ვახტანგ ძაბირაძე: პატარა ოპოზიციურ პარტიებს ქარიზმატული ლიდერები არ ჰყავთ

“პატარა ოპოზიციურ პარტიებს ქარიზმატული ლიდერები არ ჰყავთ. მათ შორის ლიდერი ბევრია, მაგრამ ყველა ყავლგასულია. შესაბამისად, ამ ფლანგზე ახალი ლიდერია საჭირო. “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” ლიდერებსაც გაუვიდათ ყავლი, მაგრამ გარკვეულწილად მაინც შენარჩუნებული აქვთ წონა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

რაც შეეხება ახალ ლიდერს ოპოზიციაში, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პატარა პარტიები ჯერ უნდა გამსხვილდნენ და მერე ახალი ლიდერი უნდა შექმნან.

“შოვში დატრიალებული ტრაგედია მაშინვე გახდა პოლიტიზებული. ასეთი სტიქიური უბედურება პირველი არ არის, მანამდე იყო დევდორაკი, სულ ცოტა ხნის წინ ყაზბეგშიც ჩამოწვა მეწყერი. ზოგან იყო მსხვერპლი, ზოგან არა… საზოგადოდ, მსოფლიოში იმატა სტიქიურმა უბედურებებმა – ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან შეიძლება მსგავსი სტიქიები უფრო გახშირდეს. შესაბამისად, შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და გლობალურად დაწყებულ გამოწვევას თუ ისე მივუდგებით, როგორც ცივილიზებულ, საღად მოაზროვნე, სერიოზულ ადამიანებს შეეფერებათ, საგამოძიებო კომისია ყოველგვარი კამათის გარეშე უნდა შევქმნათ, ოღონდ კომისიის შექმნის მიზანი კონკრეტული პირების გულგრილობაში დადანაშაულება ან ხელისუფლების პირის მოწმენდა კი არა, მსგავსი ტრაგედიების პრევენცია უნდა იყოს. ეს პრობლემა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის, მათ წინამორბედებსაც მიუძღვით ბრალი – გეოლოგიური და სხვა მონათესავე სამსახურები სწორედ “ნაციონალებმა” გააუქმეს.

ხალხს დღეს არც “ნაცების” სჯერა და არც “ოცნების”, შესაბამისად, კომისიის შექმნა იმითაც არის მართებული, რომ მასში ორივე მხარე იქნება წარმოდგენილი და მუშაობის საბოლოო შედეგი, დასკვნა უფრო სარწმუნო გახდება. სამწუხაროდ, სტიქიური უბედურებისგან დაზღვეული ვერც მომავალში ვიქნებით, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ დღეს სწორად ვერ შევაფასებთ ტრაგედიას, მსხვერპლს ვერც ხვალ ავირიდებთ თავიდან. სტიქიას ჩვენ ვერ შევაჩერებთ, უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე უნდა ვიმუშაოთ. თუ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი აუცილებლად იტყვიან, რომ ხელისუფლება რაღაცას მალავს. თქვენ ხომ იცნობთ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, საზოგადოების 70%-ც არ ენდობა პოლიტიკოსებს. ამიტომ არის საჭირო კომისიის შექმნა, თორემ ნორმალური ხელისუფლება და ოპოზიცია რომ გვყავდეს, სიტყვაზეც ვენდობოდით.

დღეს რომ ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები არა გვაქვს, ეს მხოლოდ “ქართული ოცნების” კი არა, ყველას, მათ შორის შევარდნაძის ხელისუფლების ბრალიცაა. დეტროლოგიური სამსახური სწორედ შევარდნაძემ გააუქმა. ვაკეში იყო გეოლოგიის სამსახურის შენობა და ვიღაც ბობოლა “ნაციონალმა” იყიდა. როდესაც ვამბობ, რომ ოპოზიცია უფრო უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, იმას ვგულისხმობ, რომ ხელისუფლებაზე კიდევ მეტი ეჭვი გაჩნდება, თორემ საბოლოოდ პოლიტიკურ დივიდენდებს ამ ტრაგედიით ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მიიღებს. “ნაციონალებისა” და “ოცნების” მხარდამჭერები ისევ თავიანთ აზრზე დარჩებიან, ხალხი კი ისევ იტყვის, რომ არც ერთი მხარე არ ლაპარაკობს და მოქმედებს სწორად. ოპოზიცია ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას. თუ ოპოზიციონერმა ლიდერებმა არაფერი შეცვალეს, ხელისუფლება უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჯერ ჩვენ ისიც არ ვიცით, როგორ დასრულდება “ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილება. მელიას საკითხი შემოდგომაზე უნდა გადაწყდეს ან პარტიის გაყოფით, ან ახალი შიდაპარტიული არჩევნებით. მნიშვნელოვანია, რომ წვრილმა პოლიტიკურმა პარტიებმა გამსხვილება დაიწყონ. ვფიქრობ, ოპოზიციურ ველზე ახალი მოთამაშეებიც გამოჩნდებიან. ბევრი რამ დამოკიდებულია “ქართულ ოცნებაზე”. მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო ორპოლუსიანი დარჩეს – თავად და “ნაციონალური მოძრაობა”. შეიძლება მმართველმა გუნდმა იმაზე კი არ იმუშაოს, რომ თავად მიიღოს ბევრი ხმა, არამედ იმაზე, რომ ხმები დაიფანტოს. ამიტომ უნდა გამსხვილდნენ პატარა პარტიები, ოღონდ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კი არ უნდა გაერთიანდნენ, ეს მათთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.

უნდა ითქვას ისიც, რომ პარტიების გამსხვილება რთული შესასრულებელია, თანაც ეს მაინც არ იქნება საკმარისი. პატარა ოპოზიციურ პარტიებს ქარიზმატული ლიდერები არა ჰყავთ. მათ შორის ლიდერი ბევრია, მაგრამ ყველა ყავლგასულია! შესაბამისად, ამ ფლანგზე ახალი ლიდერია საჭირო. “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” ლიდერებსაც გაუვიდათ ყავლი, მაგრამ გარკვეულწილად მაინც შენარჩუნებული აქვთ წონა. რაც შეეხება ახალ ლიდერს ოპოზიციაში, პატარა პარტიები ჯერ უნდა გამსხვილდნენ და მერე ახალი ლიდერი უნდა შექმნან. როგორ? ოპოზიცია ხშირად ლაპარაკობს დასავლურ გამოცდილებაზე და უნდა იცოდნენ, რომ ამერიკაში ერთწლიანი საარჩევნო მარათონი ახალი ლიდერის ჩამოსაყალიბებლად, აღმოსაჩენად იმართება. ასე ხდება სხვა დასავლურ საპარლამენტო სახელმწიფოებშიც. ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს ოპოზიციამ, 2020 წლის არჩევნებში მონაწილე ლიდერებმა კი კულისებში უნდა გადაინაცვლონ. თუ მხოლოდ თავის მართლება არ არის მათი მიზანი და რეალურად სურთ პოლიტიკური ცვლილებები, ასე უნდა მოიქცნენ. პარტიების გამსხვილებასა და ახალი ლიდერის შექმნას მესამე ნაწილიც მოჰყვება – ახალი პროგრამის შემუშავება. ოპოზიცია დღემდე “ქართული ოცნების” მთავარ პრობლემად პრორუსულობას ასახელებს. შოვის ტრაგედიის შემდეგაც კი გაიძახის, “ქართული ოცნება” პრორუსიაო. ნუთუ მეტი არაფერი გვაქვს ხელისუფლებასთან საკამათო?! ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულება ოპოზიციის სასარგებლოდ არსებითად არაფერს შეცვლის. საქართველოში რუსეთის მიმართ პროტესტი სულ იყო და მომავალშიც იქნება. სხვათა შორის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ჩვენს საზოგადოებაში ცოტა უჩვეულო ტენდენცია შეინიშნებოდა – სოციოლოგიური სამსახურების კვლევებში ჩანდა, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მსურველთა რიცხვი მცირედით, მაგრამ მაინც იზრდებოდა. ამასთან, პოლიტიკურ ველზეც იყო განცდა, რომ პრორუსული პარტია რაღაც რაოდენობის ხმებს მაინც აიღებდა. თუმცა ეს არჩევნებზე გავლენას ვერ მოახდენდა. სწორედ ამას ცდილობდა ნინო ბურჯანაძე თავის დროზე, მაგრამ საბოლოოდ სასურველი შედეგი ვერ მიიღო. არჩევნებზე სხვა ფაქტორები მუშაობს. გასაგებია, რომ ახლა სიტუაცია გამწვავებულია, მაგრამ რუსეთის თემა არჩევნებზე გავლენას მაინც ვერ მოახდენს, მით უფრო, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, თავად კი პროდასავლურობას იბრალებს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს პოლიტიკური გუნდი ოდესმე პროდასავლური იყო, მით უმეტეს, ახლა. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, მათაც უნდა ახსნან, რას ნიშნავს მათი ხედვით პროდასავლურობა და რა სიკეთეს მოუტანს მათი პროდასავლური კურსი ქართველ ხალხს. ყველამ ვიცით, რომ ხვალ-ზეგ ევროკავშირში ვერ შევალთ. ამიტომ მე მაინტერესებს, რას გააკეთებს ესა თუ ის ოპოზიციური ძალა იმაზე უკეთესად, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს! ანუ პროგრამაზე ვლაპარაკობ. აი, თუ ამ სამი კომპონენტის მოგვარებას მოახერხებენ პატარა პარტიები, 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ. სხვა გამოსავალი არ არის, თეორიულადაც კი.

დღეს ისეთი სექტორიც კი არ ჩანს, საიდანაც მოსული ლიდერი ისეთივე ქარიზმის მატარებელი იყოს, როგორიც თავის დროზე ზვიად გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი ან ივანიშვილი იყვნენ. ყველაფერი ვცადეთ უკვე – ეროვნული მოძრაობიდან მოსულიც, პოლიტიკური გამოცდილების მქონეც, დასავლეთში განათლება მიღებულიც და უდიდესი ფინანსური შესაძლებლობების მქონე პირიც. არც ერთმა არ გაამართლა. ერთადერთი მხოლოდ რელიგიის სექტორი დარჩა, მაგრამ იქაც პრობლემებია. ამიტომ დღეს ახალი ლიდერი ისეთი ტექნიკით უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც დასავლეთის ქვეყნებშია მიღებული. წვრილმა პარტიებმა ამომრჩეველი უნდა დაარწმუნოს, რომ “ნაციონალებისგან” განსხვავებულნი, სხვები არიან. “ქართულმა ოცნებამ” თავის დროზე კარგად იმუშავა და შეძლო ამ პატარა პარტიების “ნაციონალური მოძრაობისთვის” მიწებება. ამის შემდეგ მათ ამომრჩეველი იმაშიც უნდა დაარწმუნონ, რომ ხელისუფლების შეცვლა ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნას არ გამოიწვევს. რაც შეეხება პროგრამას, არსებობს მრავალი სხვადასხვა რამ, რაც ნამდვილად აწუხებს საზოგადოებას და იმუშავებს კიდეც. მაგალითად, ასეთია დემოგრაფიული საკითხი – დაიცალა ქვეყანა შრომისუნარიანი ახალგაზრდებისგან, მუშახელი აღარ იძებნება თბილისში, არც რეგიონებში. ეკონომიკური ბაზარი მთლიანად მონოპოლიზებულია. ამ თემებს წინ წამოწევა და ალტერნატივის შეთავაზება უნდა, ოღონდ ალტერნატივა რეალური უნდა იყოს, ამომრჩეველი ადვილად აღარ მოტყუვდება. დღეს პოლიტიკაში მყოფი ბიზნესმენები რომ ლაპარაკობენ სამუშაო ადგილების შექმნაზე, ხალხს არ სჯერა. ბიძინა ივანიშვილს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ენდობოდა, იმიტომ, რომ ამ კაცმა სამ მილიარდ-ნახევარი ჩადო საკუთარი მითოლოგიზაციის საქმეში, ჩვენ რომ ქველმოქმედება გვეგონა. შესაბამისად, ახლა ბიზნესმენების დაპირებები ამ არჩევნებზე აღარ იმუშავებს. მე, მაგალითად, პროტესტის განცდა გამიჩნდა, როდესაც “ოცნებამ” ათწლიანი მმართველობის შემდეგ აღმოაჩინა, რომ თურქეთში გაცილებით იაფია წამლები, ვიდრე საქართველოში. სად იყო ოპოზიცია?! ბევრი ასეთი თემაა, რომლითაც ხალხის მხარდაჭერის მოპოვებაა შესაძლებელი. სოციალურ, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნამდვილად არის შესაძლებელი ისეთი პროგრამის შედგენა, რომელიც ხალხს დააინტერესებს”, – განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები