თენგიზ ფხალაძე: დღეს ძალიან სარისკოა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები

“ჩვენი პარტნიორები ყველა ძალისხმევას მიმართავენ, რათა არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა, რადგან ეს მართლაც ძალიან ძვირად დაუჯდება ქვეყანას”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დღეს ძალიან სარისკოა.

“სანქციების კოორდინატორების ვიზიტით უფრო ცხადად გამოჩნდა, რა დიდი ყურადღება ექცევა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით მობილიზებულია როგორც აშშ, ისე ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო ჩამოსული. მათი განცხადებებით გამოჩნდა, რამხელა ყურადღებას აქცევენ ჩვენი პარტნიორები საქართველოსთან თანამშრომლობას, იმას, რომ რაიმე მიზეზით საქართველო არ აღმოჩნდეს რუსულ სქემებში ჩართული. ითქვა, რომ რუსეთი ცდილობს გვერდი აუაროს დაწესებულ სანქციებს მესამე ქვეყნების მეშვეობით და ამგვარი ცდები მომავალშიც ექნება. საქართველო სწორედ ამ თვალსაზრისით არის რისკის ზონაში. ჩვენი პარტნიორები ყველა ძალისხმევას მიმართავენ, რათა არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა, რადგან ეს მართლაც ძალიან ძვირად დაუჯდება ქვეყანას.

რაც ყველაზე მეტად მახარებს, იმ კონკრეტული დასახელების პროდუქციაზე, რის თაობაზეც ამჯერად იყო ლაპარაკი, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა შედგა. მოგეხსენებათ, ვიზიტი არ შეეხებოდა მთელ სანქციებს, ის ითვალისწინებდა კონკრეტული დასახელების პროდუქციის მოძრაობას და ამის წინააღმდეგ ერთობლივი, კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმას.

როგორც ჩანს, ეს შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან პროდუქტიული იყო და თანამშრომლობის დამატებით მექანიზმებზე, რაც აუცილებელია ტვირთების მოძრაობის გასაკონტროლებლად, შეთანხმება შედგა. საქართველოს არც ერთ ნორმალურად მოაზროვნე მოქალაქეს არ შეიძლება სურდეს საქართველო დადგეს იმ მხარეს, სადაც მისი ადგილი არ არის. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კონკრეტული დასახელების პროდუქციის საკონტროლოდ არსებობს თანამშრომლობის კარგი მექანიზმი, რომელიც ქმედითია და იმედია, მომავალშიც იმუშავებს შეფერხებების გარეშე. რაც შეეხება სხვა საკითხებს, როგორც ითქვა, ეს დამატებითი შესწავლის საგანია, მათ შორის რუსეთთან პირდაპირი ფრენები.

შეხსენება უცხოელებისგან არ უნდა გვჭირდებოდეს – ისედაც უნდა ვხვდებოდეთ, რომ დღეს ძალიან სარისკოა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ არაერთხელ ვიწვნიეთ ამის მძიმე შედეგები, რამდენჯერ დაგვიწესა კრემლმა ემბარგო, სანქციები. დღეს ეს რისკები გაცილებით მეტად არის გაზრდილი. რუსეთს უარი არ უთქვამს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოლიტიკურ ბერკეტებად გამოყენებაზე და თუ დღეს კონკრეტულად 40 დასახელების პროდუქციის მოძრაობის შესასწავლად იყვნენ ჩამოსული ეს კოორდინატორები, ხვალ შესაძლოა ჩამონათვალი გაფართოვდეს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან, ორიენტირებული უნდა იყოს სწორედ მის სრულ ათვისებაზე და არა იმაზე, რომ რუსეთთან გააძლიეროს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები”, – განაცხადა ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები