სანდრო თვალჭრელიძე: ვფიქრობ, რომ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ევროპასთან დაშორებას, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება გამჭრიახი პოლიტიკა
“ჩინეთი შუა დერეფანსა და მასში საქართველოს როლს უკვე დიდი ხანია აკვირდება და საკუთარ ინტერესებსაც ნელ-ნელა აჩენს და ხორცს ასხამს – ვფიქრობ, რომ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ევროპასთან დაშორებას, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება გამჭრიახი პოლიტიკა, ძალიან აწონილი და პროფესიული ქმედებები”,- ამის შესახებ ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
თვალჭრელიძე ინტერვიუში არჩევნების საკითხზეც საუბრობს და ამბობს, რომ ახალი სახეების მოძებნაა საჭირო.
“უკრაინაში ომამდე მსოფლიოში განიხილებოდა ორი ძირითადი ძალა – აშშ და რუსეთი. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი გააჩაღა, ეს ქვეყანა პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდა, შესაბამისად, მისი ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე გათავისუფლდა, რომლის დაკავებაც ჩინეთმა მოისურვა, მით უფრო, რომ საამისო ამბიცია, პოლიტიკური და ეკონომიკური წინა პირობები კარგა ხანია აქვს. ჩინეთი ამ ყველაფერს აკეთებს არა რუსეთის მსგავსად, ნაჯახივით, არამედ ლატენტურად, ნელ-ნელა, ძირითადად, ეკონომიკური ექსპანსიით.
ეს ქვეყანა ამ ეტაპზე არაერთი გეგმის რეალიზებას ცდილობს, მათ შორის მიწოდების ინფრასტრუქტურული ქსელების შეცვლას. მას აღარ სურს რუსეთი გამოიყენოს როგორც ძირითადი ჰაბი და ეძებს სხვა გზებს. ამ მხრივ ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გზა შუა აზია-აზერბაიჯანი-საქართველო, რათა გავიდეს ხმელთაშუა ზღვის ოფშორულ ზონაში. ის სარგებლობს იმით, რომ შუა აზია პოლიტიკურად ძალიან ეკლექტური კონგლომერატია. შედარებით ანგარიშგასაწევი მოთამაშეები არიან ყაზახეთი და უზბეკეთი, დანარჩენები XVIII საუკუნეში ჩარჩენილი ქვეყნებია. თურქმენეთს ვერაფერს უზამს, ის გაზით პირდაპირ რუსეთთან არის გადაჯაჭვული, მაგრამ ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი მისთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებად შეიძლება იქცნენ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ უზბეკეთი ოქროს ძირითადი მწარმოებელია, ხოლო ყაზახეთი, გარდა თუთიისა, სპილენძისა და სხვა იშვიათი ლითონებისა, მსოფლიოში ურანის უდიდესი მომპოვებელია. ურანის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც იქ ოპერირებენ, რუსეთთან არ არიან გადაჯაჭვული, “როსატომს” აქვს 2 ერთობლივი საწარმო ყაზახეთში, რომლებშიც ის არ წარმოადგენს მთავარ აქციონერს, ხოლო ძირითადი მწარმოებელი კომპანიები არიან ყაზახურ-დასავლური (ძირითადად, კანადური და ფრანგული) საწარმოები. ისინი იყენებენ თანამედროვე უხიფათო ტექნოლოგიებს. ჩინეთს ამიტომაც სურს და ცდილობს კიდეც გამოიყენოს ამ ქვეყნების პოტენციალი.
ჩინეთი, როგორც უკვე აღვნიშნე, შუა დერეფანსა და მასში საქართველოს როლს უკვე დიდი ხანია აკვირდება და საკუთარ ინტერესებსაც ნელ-ნელა აჩენს და ხორცს ასხამს. ვინ აშენებს დღეს რიკოთზე გვირაბებსა და ხიდებს? – ჩინური კომპანიები, რაც პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია. საქართველოში იყო არაჩვეულებრივი კომპანიები “გვირაბმშენი” და “ხიდმშენი”, რომელთა აშენებულ გვირაბებს თუ ხიდებს პრობლემები არასდროს შეჰქმნია, თუმცა ეს ყველაფერი მოისპო. სამაგიეროდ, ვხედავთ, რა ხდება ჩინელების მშენებლობებზე, დღე ერთია და, ათასი ექსცესი ხდება. გულწრფელად ძალიან მაწუხებს და მაშფოთებს, რა ხარისხის გზებს, გვირაბებსა და ხიდებს მივიღებთ რიკოთის ისედაც ძალიან რთულ რელიეფზე. მოკლედ, ეს თანამშრომლობა ჩინელებისთვის სასარგებლოა, ჩვენთვის კი დამაზიანებელი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ჩინეთთან ერთობლივ პროექტებში საქართველოს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში, რომელიც მომგებიანი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე დასავლეთისთვის. ჩვენს ქვეყანას შეუძლია იქცეს ერთგვარ ბუფერად, ანუ როცა საჭირო იქნება გააძლიეროს ჩინეთიდან ტვირთნაკადი ევროპისკენ, და როცა საჭირო იქნება, შეანელოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ევროპასთან დაშორებას, მაგრამ ამ ყველაფერს, რაზეც ვისაუბრე, სჭირდება გამჭრიახი პოლიტიკა, ძალიან აწონილი და პროფესიული ქმედებები…
მოვისმინე ასეთი შეფასებაც, რომ საქართველო ვითომ რომელიღაც რუსულ-ჩინური ალიანსის მონაწილე ხდება. არ არსებობს ასეთი ალიანსი, ეს ყველაფერი ტყუილია. კი ჩავიდა პუტინი ჩინეთში, კარგად მიიღეს, ისევე, როგორც ღარიბაშვილი, მაგრამ ამას რეალური არაფერი მოჰყოლია, ჩინეთმა რუსეთს იარაღი არ მისცა. მე თუ მკითხავთ, ახლა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა სწორედ რუსეთსა და ჩინეთს შორის არის. უკვე გითხარით, რომ ჩინეთი რუსეთში გეოპოლიტიკური პოზიციის დაკავებას აპირებს და ამას აკეთებს მრავალი მეთოდით. მაგალითად, ციმბირში უკვე ცხოვრობს დაახლოებით 20 მილიონი ჩინელი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვს უტოლდება. ეს, ფაქტობრივად, ჩინური მეხუთე კოლონაა და შეადგენს მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილს, რასაც ციმბირის ჩინურ დასახლებად გადაქცევა ჰქვია.
სამწუხაროდ, ხშირად გვესმის ჩვენი პოლიტიკოსებისგან აბსოლუტურად ტლუ განცხადებები… ოკუპანტების წინააღმდეგ პროტესტი არ უნდა გაჩერდეს და როგორც პირველი გემი მიაბრძანეს ბათუმიდან, დანარჩენი რეისებისაც ასევე უნდა მივაბრძანოთ. არ მინდა დავიჯერო, რომ “ოკუპაციის შესახებ” კანონის დამრღვევებს უშვებენ ქვეყანაში, წინა ინტერვიუში გითხარით, რომ საშინელება ხდება ბათუმში – გადავსებულია იქაურობა რუსებით, რომელთა უმეტესობა ძალიან თავხედურად იქცევა.
რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შეცდომაა, რომ ძველ, ტლუ პოლიტიკოსებს უჭერენ მხარს. საჭიროა ახალი სახეების მოძებნა. მოდი, გადავხედოთ საქართველოს უახლეს ისტორიას: გაჩნდა სააკაშვილი, როგორც ახალი პოლიტიკური ფიგურა, ხალხი გაჰყვა მას და შეიცვალა ხელისუფლება. ასევე მოხდა ივანიშვილის შემთხვევაშიც. რატომ არ ვსწავლობთ ქართველი ხალხის მენტალიტეტს, მის ფსიქოლოგიურ გენოტიპს? ჩვენ გვიყვარს ყველაფერი ახალი და გვგონია, რომ ეს ახალი გადაგვარჩენს. “ქართული ოცნებაც” და “ნაციონალური მოძრაობაც” უკვე ჩამოწერილი კარტებია, ისინი წაგებულ თამაშს თამაშობენ და მხოლოდ იმის გამო იგებენ, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს. წინა საპარლამენტო არჩევნებზე ელექტორატის 50%-ზე ნაკლები მივიდა. თუ ასე გაგრძელდა, მომავალ წელს, ალბათ, 30%-ზე ნაკლები მივა. ხალხს იმედი გადაეწურა – ის ახალი სახეების გამოჩენას ელის. უკვე დროა, ვიღაც გამოჩნდეს, ა.წ. ოქტომბრის დასაწყისი იქნება ამის ბოლო ვადა”, – განაცხადა თვალჭრელიძემ.