საჩხერის კულტურის ცენტრში ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
„ჩემი პატრიარქი“ – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა საჩხერის კულტურის ცენტრში.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ჭიათურა-საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, სასულიერო პირები, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„საიუბილეო საღამომ, რომელშიც მონაწილეობდნენ მარინა ჯანაშიას სახელობის თეატრალური სალონი „პარნასი“, მევიოლინეთა ანსამბლი, კვარტეტი „ჯრუჭი“, ქორეოგრაფიული ანსამბლები „საწერეთლო“ და „ციცინათელა“, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლეები, სტუდია „არტისტი“, ანსამბლები: „საპოვნელა“, „ციცინათელა“, „განთიადი“, „მოდინახე“, კულტურის ცენტრის სოლისტები და სტუდიის მოსწავლეები, სალოტბარო სკოლა, მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი და ჭიათურა-საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი. მათ პატრიარქის ღვაწლზე, ჩვენი ქვეყნისათვის მის უდიდეს დამსახურებაზე ისაუბრეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში იმართება საჩხერის მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
#ჩემიპატრიარქი