთო. სადღაც ამართლებს კიდეც ასეთი ტაქტიკა, არიან დედები, რომლებიც შვილებს ეუბნებიან, წადი, იომე და რუსეთის დიდებისთვის მოკვდიო. მოსახლეობის 80% პუტინს უჭერს მხარს, მასას მართლა სჯერა, რომ პუტინი უკრაინელი, ქართველი, ჩეჩენი ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძვის. გარშემო ყველა ცუდი და დასავლეთის მართულია, ის კი წმინდანია. ეს ჩაკირული აზროვნება ასე ადვილად ვერ მოისპობა… ამიტომ გვჭირდება უფრო ეფექტური სამხედრო მხარდაჭერა რუსების ბრძოლის ველზე გასანადგურებლად.

ბოლო ხანს დასავლეთის დახმარება გულუხვია, მაგრამ მოწოდების ტემპი ისევ პრობლემაა. ნაბიჯ-ნაბიჯ ვიღებთ დახმარებას: ჯერ შორი მანძილის რაკეტების მოსაპოვებლად ვიბრძოლეთ, შემდეგ საბრძოლო ტანკების. ახლა, როგორც იქნა, F-16 ავიაგამანადგურებლებს მოგვცემენ. სამმა ქვეყანამ, ნიდერლანდებმა, დანიამ და ნორვეგიამ, დაადასტურა მზადყოფნა უკრაინას მფრინავებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ მიაწოდოს F-16-ები. მაგრამ დროის გაწელვა, ბიუროკრატიული ფეხის ათრევა ძვირად გვიჯდება. რასაც ვითხოვდით, დროულად რომ მოეცათ, ძალიან მნიშვნელოვან დროს არ დავკარგავდით და ფრონტის ხაზზეც სხვა ვითარება გვექნებოდა, მეტი ადამიანის გადარჩენას შევძლებდით, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირების.

რაც შეეხება თქვენს კითხვას – “ევგენი პრიგოჟინის, უტკინისა და თანმხლებ პირთა დაღუპვის შესახებ რას ვფიქრობ, – ეტყობა, პუტინმა თავისი “მზარეული” ისევ აფრიკაში გაგზავნა, მაგრამ ერთი ვერსიით, პრიგოჟინს გარემოცვა და მხარდამჭერები ისევ რუსეთისკენ ექაჩებოდნენ, რაც მისი ძველი მეგობრისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა. სხვა ვერსიით, ის სულაც არ ყოფილა აფრიკაში, ჩვეულებრივი რუსული, უნიჭო, ყალბი დადგმა იყო, რომლითაც ის პუტინის გაცურებას ცდილობდა, მაგრამ კა-გე-ბეს კლანჭებს ვერ დაუსხლტა. ისიც ითქვა, რომ აფრიკიდან ნამდვილად გამოფრინდა მისი თვითმფრინავი, პუტინმა ჩამოიტყუა და… ვფიქრობ, ის მართლა მკვდარია. თუმცა არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ მისი კუთვნილი საფრენი აპარატი რაკეტით ჩამოაგდეს, დიდი ალბათობით, ასაფეთქებელი შიგნით იყო დამონტაჟებული. ითქვა, რომ ორი თვითმფრინავი მიფრინავდა: ერთში იჯდა პრიგოჟინი. ერთი აფეთქდა, მეორე კი მოსკოვში, რომელიღაც უწყებაში დაჯდა. კა-გე-ბეს სცენარებს ვინ ამოხსნის. შემთხვევის ადგილას იპოვეს მისი პირადი ტელეფონი, სხვა დეტალებიც მიანიშნებს, რომ თვითმფრინავში ნამდვილად ის და მისი გარემოცვა იყვნენ. ეს რუსების ხელწერაა…

რუსეთში დარჩენილი “ვაგნერელების” ბედი უკვე ცნობილია, მათ თანდათან და უხმაუროდ გაანეიტრალებენ. ამის დასტურია ის, რომ ნიკოლაევსკში, სადაც აპრილში დიდი პატივით კრძალავდნენ “ვაგნერელებს”, პრიგოჟინი იქიდან ჩართვას აკეთებდა და მათ “გმირობაზე” საუბრობდა, ახლა ჯვრები მოუხსნიათ და სასაფლაო გაქრა… რაც შეეხება ბელარუსში გადასულებს, არ არის გამორიცხული, “ვაგნერს” კომპენსაციისთვის ბელარუსის მხრიდან დესტრუქციული პროცესების მოწყობა შესთავაზონ. არავინ იცის, ლუკაშენკო-პუტინის ავადმყოფურ გონებაში რა მოიხარშება. უკვე არსებობს 2021 წლის ზაფხულის პრეცედენტი, როდესაც რუსეთმა ბელარუსის დახმარებით ე.წ. ლტოლვილი ტურისტებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნით ხელოვნური მიგრაციული კრიზისი შექმნა. ახლა ჰიბრიდული ქმედებები და პროვოკაციები “ვაგნერის” გამოყენებით უფრო შესაძლებელია. დასავლეთმა ეს უნდა გაიგოს.

რაც შეეხება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მომავალს, ვფიქრობ, სამივე ქვეყნისთვის ევროპული ოჯახის კარი გაიღება. ეს ომი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს ეხება და რუსეთის დამარცხებაზე ბევრი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ბედია დამოკიდებული. უკრაინის გამარჯვება მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის მნიშვნელობას დაანახვებს. ეს კი ნიშნავს, რომ სხვა კონფლიქტებს, რომლებიც რუსეთის პროვოცირებულია, წერტილი დაესმება. თუმცა მანამდე ბევრი შიდა სამუშაოა. მაგალითად, უკრაინამ სისტემური რეფორმები უნდა გაატაროს. საქართველოსა და მოლდოვაში რუსეთის ჰიბრიდული მოქმედების კვალი ჩანს – აგრესორი იქ თავისი კაპიტალის დაბანდებას ცდილობს. მსგავსი საფრთხისგან თავის დაცვას მხოლოდ ძლიერი, საიმედო პარტნიორებით გარშემორტყმული სახელმწიფოები შეძლებენ”, – განაცხადა რესპონდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები