მამუკა არეშიძე: სტიქიას ძნელია წინ აღუდგე, მაგრამ ჩვენი ქმედებების ისე დაგეგმვა, რომ სტიქიურ მოვლენებს ამდენი ადამიანი არ ემსხვერპლოს, ნაწილობრივ მაინც შესაძლებელია
“ვფიქრობ, სტიქიას ძნელია წინ აღუდგე, მაგრამ მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინება და ჩვენი ქმედებების ისე დაგეგმვა, რომ სტიქიურ მოვლენებს ამდენი ადამიანი არ ემსხვერპლოს, ნაწილობრივ მაინც შესაძლებელია”, – ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გაუძლებს გამოწვევებს და ვერ შეძლებს წინსვლას საზოგადოების კონსოლიდაციის გარეშე.
“უპირველესად სამძიმარს ვუცხადებ მთელ რაჭას, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. საშინელება დატრიალდა… მომხდარის შემდეგ, ბევრი შეფასება და კრიტიკაც ისმის. ბევრი ლაპარაკია იმაზე, შეგვეძლო თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება. ვფიქრობ, სტიქიას ძნელია წინ აღუდგე, მაგრამ მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინება და ჩვენი ქმედებების ისე დაგეგმვა, რომ სტიქიურ მოვლენებს ამდენი ადამიანი არ ემსხვერპლოს, ნაწილობრივ მაინც შესაძლებელია. მეც ვნახე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის კვლევები, სადაც პირდაპირ წერია, შოვის ინფრასტრუქტურას საფრთხე ემუქრებაო, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მდინარისგან, ხომ არაერთხელ ვნახეთ, რომ მდინარის ხეობაში, მით უფრო მთის მდინარეების, მშენებლობები ტრაგედიებით მთავრდება. ახლა მაინც გამოვიტანოთ სწორი დასკვნები და შესაბამისად ვიმოქმედოთ მშენებლობების დაგეგმვისას. არ შეიძლება ხდებოდეს ისეთი რამ, რაც რიკოთის უღელტეხილთან თუ თბილისში, ვაშლიჯვრის მონაკვეთთან ხდება. სიხარბეს არ უნდა გადავაყოლოთ ადამიანების სიცოცხლე და სახელმწიფოს სიმყარე.
სამწუხაროდ, აშკარად ძალიან გვიჭირს სწორი დასკვნების გამოტანა, თანაც, როგორც ჩანს, ადამიანების სიხარბე მართლაც უსაზღვროა. სამწუხაროა, რომ არსებული რეგულაციები და გეოლოგიური სამსახური, რომელიც ძალიან ძლიერი იყო საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში, გასული საუკუნის ბოლოს მოიშალა, ყველაფერი დაინგრა. ის შენობები, რომლებშიც უმნიშვნელოვანესი სამსახურები იყო განთავსებული, გაიყიდა და მათ ადგილას საცხოვრებელი კორპუსები ააშენეს. რეგულაციების ერთი ნაწილი გაუქმდა სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც. ამ ყველაფერში ყველაზე მეტად საზოგადოების პასუხისმგებლობას ვხედავ – როდესაც ასეთი რამ ხდება, ასეთ დარგებს ანადგურებენ, მიდის უთავბოლო მშენებლობები, უნდა ამოვიღოთ ხმა, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე არ უნდა ვცხოვრობდეთ. ჩვენ შეგვიძლია მოვთხოვოთ ხელისუფლებას მიიღოს საჭირო გადაწყვეტილება და შექმნას საჭირო რეგულაციები თუ მონიტორინგის სამსახურები. მხოლოდ მთავრობისთვის ყველაფრის გადაბრალება და გაკრიტიკება ადვილია. ნუ გვავიწყდება, რომ მთავრობაშიც ამ საზოგადოების წევრები არიან. ლეგიტიმური კითხვაა, რომ თუ წინა ხელისუფლების გააუქმა მონიტორინგის რეგულაციები, ამ მთავრობამ რომელიც ხელისუფლებაშია უკვე 11 წელიწადია, რატომ არაფერი შეცვალა? სამწუხაროდ, პოლიტიკურად ვისაც როგორ აწყობს, ისე ლაპარაკობს. დამნაშავეა ყველა ის უწყება, რომელთაც არაფერი გააკეთეს მომხდარის თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში მინდა ჩემი სოლიდარობა და მადლობა გამოვუცხადო ჩვენს მაშველებს, ზოგიერთმა მათკენაც სცადა ქვის სროლა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი წინაპრების სიბრძნე მაინც ხომ შეიძლება გავითვალისწინოთ? ისინი ბუნებას უფრთხილდებოდნენ როგორც შეეძლოთ, რათა სტიქიური პროცესების გააქტიურებისთვის არ შეეწყოთ ხელი. მახსოვს, ბაბუაჩემი რუს არ დააგუბებდა იმიტომ, რომ ამას შეიძლება მიწის ეროზია გამოეწვია. ეს ხომ პატარა ამბავია, მაგრამ მნიშვნელოვანი, რადგან ამაშიც ჩანს გლეხური სიბრძნე და საუკუნეების გამოცდილება. ახლა ეს გამოცდილებაც გაქრა, პროფესიონალიც ძალიან ცოტა შემოგვრჩა და სახლებიც შენდება იქ, სადაც არ უნდა აშენდეს.
ვერტმფრენების საქმეც უნდა მოეგვარებინათ აქამდე. სამაშველო სამსახური ბრწყინვალედ არის აწყობილი, პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, მხოლოდ ტექნიკური საშუალებები აკლიათ. ნუ დავუკარგავთ მათ შრომას, ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ზღვარზე მუშაობენ. საქართველო ისეთი რელიეფის ქვეყანაა, აქ ისეთი ბუნებრივი გამოწვევებია, რომ აუცილებელია მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი სამაშველო სამსახური. ყველაფერი უნდა გადაიდოს, ჩვენც ისეთივე ძლიერი ტექნიკა გვჭირდება, როგორიც შვეიცარიას აქვს. არავინ მითხრას, შვეიცარიას ვერ შევედრებითო. როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს შეეხება, სახელმწიფომ ამისთვის უპირველესად უნდა გამოძებნოს თანხები, საქართველოს ისე არ უჭირს, რომ ერთი ვერტმფრენი მაინც არ ჰყავდეს ღამის ხედვის სპეციალური აღჭურვილობით. დიდი ამბავი ატყდა, რატომ შეაჩერეს ღამით ვერტმფრენის ფრენაო, მაგრამ მე როგორც სპეციალისტებმა მითხრეს, სწორედ იმიტომ, რომ ღამის ხედვის შესაძლებლობა არც ერთს არა აქვს და შესაბამისად, ღამე მუშაობის შემთხვევაში, შეიძლებოდა ახალი ტრაგედია დატრიალებულიყო.
დიახ, ლამის ქართულ წესად იქცა, რომ ნებისმიერი მოვლენა პოლიტიკურ ჭრილში განიხილება. ეს კატასტროფაა! ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გაუძლებს გამოწვევებს და ვერ შეძლებს წინსვლას საზოგადოების კონსოლიდაციის გარეშე. ჩვენთან სასწაული ხდება – ნებისმიერი პრობლემა ეგრევე დაპირისპირებას იწვევს. ის ნაპრალი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, კიდევ უფრო მეტად ფართოვდება. მოგეხსენებათ, არაერთხელ მოვუბოდიშე საზოგადოებას გასული საუკუნის 90-იანი წლების მოვლენებში მონაწილეობის გამო. ბოდიშს იმიტომ ვიხდი, რომ თვალნათლად დავინახე, საზოგადოების გახლეჩამ და დაპირისპირებამ რა მოიტანა. ის ჭრილობა, რომელიც მაშინ გაჩნდა, დღემდე შეუხორცებელია და მას ახალ-ახალი ემატება. ვერაფრით ვერ შეივსო, ვერც ომმა, ვერც უბედურებამ ვერ მოაშუშა ბოლომდე. ისეთი პოლიტიკური ძალაც ვერ მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში, რომელიც კონსოლიდაციაზე იზრუნებდა. სხვათა შორის, “ქართულ ოცნებას” თავიდან ჰქონდა ამის ცდა, თუმცა ამან მახინჯი ფორმა მიიღო ამ ე.წ. კოაბიტაციის სახით, თან მეორე მხარემაც ვერ დაინახა ეს და არ გადადგა შემხვედრი ნაბიჯი. ნელ-ნელა უფრო გაუარესდა ვითარება და დღეს მივიღეთ სიტუაცია, როდესაც პოლიტიკური ოპონენტები და მათი მხარდამჭერები ერთმანეთის ლანძღვა-გინების მეტს არაფერს აკეთებენ.
ხშირად კითხულობენ, რატომ მიდიან საქართველოს მოქალაქეები უცხოეთშიო. უმრავლესობა სოციალური მდგომარეობის გამო მიდის, მაგრამ არაერთი მიდის იმიტომ, რომ ამ გარემოში ცხოვრება აღარ შეუძლია. აქ ხომ სასწაულად ნეგატიური ფონია, ერთმანეთთან დაპირისპირება, გინება, გაუტანლობა და ა.შ. ყველაფერს პოლიტიკურ შინაარსს ვაძლევთ. წარმოუდგენელი ვითარებაა…. ასეთი ტრაგედიის დროს როგორ შეიძლება ტყუილების ლაპარაკი?! რა საჭირო იყო იმის მოგონება, რომ თურმე კალაძემ წინასწარ იცოდა და თავისი შვილები ვერტმფრენით გამოარიდა საფრთხეს? თავის მხრივ, ხელისუფლების ზოგიერთი წევრის განცხადებებიც არანაკლებ მიუღებელი და არასწორი იყო. მახსოვს, 2008 წლის ომის დროს ოპოზიციამ ერთხმად განაცხადა, რომ აცხადებდა მორატორიუმს ხელისუფლების კრიტიკაზე, რამაც საზოგადოებაში ძალიან დადებითი რეაქცია გამოიწვია. ახლაც უმჯობესი იქნებოდა, ვიდრე ასეთი მძიმე დღეებია, ოპოზიციაში ეთქვათ, რომ ოპონირებას წყვეტენ დროებით და შეეთავაზებინათ ხელისუფლებისთვის დახმარება. კრიტიკის ნაცვლად თავიანთი ინიციატივები შეეთავაზებინათ ხელისუფლებისთვის და ეს ამომრჩეველზეც კარგად იმოქმედებდა. კრიტიკა და საქმის გარჩევა ამ მძიმე დღეების მერე შეეძლოთ გაეგრძელებინათ.
რაც შეეხება რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომ თურმე “საკმაოდ მიღწევადია” საავტომობილო და სარკინიგზო ტრანზიტის დაწყება ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ დარჩება ხელისუფლებაში, თუ განსაკუთრებული დივიდენდების გარეშე მიიღებს რუსეთისგან ასეთ წინადადებას. ვგულისხმობ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. აქვე ვიტყვი, რომ ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს მუშაობა, ისე კი არა, ქაღალდზე რომ დარჩეს. რუსეთის ნდობა არაფრით არ შეიძლება. გაგახსენებთ, რუსეთის მსო-ში გაწევრებისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთების მოძრაობა შვეიცარიულ კომპანიას უნდა შეემოწმებინა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, შეხვედრებისა და ლაპარაკისა, ეს დოკუმენტი ქაღალდად დარჩა. ვერავითარი გზა ვერ ამუშავდება, თუ საქართველო მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან მოგებას არ ნახავს. ვიმეორებ, არ შეიძლება რუსების ნდობა, მათ არაერთხელ მოგვატყუეს და გადაგვაგდეს. უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ხდება მსოფლიოსა თუ რეგიონში. დღეს გეოპოლიტიკური ფაქტორები რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. რუსეთმა თავისი იდიოტური პოლიტიკით იმდენი ქნა, რომ ამხელა პაუზის შემდეგ თურქეთი დაბრუნდა რეგიონში როგორც დიდი მოთამაშე და სამხედრო-პოლიტიკური ერთეული. ახლა სულ თავში ირტყამენ ხელს კრემლში, მაგრამ რაღა დროს. თურქეთს თავისი ამბიციები და ინტერესები აქვს ცენტრალურ აზიასა და ჩვენს რეგიონში. დღეს ის ამ რეგიონებში მთავარ მოწინააღმდეგედ რუსეთს კი არა, ჩინეთს განიხილავს. მაისში იყო საინტერესო პროცესი, ჯერ თურქებმა გამართეს თურქული სამყაროს ქვეყნების შეხვედრა, სადაც ლაპარაკი იყო გეგმებზე და გამოითქვა საერთო სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის შექმნის იდეა, ერთი კვირის მერე კი იმავე ქვეყნების მონაწილეობით თითქმის იმავე თემაზე კონფერენცია უკვე ჩინეთმა ჩაატარა. ამ ქვეყანას უფრო დიდი გავლენა აქვს ცენტრალურ აზიაში, სადაც თურქეთს იდეოლოგიური გავლენით კი ჩამორჩება, მაგრამ ფინანსურ-ეკონომიკურით ძლიერ უსწრებს. რუსეთს რეგიონში ძალიან რთული მდგომარეობა აქვს. ამიტომ სჭირდება სამხრეთ-კავკასიურ პოლიტიკაში დაბრუნება და ამიტომ აქტიურობს საქართველოს მიმართულებით. დღეს კრემლში ცდილობენ გადახედონ ჩვენთან ურთიერთობის ბოლო წლებში ჩამოყალიბებულ პოლიტიკას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს დიდად ეფექტიანი ვერ არის მათივე იმპერიული ხედვის გამო. ამიტომ გვჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე. დღეს საქართველოზე როგორც რუსეთიდან, ისე დასავლეთიდან დიდი ზეწოლაა. მნიშვნელოვანია შექმნილი ვითარების შეფასება და სწორი დასკვნების გამოტანა. სიფრთხილე გვმართებს ჩინეთთანაც, ჩინური ეკონომიკური ექსპანსიის მახეში არ უნდა გავებათ. ახლა საჭიროა ამდენი ქვეყნის ინტერესების დაბალანსება და სწორი პოლიტიკის გატარება, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ამის დიდი იმედი მაქვს. პოლიტიკური სიბრძნის დემონსტრირებაა საჭირო. ძალიან ცუდია, რომ არა გვაქვს ძლიერი ანალიტიკური ცენტრები, რომლებიც მხოლოდ ვითარებას კი არ შეაფასებდნენ, არამედ სწორ დასკვნებს გამოიტანდნენ და ასევე შეისწავლიდნენ ჩვენი მოწინააღმდეგეების მენტალობას. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით სწორ დროს დაიგეგმა ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი, ვერ გეტყვით, რომ ჩინეთში ხელმოწერილი დოკუმენტი უნაკლოა, მაგრამ დრო სწორად იყო შერჩეული და ეს საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. სწორი პოლიტიკის წარმართვის შემთხვევაში, როცა გეოპოლიტიკური ვითარება ხელს გიწყობს, მიუხედავად დიდი ქვეყნების გავლენებისა, შესაძლებელია შენი ინტერესები ისე გაატარო, რომ სხვისი არ შელახო”, – განაცხადა არეშიძემ.