ვახტანგ ძაბირაძე: სიცრუეს ოპოზიცია შავი ჭირივით უნდა ერიდოს

“ახლა აბსურდული საუბრები ოპოზიციისთვის სიკეთის მომტანი არ არის – სიცრუეს ოპოზიცია შავი ჭირივით უნდა ერიდოს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ოპოზიციის ერთადერთი გამოსავალი სიმართლეა.

“სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური ჯგუფების დაპირისპირება ბოლო 30 წლის განმავლობაში მუდმივად არის. დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავდება მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი ელექტორალურ მხარდაჭერას კარგავს და მისი მთავარი საყრდენი ხდება ძალოვანი სტრუქტურები. ფაქტია, “ქართული ოცნება” ელექტორატს კარგავს. ამას მშვენივრად ხედავენ მმართველი გუნდის წევრები. ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც “ოცნება” დღემდე ახერხებს ხელისუფლების შენარჩუნებას, “ნაციონალური მოძრაობაა”. ჩხუბი და დაპირისპირება ყოველთვის იქნება ქვეყანაში, სადაც ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს და წლების განმავლობაში არაფერი ხდება, გარდა ხელისუფალთა ჩანაცვლებისა. თუ გვინდა უფრო ცივილიზებული პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება გვყავდეს, უპირველესად პოლიტიკური გარემო უნდა შევცვალოთ, ამისთვის კი, როგორც ჩანს, საზოგადოება არ არის მზად…

ისეთი შეხლა-შემოხლა, როგორიც ახლაა, 2011 წელსაც დაიწყო, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. ჯერ სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები არ არის, მაგრამ თუ ასე დიდხანს გაგრძელდება, გამორიცხულიც აღარ იქნება. მაშინ შეხლა-შემოხლა სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდა იმიტომ, რომ 2011 წელს ივანიშვილმა შეძლო ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება. დღეს ასეთი პოლიტიკური ლიდერი ოპოზიციაში არ არის, არც რომელიმე პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ამ მისიის შესრულება შეუძლია. ამიტომ ადვილი შესაძლებელია, დღეს თუ არა, ხვალ, უარყოფითმა მუხტმა იფეთქოს, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება. ამიტომ აუცილებელია ყველამ, როგორც საზოგადოებამ, ისე პოლიტიკოსებმა დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება ოპოზიციას…

ხომ ნახეთ, ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოსულმა სანქციების ჯგუფმა რა განაცხადა? ძალიან ბევრი ილაპარაკეს ოპოზიციონერმა ლიდერებმა, “ქართული ოცნება” სანქცირებულ ტვირთებს ატარებს რუსეთშიო, მაგრამ კომისიის წევრებმა გასაგებად თქვეს, რომ საქართველოს სანქციებისთვის გვერდი არ აუვლია. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ არის სწორი, როდესაც დასავლელი პარტნიორები მხოლოდ მაშინ მოგწონს, როდესაც გაქებენ…

საქართველოს მიმართ ყოველთვის იყო ეჭვი, რომ სანქცირებული ტვირთების გამტარია და ამის შესახებ საჯარო განცხადებებიც კეთდებოდა. კი მაგრამ, დასავლელი პარტნიორები თუ ეჭვების საფუძველზე აკეთებდნენ ასეთ განცხადებებს, ვითომ ახლა რატომ უნდა გამხდარიყვნენ ასეთი მორიდებული? რუსეთ-უკრაინის ომის გამო ამერიკა ჩინეთს უპირისპირდება, რუსეთისთვის იარაღის მიწოდების საშუალებას არ აძლევს და საქართველოს დასანქცირება რა პრობლემაა მისთვის?! ახლა ასეთი აბსურდული საუბრები ოპოზიციისთვის სიკეთის მომტანი არ არის. შეიძლება დახურულ კარს მიღმა მართლა იყო მკაცრი საუბარი, მაგრამ ეს რას ცვლის?! სიცრუეს ოპოზიცია შავი ჭირივით უნდა ერიდოს. მმართველი გუნდის ლიდერები კი ხშირად იტყუებიან, მაგრამ მათ მომხრეები მაინც ჰყავთ, რადგან ძალაუფლება აქვთ და სახელისუფლებო რესურსის გამოყენება შეუძლიათ. ოპოზიციისთვის კი მნიშვნელოვანია გარღვევა მოახდინოს. ხომ გახსოვთ, “ნაციონალებმა” სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგში საჩივრის გაგზავნა რომ გააჭიანურეს? როგორ გგონიათ, რატომ? იცოდნენ, რა შედეგსაც მიიღებდნენ და იმიტომ. კაცს ორმოცზე მეტი დაავადება სჭირდა და როგორც კი სტრასბურგის გადაწყვეტილება მოვიდა, კაცმა უკრაინის გადასარჩენად გაიწია. როგორ შეიძლება ეს “ქართულმა ოცნებამ” არ წამოაძახოს?! “ქართული ოცნება” იმას კი არ ამბობს, კარგი ვარო, არა, “ნაციონალები” ჩემზე უარესიაო. ერთი წუთით წარმოიდგინეთ – ერთ დღეს “ოცნებამ” რომ გამოაცხადოს, პუტინი ჯალათი და სისხლისმსმელიაო, ოპოზიციას დარჩება რამე სალაპარაკო? ჩვენი პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ “ქართული ოცნება” პრორუსულია?! ამას გარდა, ათი წელი მხოლოდ ამაზე რომ ლაპარაკობ და შედეგი არა გაქვს, არ გიჩნდება კითხვა, პრორუსულობა მუშაობს ასე კარგად, თუ შენ არ გიჯერებს ხალხი?! ხელისუფლება ხშირად ცრუობს, მაგრამ ტყუილი ისე არ აზარალებს, როგორც ოპოზიციას. ამიტომ ოპოზიციის ერთადერთი გამოსავალი სიმართლეა”, – განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები