12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაზიანების საქმეზე დაზარალებულად ცნეს

დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაზიანების საქმეზე დაზარალებულად ცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს. ორგანიზაციის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურას მათმა ადვოკატებმა მიმართეს.

დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, პროკურატურა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს საქმის მასალებს გადასცემს. ორგანიზაციის განცხადებით, საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, „უფლებები საქართველო“ შემდგომი დეტალების გასაჯაროებისას იხელმძღვანელებს არასრულწლოვანისა და მისი ოჯახის საუკეთესო ინტერესებით.

„უფლებები საქართველომ“ ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყება 2023 წლის 5 ივლისს მოითხოვა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს, თუ რა გარემოებებში მოხდა საკვანძო მტკიცებულებების შემცველი დალუქული პაკეტის მთლიანობის დარღვევა, რამაც გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებზე მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევებისა და ნადებების წარმოქმნა გამოიწვია.

ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანებას თბილისის პროკურატურა იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფო ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

„უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალებისა და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები