“განვუმარტე, რაც იყო რეალობა – ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით მას შემდეგ, რაც საკითხი გააქტიურდა, მანამდე წარმოდგენა არ მქონდა” – ჩორჩანას ეპიზოდზე ფინანსთა ყოფილი მინისტრი გამოიკითხა
გენერალურ პროკურატურაში ფინანსთა ყოფილი მინისტრის გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ივანე მაჭავარიანმა უწყება უკვე დატოვა. ის მთავარ საგამოძიებო უწყებაში ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ივანე მაჭავარიანმა პროკურატურა დატოვა, მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.
მაჭავარიანი ამბობს, რომ მას გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას ეხება, ინფორმაცია არ ჰქონდა. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ცოტა ხნის წინ, მედიით გაიგო.
“ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები. განვუმარტე, რაც იყო რეალობა. ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გააქტიურდა. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა. გავიგე, რაც მედიაში გაჩნდა ახლა, რამდენიმე კვირის წინ,” – ამბობს ივანე მაჭავარიანი.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის,უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, რომლის ერთ ერთი ეპიზოდია 2019 წელს, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნა.