დავით ქართველიშვილი: საქართველოში თურქი მესხების დაბრუნების თემა უმეტესად სტრატეგიული საკითხია, რომელსაც ქვეყანა ათწლეულებია თავს არიდებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამან შესაძლოა შიდა უსაფრთხოება შეარყიოს თუ პროცესი უკონტროლოდ ან გარე გავლენებით წარიმართება

პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, მიხეილ ყაველაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ერდოღანთან შეხვედრას და თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას თურქი მესხების საქართველოში დაბრუნების შესახებ სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ექსპერტი აღნიშნავს იმ საფრთხეებს, რაც შესაძლოა თურქი მესხების საქართველოში დაბრუნებას მოჰყვეს.

„ერდოღანმა იცოდეს, რომ საქართველო არ დაეთანხმება მის განაცხადს, თვითონ ამ თემის წამოწევამ შეიძლება გააძლიეროს მისი პოზიციები შიდა ფრონტზე და მეზობლებს შეახსენოს, რომ ანკარას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი ინტერესები აქვს”- წერს ანალიტიკოსი და განმარტავს, რომ ერდოღანის განცხადებას შესაძლოა რამდენიმე ფარული მიზანი ჰქონდეს, მათ შორის, საქართველოში პოლიტიკურად აქტიური თემების ჩამოყალიბება, რომლებიც ანკარის ინტერესს გაატარებენ, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით.

“არც ერთი კვირა ახალი შიშების გარეშე!” – პროექტის ფარგლებში, თურქეთიდან ახალი ფობია წამოგვეწია. ამჯერად – “თურქი მესხები”. საქართველოში მათი დაბრუნების თემა უმეტესად არა ჰუმანიტარული, არამედ სტრატეგიული საკითხია, რომელსაც ქვეყანა ათწლეულებია თავს არიდებს (ამ ჯგუფის მასშტაბურ დაბრუნებას), რადგან მიიჩნევს, რომ ამან შეიძლება:

✅ დემოგრაფიული ბალანსის შეცვლა გამოიწვიოს განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში, სადაც ისედაც რთული ეთნოპოლიტიკური ვითარებაა სომხური უმრავლესობის გამო

✅ ახალი ეთნიკური დაძაბულობა შექმნას და წარმოშვას თურქეთისადმი ლოიალური უმცირესობა სტრატეგიულად მგრძნობიარე რეგიონში

✅ შიდა უსაფრთხოება შეარყიოს, თუ პროცესი უკონტროლოდ ან გარე გავლენებით წარიმართება.

ამიტომ, ჩვენი პოზიციიდან ნებისმიერი გარე ზეწოლა აღიქმება, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და როგორც თურქეთის მცდელობა გააფართოოს თავისი კულტურულ-პოლიტიკური გავლენის არეალი საქართველოს სამხრეთში, რაც საქართველოსთვის მიუღებელია, მაშასადამე – განუხორციელებელია. ჩვენი ხისტი მიდგომა ამ პოზიციაში თვალნათლივ და პრაქტიკულ ჭრილში იქნა გამოხატული EU და ბაიდენის ადმინისტრაციის მაგალითებზე: “რაც არ გვერგება – არ შეგვერგება”.

რაც შეეხება ერდოღანის განცხადებას, ის შეიძლება დაკავშირებული იყოს რამდენიმე ფარულ მიზანთან:

✅ “რბილი ექსპანსია” – საქართველოში კომპაქტური, მაგრამ პოლიტიკურად აქტიური თემების ჩამოყალიბების სახით, რომლებიც ანკარის გავლენის ბერკეტად იქცევა, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით (ბაქო–თბილისი–ყარსი, ზანგეზური და სხვ.)

✅ დემოგრაფიული ზეწოლა სომხეთის საზღვართან – თურქეთისადმი ლოიალური ჯგუფების სომხურ დასახლებებთან ახლოს განსახლება შეიძლება იყოს გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს თურქეთ-აზერბაიჯანის გავლენის გაძლიერებას რეგიონში

✅ ამ შემოგდებული თემის გაცვლა სხვა დივიდენდებში, რათა მომავალში მოლაპარაკებებისას გამოიყენოს მაგალითად, ეკონომიკურ პროექტებზე, ენერგეტიკულ ხელშეკრულებებზე ან საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერის სანაცვლოდ.

რა თქმა უნდა, ამას აქვს შიდა პოლიტიკური ასპექტიც: ერდოღანი საკუთარ აუდიტორიას, განსაკუთრებით თურქეთში მცხოვრებ “თურქი მესხების” დიასპორას (რომელთა რაოდენობა ასეულ ათასს აჭარბებს), უჩვენებს, რომ ის “არ ივიწყებს თანამემამულეებს” და ზრუნავს “ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზე”. ეს ზრდის მის იმიჯს, როგორც “ყველა თურქის დამცველის”, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ასპექტებს, “დიდი ტურანის” კონცეფციის ფარგლებში და თურქული ინტეგრაციის გასაძლიერებლად – ანკარა თანმიმდევრულად აცხადებს თურქული ხალხების დაბრუნების, კულტურული ავტონომიისა და ისტორიულ საცხოვრებელ ადგილებში ეკონომიკური განვითარების უფლებაზე.

მაგრამ, როგორც იძახიან ოდესაში: “შეჰპირდე ცოლად მოყვანას და რეალურად დაოჯახდე – სხვადასხვა ამბებია”. მოკლევადიან პერსპექტივაში (1–3 წელი) ეს არის წარმოუდგენელი და გამორიცხული – საქართველო წინააღმდეგობას გაუწევს როგორც იურიდიული, ისე ბიუროკრატიული მეთოდებით და ამ საკითხში მისი საერთაშორისო მხარდაჭერაც მყარი იქნება. გრძელვადიან პერსპექტივაში (10+ წელი): თეორიულად შესაძლებელია ნაწილობრივი, ინდივიდუალური, ცალკეული ინდივიდების “ჩუმი” დაბრუნება (რასაც აქამდეც ჰქონდა ადგილი: წლების განმავლობაში ჩამოვიდა 2500-3000 კაცი) – ეკონომიკური ინტეგრაციის ან ქორწინებების გზით, მაგრამ არა ოფიციალური მასობრივი პროგრამით.

ზოგადად, დიპლომატიურ პრაქტიკაში ლიდერები ხშირად ახსენებენ ისტორიულად მნიშვნელოვან, მაგრამ აშკარად რთულად განსახორციელებელ თემებს, რათა:

კონკრეტული აუდიტორიის გული მოიგონ; დღის წესრიგში “შეხსენება” შეიტანონ თავიანთი გავლენის შესახებ (განსაკუთრებით “დიდგორობაზე” უხერხული ისტორიული ხსოვნის გადაფარვის მიზნით); გამოცადონ ოპონენტის რეაქცია. ამ შემთხვევაში, თუნდაც ერდოღანმა იცოდეს, რომ საქართველო არ დაეთანხმება მის განაცხადს, თვითონ ამ თემის წამოწევამ შეიძლება გააძლიეროს მისი პოზიციები შიდა ფრონტზე და მეზობლებს შეახსენოს, რომ ანკარას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი ინტერესები აქვს,”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები