გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში „ჯარის ბანაკი“ დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში სამწყობრო მოედანზე შეკრებილ ბავშვებს თავდაცვის და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და თამარ მახარაშვილი მიესალმნენ. მათ ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, საქართველოს ისტორიისა და ქართველი გმირების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„ საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე გრიგოლ გიორგაძემ კოლეგას სამახსოვრო დაფა გადასცა, რომელშიც ყველა როტაციის განმავლობაში ბანაკში აღმართული საქართველოს სახელმწიფო და „ჯარის ბანაკის“ დროშები იყო მოთავსებული. ბავშვებმა კი, სერტიფიკატები, ჟეტონები და სასაჩუქრე პაკეტები მიიღეს. ადგილზე გამოფენილი იყო ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრებიც, რომელზეც ეროვნული გმირები, ქართული ჯარის ღირებულებები და „ჯარის ბანაკში“ მიღებული ემოციები იყო გადმოცემული.

„ჯარის ბანაკი“ 25 ივნისს დაიწყო. რვა როტაციის ფარგლებში, ბანაკმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და თბილისის სკოლებიდან 800-მდე ბავშვს უმასპინძლა. პროექტი ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება. „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებული პროექტია და ის თავდაცვის უწყებამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად განახორციელა. მისი აღსრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ უზრუნველყო“,- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები