სანდრო თვალჭრელიძე: ვერასდროს ავიცილებთ თავიდან გეოდინამიკურ პროცესებს, მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ხალხი მეტ-ნაკლებად დავიცვათ და მოვახდინოთ მისი შედეგების პრევენცია, რათა მსხვერპლი არ იყოს

“გეოლოგიური პროცესების შეჩერება არ შეიძლება, შეიძლება მხოლოდ მათი შედეგების შერბილება სწორი მშენებლობით, წინასწარი შეტყობინებით, ხალხის ევაკუაციით და ა.შ.”,- ამის შესახებ ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აცხადებს.

მისივე თქმით, გეოდინამიკურ პროცესებს თავიდან ვერავინ აიცილებს, მხოლოდ ისაა შესაძლებელი, რომ ხალხი მეტ-ნაკლებად იყოს დაცული, შედეგების პრევენცია მოხდეს, რათა მსხვერპლი არ იყოს.

“ეს პირველი ამბავი არ არის, გვახსოვს, რა მოხდა დარიალის ხეობაში, როცა ხალხი დაიღუპა თრუსოს ხეობიდან ღვარცოფის ჩამოსვლის შემდეგ; გვახსოვს ავად სახსენებელი 2013 წელი და ადიდება მდინარე ვერესი, იქ წარმოქმნილი ღვარცოფი.­ გახსოვთ, რა ხდებოდა მთიან აჭარაში. ასეთი 7500 ადგილია საქართველოში და იმ ტექნოლოგიებით მათი მონიტორინგი, რომელიც გავრცელებულია საქართველოში, პრაქტიკულად არ შეიძლება. სხვა ტიპის სახელმწიფო მართვა სჭირდება ამ საქმეს. ამას ვუჩიჩინებ მთავრობას აგერ 15 წელია და არავინ მიგდებს ყურს. ნავთობსადენსა და გაზსადენს, სამხრეთ კავკასიისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს, აბსოლუტურად არავითარი პრობლემა არა აქვს, რადგან იქ “სკადას” სისტემაა დამონტაჟებული, რომელიც პრაქტიკულად NASA-დან იმართება. ასეთი ტიპის კოსმოსური მონიტორინგი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ამ ტექნოლოგიების გადმოღება ძნელი არ არის. შეგვიძლია NASA-ს ვთხოვოთ ასეთი ტიპის მონიტორინგის ჩატარება საქართველოში შესაბამისი ანაზღაურების გადახდის შემდეგ, ან ვიყიდოთ ტექნოლოგიები, გავწვრთნათ ოპერატორები. ამას 15-20 კაცი და თხუთმეტიოდე კომპიუტერი სჭირდება, სულ 5-6 მილიონის ინვესტიციაა.­ სამაგიეროდ, დაცული ვიქნებით. ყოველ შემთხვევაში, თუ რამე მოხდა, გვეცოდინება დამნაშავე.

არაფრის გაკეთება არ შეიძლება. თბილისიდან ჩვენ ვერაფერს ვმართავთ. ამას სჭირდება დროული შეტყობინების სისტემის დანერგვა. ის კოტეჯები შოვში მდინარის კალაპოტში იყო ჩადგმული, რაც დაუშვებელია. თუ მაინცდამაინც, შეიძლება პირველ კალაპოტსა და ტერასაზე, სულაც ჯობს მეორე კალაპოტსა და ტერასაზე აშენება. ხიდებიც მეორე კალაპოტსა და ტერასაზე უნდა იყოს გადებული. რა თქმა უნდა, ისინი სამ-ოთხჯერ გრძელი იქნება და უფრო ძვირი დაჯდება, მაგრამ სამაგიეროდ, ვერასოდეს წაიღებს ვერც მოვარდნილი წყალი და ვერც ვერაფერი. არ ვიცი, სიხარბით თუ უვიცობით მოუვიდათ, ლამაზ ველზე რომ ააშენეს კოტეჯები, მაგრამ აგერ ხალხი დაგვეღუპა. არ შეიძლება მდინარის კალაპოტში რაიმეს აშენება, მთიან რაიონებში ეს აკრძალული უნდა იყოს.

მარტივი გეოლოგიური დასკვნაა საჭირო, რომ ეს არის ძალიან მგრძნობიარე ადგილი და სჭირდება მონიტორინგი. ვინ გაუწევს მონიტორინგს, მე თუ თქვენ? გეოლოგიური სამსახური მოისპო, სულ 15 კაცია დარჩენილი. მე ბოლო გეოლოგიური დეპარტამენტის თავმჯდომარე ვიყავი და ვიბრძოდი მის შესანარჩუნებლად. ჩემი კონფლიქტი ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან ზუსტად იმით დაიწყო, რომ მოსპო ეს სამსახური. ახლა ჩამოგვყავს ვითომ ექსპერტები ჩეხეთიდან – ანუ ჩვენი მოწაფეები ჩამოდიან ჩვენი ჭკუის სასწავლებლად, გესმით რა ხდება? მოდიან ჩემთან, მეკითხებიან, რა გავაკეთოთო, წერენ დასკვნას და იღებენ ჰონორარებს. შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს! საქართველოს ქართველებმა უნდა მოუარონ. საქართველოში ქართველებმა უნდა აშენონ. ახლა ჩინელებს რომ გაჰყავთ გზები, ისევ რაღაც მოხდება. ეს გზა, ცუდად თუ ავად 70 წელი არსებობდა, და არც ერთი მეწყერი არ ჩამოწოლილა. ახლა ჯერ არ დასრულებულა და 3 მეწყერი ჩამოწვა. არ შეიძლება ბუნების ასე მოპყრობა, ვერ გავაგებინე ამ ხალხს. ეს არის ტიპური ბუნებრივი მოვლენა და როცა გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი ამბობს, ასეთი სტიქია არასოდეს ყოფილაო, ცდება. მე თვითონ ვმუშაობდი 40 წლის წინ რაჭაში და 10 დღე ვიყავი მოწყვეტილი ყველაფერს. მაშინ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. მაშინაც დაიღუპა ხალხი, მათ შორის უცხოელი ტურისტები. ასეთი ტიპის მოვლენები პერიოდულად მეორდება. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, როდის განმეორდება, მაგრამ რაღაც პერიოდში აუცილებლად განმეორდება. მარტივად გეტყვით – გროვდება ნეგატიური ენერგია, ერთ დღეს გასკდება და ყველაფერს წალეკავს. ასეთივეა ძალიან სახიფათოა მდინარე დურუჯი კახეთში, ყვარელთან.

შეიძლება კი არა, აუცილებლად განმეორდება. გეოლოგიური პროცესების შეჩერება არ შეიძლება, შეიძლება მხოლოდ მათი შედეგების შერბილება სწორი მშენებლობით, წინასწარი შეტყობინებით, ხალხის ევაკუაციით და ა.შ.

ასეთი კატასტროფები ბევრგან ხდება. მაგალითად, შვეიცარიაში 22-კილომეტრიანი გვირაბი ჩაინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ჩვენ ვერასდროს ავიცილებთ თავიდან გეოდინამიკურ პროცესებს, მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ხალხი მეტ-ნაკლებად დავიცვათ და მოვახდინოთ მისი შედეგების პრევენცია, რათა მსხვერპლი არ იყოს.

საქმე გვაქვს დედამიწის თანამედროვე რელიეფის გეოდინამიკურ განვითარებასთან. ღვარცოფები საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენაა. ამ მხრივ არის მრავალი სახიფათო ადგილი. სხვათა შორის, რომ ებრძვიან რიონზე კაშხლის მშენებლობას, კაშხალი ასეთ ღვარცოფს შეაჩერებდა. სხვათა შორის, მდინარე კოდორთან ერთად ყველაზე სახიფათო ენგურიც იყო და “ენგურჰესის” მშენებლობამ პრაქტიკულად გამორიცხა ასეთი ტიპის ღვარცოფების მოვარდნა, იმიტომ, რომ ნაკადებს უკვე ადამიანები მართავენ. ასე რომ, ადამიანის უვიცობას, მე ვიტყოდი, მოიერიშე უვიცობას, საზღვარი არა აქვს. რევოლუციური სულისკვეთებაა, ყველაფერი ძველი უნდა მოვსპოთ და ახალი უნდა ავაშენოთო. ძველს კი მოვსპობთ, მაგრამ ახლის ამშენებელი ადამიანი აღარ დარჩება. ჩვენ დედამიწის განვითარების კანონზომიერებას ვერ შევაჩერებთ. ვერ შევაჩერებთ მიწისძვრებს, სეტყვას, ნიაღვარს, თოვლს და ა.შ. ისინი უნდა ვმართოთ.

შეგვიძლია პრევენცია და წინასწარი შეტყობინება. როცა წამოვიდა ისეთი ტიპის წვიმა, იქ პროფესიონალი რომ ყოფილიყო, იქ მე რომ ვყოფილიყავი, ხალხს გადავარჩენდი. მობინადრეებს კოტეჯებიდან სასწრაფოდ გავიყვანდი და მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იქნებოდა. უნდა შემოვიღოთ მონიტორინგის სისტემა; უნდა დაწესდეს მშენებლობის გაცილებით ხისტი რეგულაციები. კოსმოსიდან უნდა დავიჭიროთ ის ადგილი, სადაც მეწყერი განვითარებას იწყებს­, და დაიწყოს ხალხის ევაკუაცია”,- განაცხადა თვალჭრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები