მამუკა არეშიძე: ახლა ხელისუფლებას იმაზე უნდა ველაპარაკოთ, რომ გეოლოგიური და სხვა შესაბამისი სამსახურებისა თუ ინსტიტუციების მუშაობას დროულად ჩაუყაროს საფუძველი
“ახლა ხელისუფლებას იმაზე უნდა ველაპარაკოთ, რომ გეოლოგიური და სხვა შესაბამისი სამსახურებისა თუ ინსტიტუციების მუშაობას დროულად ჩაუყაროს საფუძველი”, – ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
არეშიძემ შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა, რომ არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ღვარცოფი წამოვიდა და მორჩა, დამთავრდა…
მისივე თქმით, ხელისუფლება თავად უნდა იყოს დაინტერესებული საგამოძიებო კომისიის შექმნით, საპარლამენტო იქნება ის თუ სისხლისსამართლებრივი.
“ქვეყანაში დღეს არსებული ძალიან რთული და საშიში ვითარება უნდა გაითვალისწინოს როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ და პასუხისმგებლიანმა საზოგადოებამ. სულ ცოტა ხნის წინ ქეთი დუმბაძეს გაუვრცელეს ამბავი, თითქოს მისი ბაბუა შულავერის კომისიის წევრი იყო. ჯერ ერთი, ტყუილია, მისი ბაბუა ისეთივე მსხვერპლი იყო, როგორიც ბევრი სხვა იმ ავადსახსენებელ ეპოქაში. თუმცა დავუშვათ, ეს სიმართლეა, ძებნა რომ დავიწყოთ, იცით, რამდენის ბაბუა აღმოჩნდება ბოლშევიკური მთავრობის, მათ შორის შულავერის კომიტეტის წევრი? პირდაპირ გეუბნებით, ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს! ამ ამბავზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ მიხვდეთ, თუ რაოდენ საშიშ, შეუქცევად პროცესში ვართ შესული. როდესაც, ერთი მხრივ, ხელისუფლება და მეორე მხრივ კი თავად საზოგადოების ნაწილი ისე მწვავედ არის დაპირისპირებული ერთმანეთთან, რომ ძალიან სერიოზული პრობლემების დროსაც კი ვერ ახერხებენ კონსოლიდაციას. ხელისუფლება კრიტიკას იმსახურებს იმის გამო, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია მინიმუმამდე დაიყვანა. ხელისუფლებასა და ხალხს შორის ნაპრალი დიდი ხანია გაჩნდა და უბედურება ის არის, რომ ეს ნაპრალი არ მცირდება, პირიქით. დღეს ხალხს მარჩიელობა უწევს იმის თაობაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში. შესაბამისად, საქმეში ჩაუხედავ პირებს საშუალება ეძლევათ საკუთარი ვერსიები გაავრცელონ სოციალური ქსელების საშუალებით. სწორედ ამის შედეგი იყო ისეთი შეთქმულების თეორიების გავრცელება, როგორიც არის ის, რომ თითქოს რუსმა დივერსანტებმა 2008 წლის 8 აგვისტოს აღსანიშნავად შოვის ტერიტორია დანაღმეს და ა.შ. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ სოციალური ქსელი ეფექტურად უნდა გამოიყენოს საზოგადოების ინფორმირებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტური ინფორმაციის გავრცელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიმართლესაც აღარავინ დაგიჯერებს.
არადა, ხელისუფლება თავად უნდა იყოს დაინტერესებული საგამოძიებო კომისიის შექმნით, საპარლამენტო იქნება ის თუ სისხლისსამართლებრივი. ეს არის საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს პარლამენტში მსჯელობის საგანი. ამ საკითხზე რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ღვარცოფი წამოვიდა და მორჩა, დამთავრდა… ყველამ იცოდა, რომ იქ კოტეჯები იდგა, მშენებლობა არ შეიძლებოდა, ამის შესახებ მოსახლეობა ჯერ კიდევ 2014 წელს საუბრობდა. სოციალურ ქსელში იმის ამსახველი ვიდეომასალაც გავრცელდა, თუ როგორ ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეები მთავრობის წარმომადგენლების დარწმუნებას, რომ იქ შენობების აგება არ შეიძლებოდა. გარდა ამისა, მე, როგორც გეოლოგის შვილს, ძალიან კარგად მახსოვს, რომ ყოველ ზაფხულს ტარდებოდა გეოლოგიური სამუშაოები და გეოლოგები ახალ-ახალ კვლევებს ატარებდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული დინამიკის შესახებ. გადავხედე მასალებს და ვნახე, რომ არსებობს 2021 წელს დაწერილი დასკვნა, სადაც წერია, რომ შოვის ზონა ღვარცოფის საფრთხის შემცველია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის მაინც გაეთვალისწინებინათ, რომ კომუნისტების დროს, როდესაც გეოლოგიური სამსახური ძალიან ძლიერი იყო, შენობები ააშენეს მდინარის კალაპოტიდან მოშორებით, შემაღლებულ ადგილებზე. ხომ ნახეთ, რომ იმ პერიოდის ყველა შენობა გადარჩა?! საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელმა სულ ცოტა ხნის წინ ისაუბრა, თუ რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე სინამდვილეში. არადა, რამდენიმე თვეა, რაც ამ საკითხზე სოციალურ ქსელში სხვადასხვა ვერსია “სეირნობს”. ხალხმა იცის ამ პროექტის შესახებ? იცის ის, რომ რიკოთი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი არტერიაა, რომ ამ გზის მშენებლობაზე იხარჯება უზარმაზარი თანხები როგორც ჩვენი ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო ინსტიტუციებიდან და ამ გზას აშენებს საეჭვო რეპუტაციის ჩინური კომპანია. არავინ არაფერი იცის იმის შესახებ, რომ ამ პროექტის მონიტორინგზე ძალიან სერიოზული დასავლელი ჯგუფები მუშაობენ… ხალხმა ორჯერ თუ სამჯერ საკუთარი თვალით იხილა მშენებლობის დროს ჩამოწოლილი უზარმაზარი მეწყერი. ამიტომ მათ აქვთ უფლება ეჭვი შეიტანონ ამა თუ იმ ჩინოვნიკის ნათქვამში. ხალხმა არ იცის, რომ შუახევის ჰესზე ორჯერ ძალიან საშიში ვითარება შეიქმნა. ეს ჰესი ძალიან საეჭვო კომპანიამ ფართხაფურთხით ააშენა. შედეგიც შესაბამისია. ააშენა ფსევდონორვეგიულმა კომპანიამ, რადგან კომპანია ნორვეგიაშია გაფორმებული, მაგრამ ჩვეულებრივი სახლის ერთ-ერთ ბინაში… ერთხელ ექსპლუატაციაში მიღების დროს ჩამოიშალა ჰესის გვირაბი, ამ ცოტა ხნის წინ კი – მეორედ. ზოგი არაკეთილსინდისიერი მუშაკი სახელმწიფოს ატყუებს და ფულის მოპარვის ან დაზოგვის მიზნით, საქმეში საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიებს რთავს… 2024 წლის არჩევნებზე ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს, იმიტომ, რომ 2024 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” მთავარი კონკურენტია პოლიტიკური ძალა, რომელმაც ზუსტად ის სამსახურები გაანადგურა, რომლებსაც მსგავსი პროცესების მართვის პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული. მაგალითად, გეოლოგიური სამსახურის მოსპობა სააკაშვილისა და მერაბიშვილის დამსახურებაა.
გეოლოგიის დარგში ახალი თაობის მოსვლის პროცესი შეჩერდა. საჭიროების შემთხვევაში კი ჩამოჰყავთ უცხოეთიდან სპეციალისტები, რომლებიც ზოგჯერ სულაც არ აღმოჩნდებიან ისეთი მაღალი დონის, როგორის მოლოდინიც აქვთ, მაგრამ აქ კიდევ სხვა პრობლემაა. გეოლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად იცნობდე იმ ბუნების სპეციფიკას, რომელსაც იკვლევ. მარტო გეოლოგიაშიც არ არის საქმე, მთელი რიგი მონათესავე დარგებია, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს განვითარებული ისეთი რელიეფის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ახლა ხელისუფლებას იმაზე უნდა ველაპარაკოთ, რომ გეოლოგიური და სხვა შესაბამისი სამსახურებისა თუ ინსტიტუციების მუშაობას დროულად ჩაუყაროს საფუძველი და არა იმაზე, თუ რატომ ჩავიდა პრემიერი მეორე დილით შოვში”,- განაცხადა არეშიძემ.