გია ხუხაშვილი: შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო გამოძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო გამოძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

როგორც ხუხაშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს, კომისიის მუშაობის დაწყებიდან 1 ან 2 კვირა პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან, უნდა გაიმართოს საჯარო განხილვა, სხდომები ონლაინ უნდა გადაიცემოდეს და საზოგადოებამ უპირველესად ექსპერტებსა და სპეციალისტებს უნდა მოუსმინოს.

“მომხდარზე ჭეშმარიტების დასადგენად სწორად წარმართულ გამოძიებას სახელმწიფოებრივი გაგებით აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა, თუნდაც იმისთვის, რომ ჭირისუფლებს სამართლიანობის განცდა გაუჩნდეთ და მცირედით მაინც შეუმსუბუქდეთ ტკივილი. თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ყველაფერში წელგამართულია, წესით, უნდა დათანხმდეს ნებისმიერი ფორმატის გამოძიებას. რატომ უნდა იყოს ამის წინააღმდეგი, არ მესმის, მით უფრო, რომ ამ ყველაფერს ახლავს ისეთი უცნაურობები, რაც კითხვებს კი არ ხსნის, არამედ უფრო ამძაფრებს. საქართველოში, სამწუხაროდ, ინსტიტუციური ბალანსი არ არსებობს… დარწმუნებული ვარ, ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც აქვს შანსი იმისა, რომ ალტერნატიული მოსაზრებების ბაზაზე პროფესიული განხილვით შედარებით სწორი დასკვნები გაკეთდეს, შედეგად კი კონსენსუსი გამოძებნოს საზოგადოებამ, არის საპარლამენტო კომისია. ეს არის შანსი, რომ უნდობლობის უფსკრული, რაც დღითი დღე იზრდება და ამ ტრაგედიამ, ფაქტობრივად, გადაულახავად აქცია, რაღაცნაირად გადაილახოს.

როდესაც ხელისუფლება ამბობს, ახლა ჩვენ ერთიანობა გვჭირდებაო, მართალია, მაგრამ ერთიანობა ხელოვნური და ყალბი ვერ იქნება. ხელისუფლების ერთიანობის ფორმულა ასეთია: მე რასაც ვამბობ, დამეთანხმეთ, კითხვები არ დასვათ და ასე გავერთიანდეთო. ასეთი რამ არ ხდება ბუნებაში. ერთიანობა კონსენსუსის ბაზაზე შენდება, მაშინ, როდესაც მინიმალურზე მაინც თანხმდებიან დაპირისპირებული მხარეები. ჩემი აზრით, საპარლამენტო გამოძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სხვა ლეგალური ინსტრუმენტი არ არსებობს. დემოკრატიული ქვეყანა რომ ვიყოთ, პროკურატურის გამოძიებაც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ თავს ხომ ვერ მოვიტყუებთ, ეს ვერ გაამთლიანებს ჩვენს საზოგადოებას.

ისე უნდა გაკეთდეს, რომ ამ კომისიის მუშაობა შედეგიანი იყოს. ჩემი აზრით, კომისიის მუშაობის დაწყებიდან 1 ან 2 კვირა პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან, უნდა გაიმართოს საჯარო განხილვა, სხდომები ონლაინ უნდა გადაიცემოდეს და საზოგადოებამ უპირველესად ექსპერტებსა და სპეციალისტებს უნდა მოუსმინოს. ჩვენ უნდა მოგვეცეს საშუალება პოლიტიკური გაწევ-გამოწევის გარეშე გავერკვეთ ვითარებაში. პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ ამ ვითარებაში მსაჯული საზოგადოებაა. ამ კომისიას ორი მთავარი ამოცანა ექნება: პირველი – გაირკვეს ვინმეს დაუდევრობით ხომ არ მოხდა დანაშაული ტრაგედიამდე, ტრაგედიის დროს თუ შემდეგ და მოხდეს ამაზე რეაგირება; მეორე ამოცანაა დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, რათა მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ. ჩვენ გვჭირდება ამ ორ საკითხზე სპეციალისტების დასაბუთებული დასკვნები. ამის მერე შეუძლიათ პოლიტიკოსებს გადავიდნენ ურთიერთბრალდებებსა და სპეკულაციაზე, მაგრამ ჩვენ უკვე უკეთესად ვიქნებით შეიარაღებული, რათა გავარჩიოთ, სად არის სპეკულაცია და სად სიმართლე. ამ პროცესში უმთავრესია საზოგადოება რაღაცაზე შეთანხმდეს და თეთრი და შავი გავარჩიოთ. როგორც ირკვევა, წინასწარი შეტყობინების სისტემების დამონტაჟებაზე იყო ადრეც ლაპარაკი, ფულიც მიიღეს, მაგრამ არ გააკეთეს. საქმე ის არის, თუ პასუხისმგებლობის თემა არ გაჩნდა, თუ ის ვიღაც, ვისაც ეს უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა, არ დაისაჯა, არაფერი შეიცვლება. ისევ დაგვპირდება ხელისუფლება და არ გააკეთებს. ოპოზიციაც სცოდავს, როდესაც გამოძიების გარეშე ხელისუფლებას აპრიორი დამნაშავედ აცხადებს. შევთანხმდეთ, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთნაირად მანკიერად აზროვნებენ. ისინი თავიანთ მოქმედებებს უქვემდებარებენ არა სახელმწიფო, არამედ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს. საზოგადოების ამოცანაა არა ხელისუფლების უპირობოდ დასჯა ან გამართლება. ჩვენი ამოცანაა დავადგინოთ, რა ხდებოდა ტრაგედიამდე, ტრაგედიის დროს და მას შემდეგ და თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, ეს გამოაშკარავდეს. მხოლოდ დასჯის ინსტრუმენტი ხდის სისტემას სამომავლოდ პასუხისმგებლობიანს. ვიღაც დღეს რომ დაისჯება, სხვა ხვალ ვეღარ გაბედავს იმავე დანაშაულის ჩადენას.

გახსოვთ, ალბათ, სტიქიის დღეს რომ გამოგვიცხადეს, კავშირზე ვართ და ყველა გადარჩაო. არადა, იმ დროს თურმე იქ ცოდვის ტრიალი იყო. პირადად მე ამ ხელისუფლებას მარტო ამას ვერ ვაპატიებ. თუ გამოძიება იქნება ობიექტურად და როგორც სამართლებრივ, ისე მორალურ მხარეზე მსჯელობა იქნება საჯარო, სხვა დროს მსგავსი განცხადებების გაკეთებისას დაფიქრდებიან… რაც შეეხება დავით ჯელაძის წინააღმდეგ აგორებულ ძალიან მძიმე კამპანიას, ირაკლი კობახიძე პოლიტიკური სოციოპათია. ის გარკვეული სქემებით აზროვნებს. ხელისუფლებაში დაალაგეს ასეთი სქემა, რომ როცა წამოვიდა ღვარცოფი, პირველივე ხუთ წუთში ყველაფერი დამთავრდა. მათი მტკიცებით, ამ დროში ვინც დაიღუპა, დაიღუპა, ვინც გადარჩა, გადარჩა – ანუ მათი სქემით, სამაშველო ოპერაციის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ამ სქემაში ვერ ჩასვეს ვერანაირად ის მოქალაქეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდნენ სტიქიას. ფაქტობრივად, ისინი არიან დანაშაულის ცოცხალი მოწმეები და “ოცნების” სქემა თავდაყირა დააყენეს. შესაბამისად, კობახიძემ გადაწყვიტა, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა მათი მონაყოლი. ეს პოლიტიკური განცხადება იყო და წამოცდენა არ ყოფილა. ხელისუფლებაში რატომღაც დარწმუნებული არიან, რომ საზოგადოებას ნებისმიერ რაღაცას “შეაჭმევენ”. ეგონათ, ახლაც გაუვიდოდათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სწორად ვერ შეაფასეს რეალური განწყობები და კედელს დაეჯახნენ. მერე უკვე ვნახეთ, რაც მოხდა, მაგრამ ძალიან მეეჭვება, ეს ბოდიში კობახიძის გადაწყვეტილება ყოფილიყო. ის ძალიან ხისტია და ბოლომდე მიაწვებოდა თავის “ჩვენებას”, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ დავასახელებ და, კოლმეურნეობის თავმჯდომარემ შეაჯანჯღარა. მან დაინახა, რომ მოლიპულ გზაზე დადგა ხელისუფლების პოლიტიკური ტექნოლოგიური ხაზი და ბოდიში მოახდევინა. კობახიძე ხშირად აკეთებს ასეთ ცილისმწამებლურ განცხადებებს, მაგრამ ბოდიშს არასდროს იხდის. კობახიძის განცხადებას მოჰყვა 2-შაურიანი ექსპერტებისა და ტროლ-ბოტების საშინელი შეტევა ამ ახალგაზრდაზე. რანაირად უნდა ჩამოირეცხონ ეს ერთი ბოდიშით? ხელისუფლებაში ჩაბუდებულია სისტემური მანკიერება, როდესაც რაღაც ანაზღაურების სანაცვლოდ მზად არიან ნებისმიერი რამ თქვან, “გააპრავონ”. ეს არაერთხელ გაუკეთებიათ. მარტო ტროლები და ბოტები კი არა, მთელი პარლამენტი გვყავს ასეთი გადანაფურთხის ალოკვა არ უჭირთ, მთავარია, პარტიამ დაავალოს.

რაც შეეხება the kileers-ის კონცერტის სკანდალს, ლაპარაკი იმაზე, რომ ის დრამერი ვითომ შემთხვევითი პირი იყო და შემთხვევით აიყვანეს სცენაზე, ჩემი აზრით, ზღაპარია. ასეთი დონის კონცერტებზე ასეთი რამეები შემთხვევით არ ხდება. გასაგებია, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, წინასწარ გაწერილი. კარგად ვიცით, პროფესიულ შოუს როგორ დგამენ.

დარწმუნებული ვარ, ეს იყო რუსული სპეცსამსახურების მიზანმიმართული ნამუშევარი, რათა ამ თემის შემოგდებით გაეტესტათ ქართველი ახალგაზრდობა. დღეს რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში თავს ისე გრძნობენ, როგორც ოაზისში, პირდაპირ ოპერირებენ, აღარც იმალებიან. აღარაფერს ვამბობ ჩვენს ხელისუფლებაში ჩაბუდებულებზე, გაოგნებული ვარ, რამდენი ყოფილან და რაებს ლაპარაკობენ. ამ ყველაფერს შესაბამისი უწყებები ვერ თუ არ აკონტროლებენ. რუსები თბილისსაც ითვისებენ და მეტასტაზებივით ვითარდება ეს ყველაფერი, მაგრამ, ჩემი აზრით, ის, რაც ხდება ბათუმში, ეს უკვე მიზანმიმართული სპეცოპერაციაა. არ ვამბობ, რომ ყველა, ვინც ჩამოდის, ანგაჟირებულია, ან ყველამ, ვინც ბათუმში სახლდება, ამ სპეცოპერაციის შესახებ იცის, მაგრამ ამ პროცესს ჰყავს მოსკოველი კურატორები და სამწუხაროდ, აქაური ქართველებიც. ამაში სავსებით დარწმუნებული ვარ. პატარა ბიჭი არა ვარ, ვიცი, როგორ აზროვნებს რუსული იმპერია, როგორი მოკლე და გრძელვადიანი ამოცანები აქვს..

რუსეთი ძალიან არის დაინტერესებული ბათუმით. ეს არის ქალაქი, რომელიც ნატოს საზღვარზეა, მოგეხსენებათ, თურქეთი ნატოს წევრია. რუსეთი ცდილობს ბათუმი აქციოს რუსეთსა და ნატოს შორის გლობალური დაპირისპირების ფორპოსტად. ეს არის რუსეთის სტრატეგიული გეგმა. შესაბამისად, რაც მეტი რუსი დასახლდება ბათუმში, ეს ამოცანა მით მეტად ადვილად გადასაწყვეტი იქნება კრემლისთვის. ამიტომ ეს პროცესი მართულია. თუ ასე გაგრძელდა, ეს ყველაფერი საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდება. დემოგრაფიულ განზომილებას თუ ავიღებთ, ეს კიდევ ცალკე უბედურებაა. არ ვიცი, რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაში. როგორც ჩანს, იქ ვიღაც ბრიყვია და ამას სერიოზულად არ უყურებს, ვიღაც ფინანსურად არის დაინტერესებული და ამ აქტივობით ხელს ითბობს, ვიღაც მიზანმიმართულად მუშაობს რუსეთზე. ამ პროცესს მრავალი ნეგატიური მხარე აქვს, ერთი სისტემურია, რაზეც უკვე ვილაპარაკე, აგრეთვე საყოფაცხოვრებოც – რუსებს ეკონომიკური გარყვნილება შემოაქვთ საქართველოში. შეუძლებელია ამ ყველაფერს ვერ ხედავდეს ქვეყნის არაფორმალური ხელისუფალი. მთავარი კითხვა მაქვს მასთან: ამას რატომ უშვებს? ამ კითხვაზე პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ რაღაც დოზით. თუ ასეთი რამ ხდებოდა, რამ დამაბრმავა, როგორ ვერ დავინახე? თუმცა, ვფიქრობ, მაშინ, როდესაც მე ივანიშვილის თანამებრძოლი ვიყავი. მთლად ასე არ იყო საქმე და მერე მოხდა რაღაც”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები