ანდრო გოცირიძე: ბოლო პერიოდში ჩინეთი, ცდილობს გამოვიდეს ზესახელმწიფოს, მსხვილი მსოფლიო აქტორის როლში და ჩაერთოს მსოფლიო პროცესებში

“საქართველოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქამდეც ჰქონდა გაფორმებული და ამ ურთიერთობის გაღრმავება, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩინური პროდუქცია რუსეთის გავლით ვეღარ ხვდება დასავლეთის ქვეყნებში”,- ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ანდრო გოცირიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ჩინეთი, განსაკუთრებით რუსეთის დასუსტების ფონზე, ცდილობს გამოვიდეს ზესახელმწიფოს, მსხვილი მსოფლიო აქტორის როლში და ჩაერთოს მსოფლიო პროცესებში.

“მეორე მხრივ, კითხვა გააჩინა სტრატეგიულმა პარტნიორობამ, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის კონკურენციაა, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო გვცოდნოდა, რას გულისხმობს ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობაში. ჩინეთისთვის ეს არ ნიშნავს სამხედრო ბლოკს ან უსაფრთხოების საკითხებში დახმარებას. ასეთი პარტნიორობა ჩინეთს ძალიან ბევრ ქვეყანასთან აქვს და სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში ამაში ცუდი არაფერია. მას შემდეგ, რაც კომუნიკე გამოქვეყნდა, დამრჩა­ შთაბეჭდილება, რომ ის აშკარად ჩინელი დიპლომატების მომზადებულია და მასში­  საქართველოს პრობლემატიკა ან არა აქვს ფართოდ გაშუქებული, ან უბრალოდ, სახელმწიფომ ვერ დაიცვა საკუთარი ინტერესები. მაგალითად, როცა საუბარია ერთიანი ჩინეთის ცალსახა აღიარებაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარი ძალიან გაკვრითაა. ჩინეთი არ გამოირჩევა რუსეთისადმი ხისტი პოლიტიკით, მათ შორის არაღიარების პოლიტიკითაც. ის ხშირად თავს იკავებს ოკუპაციის დამგმობ და ლტოლვილების დაბრუნების რეზოლუციებზე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ კომუნიკეში ჩვენი მხრიდანაც შევიდოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ განცხადება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რა იგულისხმება, რომ საქართველო გაითვალისწინებს ჩინეთის მოდერნიზაციის გამოცდილებას და ჩინური მმართველობის სისტემას ხედავს როგორც ახალ გზას მსოფლიოში. ჩინეთი არის ერთპარტიული, ავტოკრატიული სახელმწიფო, საქართველოს კი დეკლარირებული აქვს ევროპული დემოკრატიის გზა, ამიტომ ეს ორი რამ ერთმანეთთან რამდენადაა თავსებადი? არ ვფიქრობ, რომ ეს დიდი მნიშვნელობის ხელშეკრულებაა. უბრალოდ, ტერმინი “სტრატეგიული პარტნიორობა” გვაბნევს. ვფიქრობ, ეს ჩინური ინიციატივაა, რადგან ბოლო პერიოდში ჩინეთი, განსაკუთრებით რუსეთის დასუსტების ფონზე, ცდილობს გამოვიდეს ზესახელმწიფოს, მსხვილი მსოფლიო აქტორის როლში და ჩაერთოს მსოფლიო პროცესებში.

არა მგონია, ჩინეთი იმხელა მნიშვნელობას ანიჭებდეს საქართველოს, რომ რუსეთთან ერთად რაღაც თამაშებში იყოს ჩართული – ეს საქართველოს მნიშვნელობის გაზვიადება იქნებოდა. საქართველოსთან დღევანდელი ურთიერთობით ამას რუსეთი ისედაც ახერხებს. საფრთხის შემცველი უფრო შეიძლება იყოს ის, რომ ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერების ფონზე (როდესაც კომუნიკეში საუბარია იმაზე, რომ ერთმანეთის ეკონომიკის განვითარებაში ჩინეთი წვლილს შეიტანს და საკუთარ სახსრებს შემოიტანს), შეიძლება ჩინურ კომპანიებს შემოჰყვეს იაფფასიანი ჩინური მუშახელი, რომელიც კონკურენციას გაუწევს საქართველოში ისედაც გაპრობლემებულ მუშახელს; ასევე პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭება, მაგალითად, ტაივანის საკითხის გამო, ამ მხრივ საქართველოს პოზიციის სწორი ფორმულირება შესაძლებელია, თუმცა ამას პარტნიორებთან კონსულტაციები უნდა ახლდეს თან და არა კონფრონტაციული რიტორიკა.

კიდევ ერთი, რაც შეერთებულ შტატებთან პარტნიორობასთან შესაძლოა არ იყოს თავსებადი, არის ჩინეთთან ტექნოლოგიების საკითხში თანამშრომლობა, განსაკუთრებით 5G-ის დანერგვასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან ამერიკასა და ჩინეთს სერიოზული კონკურენცია აქვთ – ამერიკა ეწინააღმდეგება ამ ტექნოლოგიის დანერგვას დასავლეთში, რადგან ეს უსაფრთხოების რისკებთანაა დაკავშირებული. საფრთხედ შეიძლება ისიც განვიხილოთ, რომ ჩინეთი რეალურად (და არის ამის მაგალითები) გაცემულ კრედიტს, ინვესტიციებს პოლიტიკური წინაპირობების წამოსაყენებლად, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. შემდეგ ამ ჩინურ ინვესტიციებს შეიძლება მოჰყვეს ერთიანად სახელმწიფოს დაკაბალება. აფრიკაში, აზიასა თუ ბალკანეთში ამის არაერთი მაგალითი არსებობს… რჩება შთაბეჭდილება, რომ დოკუმენტზე უფრო კარგად იმუშავა ჩინეთის, ვიდრე ქართულმა მხარემ. საინტერესოა, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ხელისუფლებას – შესაძლოა საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებს ეძებს იმგვარ ქვეყნებში, რომლებიც არ ზღუდავენ ავტოკრატიას, პარტიის მუდმივად ყოფნას ხელისუფლებაში. მათ მოსწონთ ეს მოდელი და, შესაბამისად, ამგვარ სახელმწიფოშიც კი განუსაზღვრელ ინვესტიციებს დებენ.

ვფიქრობ, კომუნიკეზე დასავლეთის რეაქცია მწვავე არ იქნება, არავინ გაგვაკრიტიკებს, მაგრამ ყურადღებით დააკვირდებიან, რაში გადაიზრდება ეს თანამშრომლობა. თუ იმგვარ ქმედებებში გადაიზარდა, რაც დასავლურ ინტერესებს ეწინააღმდეგება, რეაქცია იქნება. თუ ამ თანამშრომლობამ გამოიწვია ჩინური ინვესტიციით საქართველოს დაკაბალება, ეს არის საქართველოს პრობლემა და ამაზე მწვავე რეაქცია არ იქნება. სახელმწიფო თავად იღებს სუვერენულ გადაწყვეტილებებს. შესაძლოა იყოს რჩევები, გაფრთხილება, მაგრამ საქართველოს საშინაო საქმეებში არავინ ჩაერევა… ჩინეთის პოლიტიკა მარტივია – ის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაძლევს უზარმაზარ ინვესტიციებს, რისთვისაც შემდგომ გთხოვს პოლიტიკურ ლოიალურობას და პირდაპირ ყიდულობს აბსოლუტურად ყველაფერს, ანუ გირაოში მიაქვს მთელი სახელმწიფო. მის აღურიცხავ კაპიტალს მოჰყვება პოლიტიკური წინაპირობები, კაბალური, დაურეგულირებელი შრომითი ურთიერთობები, რისკები შრომის უსაფრთხოებაში, კორუფციული ინტერესები და სხვა. ნებისმიერი ჩინური პროექტი, რო­მელსაც ოფიციალური პეკინის ხედვით, გლობალური მნიშვნელობა აქვს, მიმართულია ნატოსა და ევროკავშირის გავლენის შემცირებისკენ. ეს არის ჩინური პროექტების სპეციფიკა.

მიუხედავად ამისა, შესაძლოა საქართველოს ამ პროექტებისგან ჰქონდეს ეკონომიკური სარგებელი. კარგი მმართველობის, პარტნიორებთან კონსულტაციების შემთხვევაში შეიძლება ამგვარ პროექტებში მონაწილეობა. ყველაზე მნიშვნელოვანია შემდგომი ნაბიჯები, სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობა და ხელშეკრულებები შეიძლება გქონდეს ყაზახეთთანაც, ჩინეთთანაც და ა.შ. ერთადერთი, არ შეიძლება თანამშრომლობა გქონდეს რუსეთთან, რომელიც საქართველოს ოკუპაციას ახდენს. საგარეო პოლიტიკური კურსის მიხედვით, ჩინეთი ჩვენთვის განიხილება მეგობარ ქვეყნად და არანაირი პრობლემა არ არის მასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისთვის, თუმცა მთავრობას გონივრული პოლიტიკის წარმართვა მართებს, რამდენად არის ეს თანამშრომლობა საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი ქოლგის – დასავლური ინტეგრაციის პროცესების შემაფერხებელი. იგივე ითქმის ეკონომიკურ მდგენელზეც: ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მოზიდულ ინვესტიციებში თუ იქნება გამჭვირვალობა, არ იქნება პოლიტიკური წინა პირობები, კორუფციული გარიგებები, ეს საქართველოს წაადგება, რადგან ინვესტიციები ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა. როგორც ადრე, ახლაც საქართველოსთვის ყველაზე საფრთხის შემცველია რუსეთში მიმდინარე პროცესები, დაწყებული უკრაინასთან ბარბაროსული ომით, დასრულებული თავად რუსეთში მიმდინარე პროცესებით. რუსეთ-უკრაინის ომი გაგრძელდა, შესაბამისად, საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა ეს პერიოდი გამოეყენებინა უსაფრთხოების ქოლგის შესაქმნელად, პარტნიორებთან ალიანსების დასამყარებლად და უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად. ეს პერიოდი შიდაპოლიტიკური მიზნების გამო გაიფლანგა და ახლა საქართველო დასავლეთთან იმდენად კონფრონტაციაშია, რაც არ მახსოვს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან – 1991 წლიდან. ამიტომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრული საქართველოსთვის ორი მხრივ შეიძლება სახიფათო იყოს – აღარ განვიხილავ რუსეთის გამარჯვებას. მაგრამ რუსეთმა ომი თუ დაასრულა რუსეთ-უკრაინის 1991 წლის საზღვრებში, მაშინ ეს მისთვის ბიძგი იქნება უფრო აქტიურად იმუშაოს საქართველოს “მისაერთებლად”, მით უმეტეს, როცა აქ ამისთვის საჭირო ეკონომიკური ბერკეტები უკვე აქვს”,- აცხადებს ანდრო გოცირიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები