„ფილმში გადაღებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების ნაწილი ახლა უკვე წყლითაა დაფარული“ – საკუთარ საქმესა და პროფესიაზე შეყვარებული რეჟისორი და მწერალი, საავტორო პროექტით – „RadioKino”

მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, გრაფიკოს-ანიმატორი, დრამატურგი და პროდიუსერი… მრავალმხრივ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა.
1988 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი, „თეატრისა და კინოს მსახიობის” სპეციალობით,  1990 წელს – თბილისის უნივერსიტეტი (სპეციალობა „კინომწერალი“) და 1995 წელს – კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი (სპეციალობა „კინო და ტელერეჟისორი“).
1995 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ჯორჯია-ფილმში“ რეჟისორად. გადაიღო არაერთი დოკუმენტური ფილმი, რამდენიმე სატელევიზიო სერიალი, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „პილიგრიმი“ (1994).
შეასრულა სახასიათო როლები ფილმებში: „უძინართა მზე“ (1992), „შეყვარებული მზარეულის ათასი და ერთი რეცეპტი“ (1995), „წითელი სტრეპტოციდი“ (2001).
1993 წელს მიუნხენის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა ვიმ ვენდერსის პრიზით, ფილმისთვის „პილიგრიმი“. 1995 წელს, ბელგრადის საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს რაინდი“, მისი ფილმი „თამადა ანუ სამყარო სუფრის გარშემო“, კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის, სპეციალური დიპლომით და პრიზით დაჯილდოვდა.
2001 წელს მართლმადიდებლური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე „რადონეჟი“ ფილმი „წუთი მარადისობაზე მეტი“ დაჯილდოვდა ვერცხლის ხატით და სპეციალური დიპლომით.
არის სცენარის თანაავტორი – ქართული ტელევიზიის პირველ არხზე სერიალის: „წვრილ ვარსკვლავების ღამე” (45 სერიალი).
2006 წელს მისმა პიესამ, „რეალობის ძიებაში ტელევიზორის პულტით“, მიიღო სრულიად რუსული პრიზის მესამე პრიზი დრამაში მიღწევისთვის „პერსონაჟები“.
მისი პიესები დაიდგა საქართველოს სხვადასხვა თეატრში. ერთხანს თამაშობდა რუსთავის დრამატულ თეატრშიც…
2020 წელს შეიქმნა შემოქმედებითი ჯგუფი და საავტორო პროექტი „RadioKino”, სადაც ზომავენ და ფორმატში გადააქვთ მხატვრული და სამეცნიერო-პოპულარული წიგნები და აფორმებენ მათ შესაბამისი მუსიკალური და სპეც-აუდიო ფონებით და ქმნიან ერთგვარ აუდიო – სერიალებს.
არის მოთხრობების რამდენიმე კრებულისა და რომანის ავტორი.  კინოფესტივალ „დიოგენეს იდეისა და პროექტის ავტორი.
კინორეჟისორის, დრამატურგისა და მწერლის – კობა ცხაკაიას პერსონა.

 ბავშვბა, სკოლათეატრისა და კინოს სიყვარული ალბათ ბავშვობიდან დაიწყოსაინტერესო რა იყო ბავშვობაში?
– ბავშვობა იყო ჩვეულებრივი თავისი არაჩვეულებრივი ელემენტებით, – ის ფაქტობრივად, მთელს საქართველოს მოიცავდა – დაწყებული ქართლიდან – დირბი, მთიანეთი – თიანეთი, ჟებოტა, იმერეთი – წყალტუბო, აფხაზეთი – სოხუმი, თავისუფლება. აჭარა – ბათუმი, ბენზე. შეიძლება ითქვას, მოიცავდა საქართველოს დიდი ნაწილს, სადაც ჩემი ბებიები, ბაბუები, ბიძები და დეიდა-მამიდები ცხოვრობდნენ. ყოველი არდადეგები ზემოთ ჩამოთვლილ კუთხეებს მოიცავდა და ყოველთვის იყო ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელი ისტორიებითა და თავგადასავლებით სავსე.

„ვგიკში“, სცენაზე…

რაც მთავარია – ბიძაშვილ-მამიდაშვილების დიდი ოჯახი გვქონდა, ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და არა მხოლოდ დღესასწაულებსა და არდადეგებს ვატარებდით ერთ „კომპანიაში“, არამედ მთელი ბავშვობა – ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი დღეები, ამ ერთიან „ჯარში“ გავატარეთ – თორმეტნი ვიყავით, არ გვქონდა ინტერნეტი და რაც მთავარია, ტელევიზორში მხოლოდ ორი არხი აჩვენებდა.
ხმაურიანი და გადარეული დრო იყო ჩვენთვის, ხოლო ჩვენი უფროსები როგორ ისვენებდნენ ამ დროს ხომ წარმოგიდგენიათ…
ასე რომ,  ჩემი ბავშვობა  – იყო სავსე საქართველოში მოგზაურობით, მოულოდნელი შეხვედრებითა და კოლორიტული, სითბოთი და სიბრძნით სავსე ადამიანებით. თითოეულმა ამ მხარემ და იქ მცხოვრებმა (ჩემი ოჯახის წევრი იქნებოდა ის თუ არა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა) თავისი წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში და გაამდიდრა – გაამრავალფეროვანა მოგონებები.
რაც შეეხება თეატრსა და კინოს, ათი წლის განმავლობაში, სანამ იყო თეატრალური სეზონი, თვეში სამჯერ მაინც დავდიოდით თეატრში და ვტკბებოდით ქართული ჯერ საბავშვო, მერე კი უკვე ასაკის შესაბამისი სპექტაკლებით. მუსკომედიის არცერთი სპექტაკლი არ გამომიტოვებია, ჯერ მშობლებს დავყავდი, შემდეგ კი თავად დავდიოდი.
კინოს ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა იმ პერიოდში მცხოვრები ყოველი მოქალაქის ცხოვრებაში. ასევე ვიყავით ჩვენც. ქართული თუ უცხოური ფილმის ნახვა ყოველთვის დღესასწაულთან იყო დაკავშირებული.
მაგრამ არ შემიძლია პირველ ადგილზე არ დავაყენო რადიოსპექტაკლები. ეს ქართული ხელოვნების ფენომენი მუდმივად იყო ჩვენთან. გზაში, სოფელში, ქალაქში, დღისით, შუადღისას, საღამოს – ვუსმენდით და ვთამაშობდით, ვუსმენდით და ვსწავლობდით, ვუსმენდით და ვმუშაობდით. რადიო – თეატრი იყო ყოველი ჩვენგანის მასწავლებელი, გზამკვლევი, დამრიგებელი და აღმზრდელი. გემოვნების და გონების გამრანდავი.
პროფესიით ხართ თეატრისა და კინოს მსახიობი, კინომწერალისტუდენტობის წლები
– დიახ, პირველი პროფესიით ვარ თეატრისა და კინოს მსახიობი, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წლები გავატარე თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც უდიდეს პედაგოგების დახმარებით ვეზიარე ამ ურთულეს და შრომატევად პროფესიას – მსახიობის ოსტატობას.
პირველი ნაწარმოები, ანუ ლიტერატურული პიესა სწორედ მაშინ დავწერე – ეს იყო კომპოზიცია ილია ჭავჭავაძის მოთხრობაზე „სარჩობელაზედ“. რომელიც იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ სატელევიზიო ფორმატში გადაკეთდა და გადაიღო ქალბატონმა ნანა დევდარიანმა, მაშინ ტელერეჟისორმა, შემდგომში, დეპუტატმა და  ომბუდსმენმა.
ამ სატელევიზიო სპექტაკლის პრემიერა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე შედგა.
ამ კომპოზიციის დაწერა მთხოვა და დამაძალა ჩემმა მეტყველების პედაგოგმა ქალბატონმა, რუსუდან ფარემუზაშვილმა. მისი ძალისხმევა რომ არა, არც ეს სპექტაკლი გამოვიდოდა 1987 წელს და ალბათ არც შემდგომ გაგრძელდებოდა ჩემი ამ მიმართულებით მუშაობა.
შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ სპექტაკლის შექმნამ,  სატელევიზიო ფორმატში მისმა გადაყვანამ და სატელევიზიო ეკრანიდან მისმა ხილვამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა კინოსარეჟისოროზე ჩაბარება, რომელიც სამ წელიწადში, 1990 წელს, წარმატებით შევძელი.
მოგვიანებით ამ ორ სპეციალობას დაემატა კინო და ტელერეჟისორის სპეციალობა. რატომ?
– 1990 წლის დასაწყისში დარწმუნებული ვიყავი, რომ მინდოდა კინორეჟისორი გავმხდარიყავი, განა იმიტომ, რომ სამსახიობო ხელოვნება აღარ მიყვარდა, არამედ პირიქით, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარდა ეს პროფესია, სცენა, როლებსა და პიესებზე მუშაობა, მხატვრული ტექსტის დამუშავება და ტექსტს უკან დამალული სათქმელის, ემოციების, ურთიერთობის მოძიება. ამ მხრივ უფრო მეტის გაკეთება მინდოდა და სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი თავის და პროფესიის ამ მიმართულებით განვითარება.
იმ წელს თბილისში ჯგუფს იყვანდა ბატონი გიორგი შენგელაია, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემდი, მისი ფილმებისთვის – შედევრებისთვის, შემეძლო უსასრულოდ მეყურებინა. მისი ნიჭი და მოღვაწეობა ჩემთვის კინორეჟისორის ეტალონს წარმოადგენდა. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი აზრით, უფრო რთული გზით წასვლა, და თბილისში კი არ შევიტანე საბუთები, არამედ მოსკოვის კინემატოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტში, სადაც ჯგუფს იყვანდა უდიდესი საბჭოთა კინორეჟისორი ალექსანდრე ნაუმოვი. ამ საქციელით მინდოდა დავრწმუნებულიყავი, ვაკეთებდი თუ არა სწორ არჩევანს.
ჰოდა, მოვხვდი კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე (ვგიკი), სადაც ჩვენი ჯგუფის რეპეტიციებზე წელიწადში სამ-ოთხჯერ ესწრებოდნენ და თავის შეხედულებებს გვიზიარებდნენ – ტონინო გუერა, ჟან ლიუკ გოდარი, რობერტ დიუვალი, ანჟეი ვაიდა და ბევრი სხვა უდიდესი ხელოვანი.
არაჩვეულებრივი პედაგოგები გვყავდა – ჯგუფის ხელმძღვანელი ვლადიმერ ნაუმოვი, არმენ ჯიგარხანიანი, ნატალია ვოლკოვა და სხვა…
ჯგუფის ძალიან საინტერესო გვქონდა, ერთად ვსწავლობდით და ვქმნიდით – ფრანგები, იტალიელები, კოლუმბიელები, ინგლისელები, რუსები, მონღოლები, კორეელები, რუსები, სერბები, ლივანელები, ებრაელები, ფინელები  და ორი ქართველი, მე და დიდი სერგო ფარაჯანოვის დისშვილი გარი ფარაჯანოვი.
ერთი სიტყვით, აქაც გამიმართლა და საოცარ ხალხთან ერთად  არაჩვეულებრივი ხუთი წელი გავატარე.

ვიმ ვენდერსთან ერთად

შეასრულეთ სახასიათო როლები რამდენიმე ფილმში. რომელ კინოროლს გამოყოფდით?
– მინდა გითხრათ, რომ ჩემს სამსახიობო მოღვაწეობის მანძილზე ბევრი კინოროლი არა მქონია. იყო რამდენიმე სახასიათო და სახალისო ეპიზოდი, ბატონი თემურ ბაბლუანის „უძინართა მზეში“ და ნანა ჯორჯაძის „შეყვარებული კულინარის 1000 რეცეპტში“, თუმცა გადაღებული ეპიზოდებიდან აქ მხოლოდ მცირე ნაწილი შევიდა და, შესაბამისად, რაც იყო და რაც დარჩა ეკრანზე (ანუ ჩემი პერსონაჟის ეკრანული „გაშხუილება“), ძალიან მიყვარს.
უფრო თეატრალური როლები შეიძლება გამოიყოს, რადგან რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავე, რაზედაც დიდი მადლობელი ვარ ამ თეატრის, კოლეგების და ხელმძღვანელობის.
ფილმი ,,პილიგრიმიმიუნხენის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა… ,,იმრავლეით ჩემ გურჯებფილმი კი ტაოკლარჯეთზეა. ეს ფილმიც ჯილდოს მფლობელია. როგორ იქმნებოდა ეს ფილმები (და არა მარტო ეს ფილმები) მძიმე 90იან წლებში?

„იმრავლეით ჩემ გურჯებო“

– დიახ, „პილიგრიმი“ მიუნხენის საერთაშორისო ფესტივალზე, ჟიურის თავმჯდომარის პრიზით დაჯილდოვდა. ჟიურის თავმჯდომარე იყო ვიმ ვენდერსი. მასთან და მისი ინიციატივით სურათიც გადავიღეთ.
ფილმის იდეა გაჩნდა უნებლიეთ. ავტობუსით მივემგზავრებოდი და დავინახე მამა-შვილი ერთად ისხდნენ და მამა შვილს (10-11 წლის ბიჭუნას) ხმადაბლა ესაუბრებოდა. მშობლის მზერაში ერთდროულად მჟღავნდებოდა სიყვარული, გულისტკივილი, სიმკაცრე და მორიდება. ბავშვი კი პერიოდულად თავს უქნევდა და ცდილობდა, ცრემლები არ წამოსვლოდა, ამიტომ თვალს ფანჯარას არ  აცილებდა. ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ის კიდევ რამდენიმე ფესტივალზე იყო მიწვეული. ბოლოს კი კინოსკოლების პირველ საერთაშორისო სელექტზე, მეხიკოში, ვგიკი-ს სახელით წარდგა.

„იმრავლეით ჩემ გურჯებო“ – მარჯვნივ თემურ ჯაგოდნიშვილი

რაც შეეხება ფილმს, „იმრავლეით ჩემ გურჯებო“. ძალიან საამაყო და ამავე დროს გულდასაწყვეტი მოგონებები მაკავშირებს ამ ფილმთან. რაც მთავარია, ის არ შედგებოდა, რომ არა ბატონი თემურ ჯაგოდნიშვილის მიერ ორგანიზებული ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, სადაც ვეძებდით და აღმოვაჩინეთ უნიკალური ტაძარი, და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არა პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტის თანადგომა, არც ეს ექსპედიცია შედგებოდა და არც ეს ფილმი.
ამ ფილმში გადაღებული და დაფიქსირებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების ნაწილი ახლა უკვე წყლითაა დაფარული.
ზღვა მასალა გადავიღეთ. მასალა ქაოსური იყო და, სამწუხაროდ, ბევრი შეიცავდა ტექნიკურ წუნს, ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა, ასევე საკუთარი სახსრების ჩადება მომიწია ამ ფილმის დასრულებაში.
შედგა მისი პრემიერაც „ერთსულოვნებაზე“ და დიდი ინტერესი გამოიწვია კიდეც ჩვენს მაყურებელში. უკვე მქონდა რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალიდან მოწვევა, მაგრამ მომიწია ყველაფრის გაჩერება და შეწყვეტა. სამწუხაროდ, არ ვიცი, რით ხელმძღვანელობდა იმდროინდელი უნივერსიტეტის უფროსობა, მაგრამ მათ ამიკრძალეს ფილმის სადმე ჩვენება და გაგზავნა. იმდენად შეურაცხყოფილი ვიყავი, რომ მიუხედავად დიდი გულისტკივილისა, ამ ფილმისთვის აღარ გამიწევია არანაირი თანადგომა და ყურადღება.
იხ. ფილმი „იმრავლეით ჩემ გურჯებო“: https://www.youtube.com/watch?v=iApDkikD1xk

„იმრავლეით ჩემ გურჯებო“

ეს ძალიან სამწუხარო ამბავია ჩემთვის. თუმცა, ღვთის წყალობით, მაშინ ახალი დასრულებული მქონდა ფილმი „წუთი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია“ (მეუფე ელისეს მოღვაწეობის შესახებ), რომლის ოპერატორი იყო მეუფის შვილიშვილი, ცოტნე გლოველი. ამ ფილმმა მიიღო დიპლომი – მართლმადიდებლურ კინოში შეტანილი წვლილისათვის და ვერცხლის ხატი პრიზის სახით.
თუ გულით აკეთებ, ყოველი ამბის დასასრული კეთილია.
ნოველა ,,სხვა საქართველო სად არისდღევანდელობის პრობლემებზეარეალური ამბავი ხომ არ უდევს საფუძვლად?
– ამ მოთხრობის საფუძველი არის რეალური ისტორია, რომლის მომსწრეც ვიყავი პირადად. თბილისის ერთ-ერთ ავტობუსში. ჯარიმის ფული გადავუხადე მე ბებოს, რომელსაც გასაბერი ჟირაფი ჰქონდა ნაყიდი და თურმე სამგზავრო ფული აღარ აღმოაჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ იდგა ფულის მიმღები ავტომატები ავტობუსებში.

ფესტივალი, სტუდენეტბი, გადაღებები…

რას ფიქრობთ დღევანდელობაზე? რას შეცვლიდით, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული?
– ის, რაც დღეს ხდება, ის რეალობაა, რომელიც ჩვენ შევქმენით და რომლის არსებობაც განგებამ დაუშვა. შეცვლით მე ვერაფერს შევცვლიდი, მხოლოდ ვისურვებდი მეტ ადამიანობას, თანაგრძნობას და ისტორიის ცოდნას და პატივისცემას.
მოთხრობები, პიესები, რომანები, რადიოსპექტაკლები, კინოსცენარებიმრავალმხრივია თქვენი მოღვაწეობა. და მაინც, ჯერ მწერალი ხართ თუ კინორეჟისორი?
– მე ვარ რეჟისორი, რომელსაც ძალიან უნდა, იყოს კარგი მწერალი და იცის, რომ  საამისოდ ძალიან ბევრი შრომა და ფიქრია საჭირო. კიდევ, უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო მწერალი.
1995 წელს ბელგრადის საერთაშორისო ფესტივალზე ოქროს რაინდი ფილმი თამადა ანუ სამყარო სუფრის გარშემო დაჯილდოვდა კინემატოგრაფში ეტანილი წვლილისთვის სპეციალური დიპლომით და პრიზი. რატომ იყო ეს ფილმი თქვენთვის მნიშვნელოვანი?

ფესტივალი, სტუდენტები, გადაღებები…

– „თამადა ანუ სამყარო სუფრის გარშემო“, ეს უმნიშვნელოვანესი ფილმია ჩემი კარიერის დასაწყისში. ის არ არის უბრალოდ ფილმი, ისაა მანიფესტი – იბრძოლოს სახელმძღვანელო, მაშინდელ შავბნელ რეალობაში ადამიანად დარჩენის და ქართველად თავის აღქმის მიმართულებით. ამისთვის კი გამოვიყენე – ქართული სახალხო ფილოსოფიის მთავარი საძირკველი – ქართული სუფრა.
2006 წელს პიესამ რეალობის ძიებაში ტელევიზორის პულტით მიიღო სრულიად რუსული პრიზის მესამე პრიზი დრამაში მიღწევისთვის პერსონაჟები. დაჯილდოების დასკვნით ცერემონიაზე მიწვეული იყავით, მაგრამ ვიზაზე უარი გითხრეს. ამ შემთხვევამ ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო
–  ამ ამბავმა საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია, როგორ აქ, ჩვენთან, ისე რუსულ და სხვა უცხოურ პრესასა და ინტერნეტგამოცემებში.
ამის მიზეზი კი იყო ერთი პოლიტოლოგი, ფილოსოფოსი, სამწუხაროდ, ჟიურის წევრი – ტრეტიაკოვი (Виталий Товиевич Третьяков), ის საკმაოდ აგრესიული პიროვნებაა და ყოველთვის მხარს უჭერდა სეპარატიზმს მხოლოდ რუსეთის ფარგლებს გარეთ. იმპერიული ამბიციებით გაჟღენთილი სუბიექტია, მან დიდი აჟიოტაჟი ატეხა ჩემი პიესის გამო, რომელიც აბსურდის სტილში იყო დაწერილი და შეეხებოდა საქართველოში იმპერიული ძალების და მათი აქაური მომხრეების მიერ ინსპირირებულ სამხედრო კონფლიქტებს, სადაც საბოლოოდ გამარჯვებული გამოდიოდა ის, ვის წინააღმდეგაც იყო მიმართული ბოროტების ეს მანქანა.

ფესტივალი, სტუდენტები, გადაღებები…

პიესაში ამ დამარცხებამ გააგიჟა ბატონი ტრეტიაკოვი და რაკი მის გარდა ჩემს პიესას სხვა არავინ დაუპირისპირა, მაშინ მან ჩაართვევინა ბიუროკრატიული მექანიზმები და ვიზა არ მომცეს.
ეს სამწუხარო და ამავე დროს აბსურდული ისტორია, შეიძლება ჩაითვალოს ჩემი პიესის მესამე აქტად.
2020 წელს შეიქმნა შემოქმედებითი ჯგუფი და საავტორო პროექტი RadioKino, გვიამბეთ, რატომ არის ეს პროექტი განსაკუთრებული?
– ამის შესახებ უკვე პირველივე შეკითხვაში გაგეცით ამომწურავი პასუხი. უბრალოდ ამის გაკეთება დიდი ხანია მინდოდა, ცოტ-ცოტას ვაკეთებდით კიდეც, მაგრამ პანდემიამ ძლიერი ბიძგი მისცა მის ადგილიდან დაძვრას და სრულფასოვან ხორცშესხმას.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაკეთებთ არა უბრალოდ აუდიოწიგნებს, არამედ მათ სინთეზს რადიოსპექტაკლთან, ვაძლიერებთ დიქტორის ტექსტს, მუსიკით, ხმაურებით და ვქმნით წიგნში აღწერილი – შესაბამის ატმოსფეროს, საბოლოოდ გამოდის აუდიოწიგნი – სპექტაკლი.

ფესტივალი, სტუდენტები, გადაღებები…

მაგრამ არ შემიძლია, აი, ეს აზრი, რის საფუძველზეც განვითარდა ჩვენი პროექტი „რადიო-კინო“ არ შემოგთავაზოთ – დღეს თვითგანვითარებისათვის საქმიანი ცხოვრების აქტიურ რიტმში ჩართულ ახალგაზრდა და აქტიურ ადამიანს დრო თითქმის არ რჩება. მათ ხანგრძლივი დროის გატარება უწევთ გზაში, საჭესთან, საცობებში. დრო მხოლოდ ფიზიკური დასვენებისთვის რჩებათ, სადაც, სამწუხაროდ, ძალიან მცირე ნაწილი უკავია საჭირო და სასურველი წიგნის წაკითხვას, ან ინფორმაციის მიღებას. ყველაფერი, რაც მათ ცხოვრებას, საქმიანობას უფრო მრავალფეროვან და შინაარსიანს გახდის. კომპიუტერული ტექნიკის განვითარებამ და ინტერნეტის გავრცელებამ, შექმნა ახალი მედია, რომელიც ახალი ფორმით აწვდის დროში შეზღუდულ ახალგაზრდა, აქტიურ პირებს, სრულად დაიკმაყოფილონ ინფორმაციული და ინტელექტუალური „შიმშილი“.
მეხუთე წელია ჩვენ (შემეცნებითი, ლიტერატურულ – ეთნოგრაფიული აუდიო პორტალი – “RadioKino”) ამ მიმართულებით ვვითარდებით და ჩვენი გვერდების სპეციფიკასა (აუდიოფორმატში გადაგვყავს და ხმოვანი ეფექტებით ვავსებთ გამოცემული, ან ჯერ გამოუცემელი სამეცნიერო – პოპულარული ლიტერატურას) და პოპულარობიდან გამომდინარე, წარმატებით ვუწყობთ ხელს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნებას, ინოვაციური იდეების განხორციელებას და, შესაბამისად, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს კულტურული ცხოვრების გააქტიურებაში.

ფესტივალი, სტუდენტები, გადაღებები…

ჩვენ ვართ „ფეისბუქზეც“, „მაივიდეოზეც“, „იუთუბიზეც“ – საკმარისია, აკრიფოთ RadioKino ან RadioKino2020 და გადახვალთ ჩვენს გვერდზე, სადაც ბევრ საინტერესო მასალას ნახავთ და მოისმენთ.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო თბილისის მუნიციპალური მერიის კულტურის, სპორტისა და განათლების სამსახურის და საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური თანადგომა და დახმარება.
ამ საქმის წამოწყებიდანვე გვიდგას გვერდით საქართველოს კინო აკადემია.
ჰობი..
– სიარული, კითხვა, მუსიკის მოსმენა, მოგზაურობა, კომპიუტერული გრაფიკული და სამონტაჟო პროგრამები.
– ოჯახი…
–  მყავს მეუღლე, ორი შვილი, აქედან უფროსი დაოჯახებულია და მყავს პატარა შვილიშვილი, რომელსაც უკვე ჰქონდა დებიუტი რადიოკინოს პროექტში, მან გაახმოვანა რამდენიმე სცენა, კინორეჟისორ  გიორგი ჭუმბურიძის მხატვრულ-ანიმაციური ფილმის სცენარში „შავი შაშვი არ ჩიოდა“ (ეძღვნება ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას).
– რაზე მუშაობთ? გეგმები…
– მაქსიმალურად ვაკეთო, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, საქმე, რაც მიტაცებს და მიზიდავს:
ვაკეთო თანამოაზრეებთან ერთად თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალი  „დიოგენე“.
გავაგრძელო ჩემს მეგობრებთან ერთად – პროექტი „RadioKino” და მოვახერხო ბევრი საინტერესო მხატვრული და შემეცნებით – საგანმანათლებლო წიგნის ჩაწერა და მსმენელისთვის შეთავაზება.
ვწერო, გადავიღო, გავახმოვანო, დავამონტაჟო; ბევრი ვისეირნო და ვიმოგზაურო.

 

                                                                                                                           თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები