გია ხუხაშვილი: მესმის, რომ ვაშაძეს ძალიან უნდა პრემიერობა, მგონი, ბავშვობიდან, მაგრამ ეს მხოლოდ მისი სურვილია
“მესმის, რომ ვაშაძეს ძალიან უნდა პრემიერობა და მხოლოდ დღეს კი არა, მგონი, ბავშვობიდან, მაგრამ ეს მხოლოდ მისი სურვილია. როდესაც პატარა პარტია დიდს უერთდება, დიდმა ამ პატარა პარტიის თავმჯდომარე ან ვინმე იქიდან, რატომ უნდა დაასახელოს? პოლიტიკაში ასეთი რაღაცები არ ხდება, მაგრამ უნდა ამ კაცს და რა ქნას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “ნაცმოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებაზე საუბრისას აცხადებს.
როგორც მან “კვირის პალიტრასთან” საუბრისას აღნიშნა, ვაშაძეც ძალიან ამბიციურია და “ნაცმოძრაობაც”, მაგრამ დღემდე მათგან რაღაც პოზიტიური საზოგადოებას არ უნახავს.
“ვფიქრობ, ეს ყველაფერი სერიოზულს არაფერს ნიშნავს, რადგან ელექტორალური სურათი არ იცვლება -“ნაციონალურ მოძრაობას” ამომრჩეველი არ ემატება. უბრალოდ, მათ პიარის საშუალება მიეცათ, რომ რაღაც გაერთიანებას აკეთებენ, რომ მარტო არ არიან. ცხადია, ეს მათთვის დივიდენდია, მაგრამ არცთუ ისე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, შესაძლოა ვაშაძემ და კიდევ რამდენიმემ კონკრეტული სარგებელი მიიღონ, რადგან “სტრატეგია აღმაშენებლისთვის” ბარიერის გადალახვა პრობლემატურია და ამ კოალიციაში შესვლით 2-3 კაცი მაინც იხეირებს. საერთო ლანდშაფტში, პოლიტიკურ მოზაიკაში ეს ბევრს არაფერს ცვლის, რადგან “ნაციონალურ მოძრაობას” ელექტორალური ზრდის, განვითარების პოტენციალი არა აქვს, ერთგვარი ჩაკეტილი სისტემაა. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ ეს ისეთი სერიოზული რამ არის, რაც პოლიტიკურ ბაზარზე ძვრებს მოახდენს. ვაშაძეც ძალიან ამბიციურია და “ნაცმოძრაობაც”, მაგრამ დღემდე მათგან რაღაც პოზიტიური არ გვიხილავს.
ისინი მუდმივად ქმნიან რაღაც სუპერიმედს, რაც მუდმივად იმედგაცრუებით მთავრდება. ახლაც იმის საფუძველი, რომ მათი ეს ულტრაოპტიმიზმი გამართლდება, ნამდვილად არა გვაქვს. კი ბატონო, ვაშაძე პარფლამენტში თვითონაც შევა და შესაძლოა 2-3 კაციც შეიყვანოს. ეს მოხდება, მეტი არაფერი. როდესაც შენ მიდიხარ ისეთ პარტიასთან, რომელიც შენზე განუზომლად ძლიერია და მისი მიზიდულობის არეალში ხვდები, ბუნებრივია, იდენტობას კარგავ და ამის შემდეგ შენი პარტია, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ასე რომ, არაფერი კარგი ამაში არ არის. რაც შეეხება “ნაცმოძრაობის” ინტერესს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობის დემონსტრირებაა. “ნაციონალური მოძრაობის”, ისევე როგორც “ქართული ოცნების” ინტერესში, ორპოლუსიანობის შენარჩუნებაა. ორივე ამისგან იღებს სარგებელს, მათ ეს აერთიანებთ. ეს არის “ნაციონალების” დივიდენდი, მეტი არაფერი. იმისთვის, რომ ორპოლუსიანობა შეინარჩუნონ, ოპოზიციის მხარეს არ უნდა იყოს სხვა ძალა და “ნაცმოძრაობა” მზად არის, საკუთარი მანდატებიც კი მისცეს სხვა პარტიის ლიდერებს პარლამენტში მოსახვედრად, რათა სხვა არ გაძლიერდეს, რამე არ გააკეთოს.
დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებენ დიდ ბაზარზე გასვლას, რასაც ჰქვია ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა არც წარსული, “ნაცმოძრაობის” სახით, და არც აწმყო, “ოცნების” სახით. ასეთი ძალიან ბევრია. “ნაციონალებთან” გაერთიანებაზე უარი ნამდვილად სწორი პოლიტიკაა და არც უნდა გაერთიანდნენ. ამით ვერაფერს იხეირებენ. ამიტომ პარტიულმა სპექტრმა შესაბამისი შეთავაზება უნდა გააკეთოს, რათა დაარწმუნოს ეს ხალხი, რომ აზრი აქვს მათზე არჩევანის გაკეთებას. მათ საკუთარი იდენტობა აქვთ საპოვნელი, პოზიტიური დღის წესრიგი სჭირდებათ. ხალხს მხოლოდ ის კი არ აინტერესებს, რომ ხელისუფლება ცუდია. გავიგე, რომ ცუდია, და შენ რომ კარგი ხარ, ახლა ამაში დამარწმუნე – ანუ ნეგატივს უნდა დაამატო პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც მომავალზე იქნება ორიენტირებული და უპასუხებს ხალხის პრობლემებს. გარდა იმისა, ხელისუფლება პრორუსია თუ არა, ხალხს აწუხებს ბევრი სხვა რამეც, სოციალური, ეკონომიკური პრობლემები და ა.შ. ასე რომ, ეს დღის წესრიგი უნდა შექმნან, ხალხს ეს ყოველივე აუხსნან. ტელევიზორებიდან კი არ უნდა დამოძღვრონ, არამედ ელაპარაკონ. გახარიას სერიოზული გუნდი ჰყავს, მათ “ქოცებს” ვერ დავუძახებთ, რადგან ესენი უფრო ფუნქციონერები იყვნენ. სახელმწიფო სამსახური თავისთავად პარტიულობას არ გულისხმობს. ამიტომ ვამბობ, რომ სერიოზული გუნდია, მაგრამ რამდენად მოახერხებს იმ ქრონიკული პრობლემების გადაწყვეტას, რაც გახარიას გადმოჰყვა თავისი წინა სტატუსიდან გამომდინარე და რაც ოპოზიციური ამომრჩევლის თვალში სერიოზულ ხარვეზად ითვლება, ეს მოგვიანებით გამოჩნდება… გახარიამ შეიძლება შექმნას მესამე ცენტრი. როდესაც ჩვენ ალტერნატიულ ცენტრებზე ვლაპარაკობთ, ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ეგრევე ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ. ის ე.წ. მიზიდულობის ცენტრები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ, მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ მომავალ პოლიტიკურ ბატალიებში და გახარიასთვის ამ ამოცანის გადაწყვეტა საკმაოდ რეალისტურია. რა თქმა უნდა, თუ ის სწორ გზას იპოვის ამ კამპანიის დროს.
“ლელოსაც” აქვს კოზირები, რადგან რესურსები პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. “ლელო” კი, ბევრი სხვა პარტიისგან განსხვავებით, ამ რესურსებით უზრუნველყოფილია. აქედან გამომდინარე, “ლელოს” აქვს ამის შანსი, მაგრამ შანსს გამოყენება სჭირდება. ასე რომ, ვნახოთ, ჯერ ყველაფერი წინ არის… პარტიების გაერთიანება პრობლემას ვერ გადაწყვეტს, რადგან საბოლოოდ ამომრჩეველი აკეთებს არჩევანს და, თუკი კომუნიკაცია არ დაიწყეს ხალხთან, პოლიტიკური ელიტა რაც არ უნდა გადაჯგუფდეს და გადმოჯგუფდეს, რა მნიშვნელობა აქვს? როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ პარტიები, მთავარია, რკინის ქალამნები ჩაიცვან, ხალხში გავიდნენ და დაარწმუნონ, რომ მათ ხმა მისცენ. ეს არის ფორმულა. ჩვენს პოლიტიკურ ელიტას აქვს ილუზია, რომ თუ იპოვიან, ასე ვთქვათ, ერთად დასხდომის ფორმულას, პრობლემას გადაწყვეტენ, მაგრამ ძალიან ცდებიან, არ არის ასე. 1%-იანი პარტიები რაც არ უნდა გაერთიანდნენ, ხალხთან გასასვლელი თუ ვერ იპოვეს, შედეგი რა იქნება? არაფერი. უნდა ჩავიდნენ რეგიონებში და ხალხს ელაპარაკონ.
ვაშაძეს პრემიერობის კანდიდატად არ დაასახელებენ, ეს აბსურდია. მესმის, რომ ვაშაძეს ძალიან უნდა პრემიერობა და მხოლოდ დღეს კი არა, მგონი, ბავშვობიდან, მაგრამ ეს მხოლოდ მისი სურვილია. როდესაც პატარა პარტია დიდს უერთდება, დიდმა ამ პატარა პარტიის თავმჯდომარე ან ვინმე იქიდან, რატომ უნდა დაასახელოს? პოლიტიკაში ასეთი რაღაცები არ ხდება, მაგრამ უნდა ამ კაცს და რა ქნას.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, “ამ გაერთიანებამდე გვარამია გამოჩნდა “ნაცმოძრაობის” ლიდერობის ყველაზე პოტენციურ კანდიდატად. ვაშაძის გაერთიანება ხომ არ იყო გვარამიას წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი?” – მეც ასე მგონია. ამ ყველაფერში გვარამია შემაკავებელი ფაქტორი ნამდვილად არის, რადგან თვითონ “ნაცმოძრაობის” ინტერესებში, რა თქმა უნდა, იყო, რომ გვარამია გამხდარიყო პარტიის თავმჯდომარე. რატომ? იმიტომ, რომ გვარამიაა ერთადერთი ფიგურა, რომელსაც შეუძლია ამ ორად გაყოფილ პარტიაში კონსოლიდაციის ელემენტი დააბრუნოს. კი ბატონო, შესაძლოა სწორედ გვარამიაზე ეჭვიანობა იყო ამ პროცესების ფორსირების მიზეზი. შესაძლოა არც იყო, რადგან ზუსტად არ ვიცით. მე უბრალოდ იმას ვამბობ, ლოგიკურად რა ეჭვებიც ჩნდება.
ახლა ვინც შეიკრიბა, ხაბეიშვილი იქნება თუ ის ხალხი, ვინც მის გუნდს განეკუთვნება, სააკაშვილზე პარაზიტირებაა, მათ ხომ თავისი პოლიტიკური კაპიტალი არა აქვთ და პარაზიტირებენ სააკაშვილზე, ისევე როგორც მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა პარაზიტირებს ბიძინა ივანიშვილზე. ერთგვარი პოლიტიკური პარაზიტების კასკადი შეიქმნა ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. რეალურად ამ ორ პოლუსზე ხომ ორი კაცია – მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. სხვა არავინ არ არის და არც არავის უშვებენ. აი, ნიკა გვარამია რომ გამოჩენილიყო, ის თავისთავად თვითმყოფადია, რაღაც წონაც აქვს და შეცვლიდა რეალობას. ზუსტად ამიტომ არ უშვებენ, ის არავის უნდა. მიშასაც კი. რად უნდა მეტ-ნაკლებად თანაზომადი პოლიტიკური ფიგურა გაჩნდეს მის პარტიაში? არ უნდა, ეჭვიანობს და ურჩევნია, ხაბეიშვილი ჰყავდეს, რომელიც ტრენაჟორზე დარბის, ნაცვლად იმისა, რომ წინ იაროს.
რაც შეეხება თავად სააკაშვილს, აღარ იცის, რა ქნას. მისთვის მთავარია ციხიდან გაუშვან. ვის უნდა ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა, მით უმეტეს სააკაშვილს, რომელიც დღეში, მგონი, ას კილომეტრს გადიოდა ფეხით. მისთვის ძალიან რთულია ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა და ამიტომ ხან ასე მოსინჯავს, ხან ისე და ამ ამბავშია. მას არ აინტერესებს საზოგადოების დამოკიდებულება. მან იცის, რომ ჰყავს თავისი მრევლი, რომელიც მისგან ყველაფერს აიტანს და ყველაფერზე ტაშს დაუკრავს… პოლონელი ექიმის სკანდალი ძალიან უცნაური ამბავია, ასეთი რაღაცები, როგორც წესი, არ ხდება. ცხადია, ამ ჩანაწერის გამოქვეყნება ჩვენს საზოგადოებაზე ზემოქმედების ცდა იყო. ცხადია, “ოცნებას” შეეძლო ყველაფერი ეთქვა, რაც ილაპარაკეს კიდეც, მაგრამ ჩანაწერის გამოქვეყნება არაეთიკური იყო. შესაძლოა ის ექიმი მართლა ძალიან ცუდად მოიქცა, მაგრამ როდესაც შენს მეგობარ ქვეყანასთან გაქვს საქმე, რომლის კეთილგანწყობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, ასეთი ფორმით პასუხი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია. რაში სჭირდებოდათ გამოქვეყნება, ეთქვათ და ეგ იქნებოდა! თუ ამ ხელისუფლებას თავის თავში იმდენად ეპარება ეჭვი, რომ იფიქრა, არ დავიჯერებდით?”,- განაცხადა ხუხაშვილმა.