არჩილ მაღალაშვილი: შოვში ასეთ მოვლენას არავინ ელოდა – კლიმატის სწრაფ ცვლილებას გამოჰყავს წონასწორობიდან ისეთი ადგილები, რომლებიც ადრე სტაბილურად იყო მიჩნეული

შოვში ასეთ მოვლენას არავინ ელოდა, რადგან არის ძველი კურორტი. ამ ტერიტორიაზე მსგავსი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ამიტომ, ვიმეორებ, რომ კლიმატის სწრაფ ცვლილებას გამოჰყავს წონასწორობიდან ისეთი ისეთი ადგილები, რომლებიც ადრე სტაბილურად იყო მიჩნეული, – ამის შესახებ გეოლოგი არჩილ მაღალაშვილი “კვირასთან” საუბარში აღნიშნავს.

როგორც გეოლოგი განმარტავს,  მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტოს რაჭაში რამდენიმე ლოკაციაზე სპეციალური მონიტორინგის სისტემები აქვს დამონტაჟებული, შოვში მომხდარი კომპლექსური სტიქიის წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელი იყო.

“ასეთი მოვლენის პროგნოზირება შეუძლებელი იყო. თეორიულად კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი ვითომ შესაძლებელია, მაგრამ ასეთი მოვლენის წინასწარ განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთიანი რეგიონები ყველა აქტიურია ამ თვალსაზრისით, თბილისიც კი. ამის ძირითადი მიზეზია კლიმატის სწრაფი ცვლილება, რომელსაც წონასწორობიდან გამოჰყავს ადრე წონასწორობაში მყოფი ფერდობი იქნება თუ სხვა გეოლოგიური წარმონაქმნები. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ამის პროგნოზი შეუძლებელია. მომავალში ალბათ, რაღაც სპეციალური ღონისძიებები უნდა გავატაროთ, იმისათვის რომ მსგავსი არეალები მოვნიშნოთ და შესაბამისი ღონისძიებები გავატაროთ.

ე.წ ადრეული შეტყობინების სისტემები სხვადასხვა პრინციპით მუშაობს და რეაგირებს სხვადასხვა ფაქტორზე. მე როგორც ვიცი, გარემოს ეროვნულ სააგენტოს აქვს რამდენიმე ადგილი სადაც დამონტაჟებულია ეს სისტემები, რიგ შემთხვევაში მსგავსი სისტემები, რა თქმა უნდა, ეფექტურია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის მოვლენას უნდა ველოდეთ.

შოვში ასეთ მოვლენას არავინ ელოდა, რადგან არის ძველი კურორტი. ამ ტერიტორიაზე მსგავსი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ამიტომ, ვიმეორებ, რომ კლიმატის სწრაფ ცვლილებას გამოჰყავს წონასწორობიდან ისეთი ისეთი ადგილები, რომელიც ადრე სტაბილურად იყო მიჩნეული”,- განაცხადა არჩილ მაღალაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ რომ მეწყერის ჩამოწოლამდე დაგროვებული იყო წყალი და სწორედ ამით იყო შესაძლებელი სტიქიის პროგნოზი, გეოლოგი განმარტავს, რომ ამ თემაზე არასწორი ინტერპრეტაციაა.

“იქიდან გამომდინარე, რომ კოლოსალური მასაა წამოსული, მეეჭვება, რომ კალაპოტს რაიმე მასა შეეკავებინა. ამ თემაზე ალბათ არის არასწორი ინტერპრეტაცია. ვფიქრობ, წყლის მასა კი არა, ნაწილობრივ წინაღობა გაუწია კალაპოტის კონფიგურაციამ”, – აღნიშნა გეოლოგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები