სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს
18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, უფროსი სერჟანტის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 39 წელი შეუსრულდებოდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის საფლავთან მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის და მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შეიკრიბნენ, გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ოჯახს მე-4 ქვეითი ბრიგადის სახელით მემორიალური დაფა გადასცეს.
საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. 9 აგვისტოს იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს. მას 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.