მამუკა არეშიძე: ჩვენი ბედი იმის მიხედვით გადაწყდება, როგორც დასავლური კონიუნქტურა გადაწყვეტს

“კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერებს როგორც დასჭირდებათ, ყველაფერი ისე იქნება”, – ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ბედი იმის მიხედვით გადაწყდება, როგორც დასავლური კონიუნქტურა გადაწყვეტს.

“რაც შეეხება აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე ხელისუფლების კრიტიკულ განცხადებებს, მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ ომი სააკაშვილს არ დაუწყია, მაგრამ სააკაშვილმა იცოდა, რომ რუსეთი პროვოკაციას გეგმავდა. საკუთარი თვალით ვნახე ჯავაში, როგორ ემზადებოდნენ ომისთვის. ჩამოვედი და ყველაფერი ვუამბე შესაბამის სამსახურებს. თქვენ იცით, რომ “ნაციონალები” აფხაზეთში შეჭრას აპირებდნენ?! შეიჭრებოდნენ კიდეც, რომ არა სააკაშვილის წინააღმდეგობა… მე იმის თქმა მინდა, რომ “ნაციონალებმა” შეგნებულად გაყვეს თავი რუსულ პროვოკაციაში. ძალიან რთული მოსასმენია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების უტიფარი განცხადებები ყოველი წლის 8 აგვისტოს. არ მიკვირს “ქართული ოცნების” საპასუხო რეაქცია “ნაციონალური მოძრაობის” უტიფრობაზე, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ასე გაგრძელებაც აღარ შეიძლება. უნდა დამთავრდეს ამაზე საუბარი. “ოცნების” ლიდერებმა იმიტომ დაიწყეს ისევ საუბარი, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებს, რომ თუ ვერ მივიღებთ, ეს ევროკავშირის არაობიექტურობის დამადასტურებელი იქნება, რადგან ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში სულ ორი თემაა – კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილის მდგომარეობა. ასე თუ ისე, დასრულდა შოვის ტრაგედიაზე საუბარი და პოლიტიკოსებს ახალი თემა დასჭირდათ სალაპარაკოდ. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მსოფლიო ლიდერებს როგორც დასჭირდებათ, ყველაფერი ისე იქნება. ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების ლიდერებმა პირდაპირ თქვეს, რომ სხვა გამოსავალი არ არის, გარდა იმისა, რომ უკრაინა უნდა შეურიგდეს ტერიტორიების დროებით დაკარგვას, სამაგიეროდ, უპირობოდ მიიღებენ ევროკავშირში.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ბედი იმის მიხედვით გადაწყდება, როგორც დასავლური კონიუნქტურა გადაწყვეტს. უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს რეგიონში მთავარი აქტორი რუსეთი კი აღარ არის, არამედ ჩინეთი და თურქეთია, თურქეთი, რომელიც ძალიან არასანდო მოთამაშეა, და ჩინეთი, რომელთანაც ომი არა აქვს დასავლეთს…. დღეს ამერიკაში გააფთრებული ბრძოლაა იმისთვის, რომ რუსეთი არ დაიშალოს. რუსეთის დაშლა ამერიკისთვის კატასტროფის ტოლფასია. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთ ნედლეულს, რომელსაც დღესაც იღებს რუსეთიდან, ამერიკა ვეღარ მიიღებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაში აწყობს ამერიკას, რუსეთი დაიშალოს და შორეული აღმოსავლეთი მთლიანად ჩინეთმა წაიღოს? ხომ გახსოვთ, ჯორჯ ბუშმა ზვიად გამსახურდიაზე რომ თქვა, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო. გამსახურდიას საბჭოთა კავშირის დაშლა უნდოდა, ამერიკას – არა, იმიტომ რომ ქაოსის ეშინოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მართლაც შეიქნა ქაოსი. ახლაც ასეთი სიტუაციაა, ლამაზი სიტყვების უკან საკმაოდ მკაცრი რეალობა იმალება”, – განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები