“საქართველომ სოლიდურ პროგრესს მიაღწია თავდაცვის რეფორმების განხორციელებაში“
საქართველოს ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ISAF -ის მისიაში, რისთვისაც მადლობას იმსახურებს – ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა კნუდ ბარტელსმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“მინდა ხაზი გავუსვა მათ დამსახურებას, ვინც ამ ოპერაციების შესრულებისას დაეცა და ჩვენი ფიქრებით მათ ოჯახებთან ვართ. საქართველომ აიღო ვალდებულება, მხარი დაეჭირა ნატოს ხელმძღვანელობით ჩატარებულ მისიაში, რაც გულისხმობს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მომზადებას და კონსულტაციას და ასევე, აიღო ვალდებულება, მიიღოს მონაწილეობა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მოქმედებაში 2015 წელს. საქართველოს სამხედრო ჩართულობის დინამიკა არის ნატოს წინაშე საქართველოს ვალდებულებების დემონსტრირება და ჩვენ ველით სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას 2014 წლის შემდეგ”, – განაცხადა გენერალმა.
ამასთან, როგორც კნუდ ბარტელსმა აღნიშნა, საქართველომ სოლიდურ პროგრესს მიაღწია თავდაცვის რეფორმების განხორციელებაში, რაც საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის საუკეთესო საშუალებას იძლევა.
“ ჩვენ განვაგრძობთ ამ რეფორმების მხარდაჭერას და ველოდებით ნაყოფიერ დისკუსიას საქართველოს პროგრესის საკითხებზე, რაც უკავშირდება მის ტრანსფორმაციას და უსაფრთხოების სექტორის გაუმჯობესებას”, – აღნიშნა კნუდ ბარტელსმა.