ვაკის პარკის საქმე – დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკითხავენ ორ ექსპერტს, რომელმაც შადრევანში დაზიანებები აღმოაჩინა
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა იმართება. საუბარია ეპიზოდზე, რომელშიც მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი, გიგა გიგაშვილი და ერთ ერთი სპეციალისტი არიან ბრალდებულნი.
სხდომაზე დაკითხავენ ორ ექსპერტს, სწორედ მათ აღმოაჩინეს შადრევანში არსებული დაზიანებები.
“დღეს დაიკითხება საქმის ძირითადი გამომძიებელი, ასევე, ექსპერტი ტრასოლოგი, რომელმაც დააფიქსირა დაზიანება კაბელზე. შეკითხვები მექნება გამომძიებელთან მიმართებით. კერძოდ, მაინტერესებს, რამ მიიყვანა გამოძიება იმ დასკვნამდე და შემდეგ ბრალდების მხარე, რომ გიგაშვილს თითქოს ევალებოდა სავალდებულო ექსპერტიზების დასკვნების მოთხოვნა. რა სავალდებულო დასკვნებს გულისხმობს იმის გარდა, რაც საქმეში ისედაც არის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სასამართლოს დავანახოთ ის, რომ არანაირი დამატებითი ვალდებულება რაიმე სხვა ექსპერტიზის მოთხოვნისა გიგაშვილს არ ჰქონდა”, – განაცხადა ადვოკატმა, კახა წერეთელმა.
პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის განმარტებით, გიგა გიგაშვილისა და სხვა პირთა მიმართ წარდგენილი ბრალდებების შესაბამის მტკიცებულებებს ემყარება და შესაბამის დოკუმენტებში იყო გაწერილი ის ვალდებულებები, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ.
“როგორც გიგა გიგაშვილის, ასევე სხვა პირთა მიმართ წარდგენილი ბრალდება, რა თქმა უნდა, ემყარება შესაბამის მტკიცებულებებს და, რა თქმა უნდა, შესაბამის დოკუმენტებში არის გაწერილი ის ვალდებულებები, რომელიც უნდა შეესრულებინა აღნიშნულ პირს . “გრინ სერვის” უნდა წარედგინა გარკვეული დოკუმენტაცია, რომელიც იქნებოდა დაკავშირებული უსაფრთხოებასთან, რომ ჩატარებული სამუშაოები იყო უსაფრთხო, თუმცა ამ დოკუმენტების წარუდგენლობის მიუხედავად, ფაქტია, რომ შესრულებული სამუშაოები იქნა ჩაბარებული. რაც შეეხება ტრასოლოგს, მან გამოიკვლია უშუალოდ დაზიანებული კაბელი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ დაზიანება იყო გამოწვეული სწორედ იმ ცხაურით, რომლის ქვეშაც იგი იყო მოყოლილი. შესაბამისად, სწორედ ამის ირგვლივ დაიკითხება დღეს ექსპერტი”, – განაცხადა პროკურორმა, თამარ ყულჯანიშვილმა.