ვინ არის 86 წლის არქიტექტორი, რომელმაც თბილისის პარლამენტის შენობას რეკონსტრუქცია უკვე მეორედ ჩაუტარა

რუსთაველის გამზირზე მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობის რეკონსტრუქცია უკვე მეორედ იმ არქიტექტორმა ჩაატარა, რომელმაც თავის დროზე პარლამენტის შენობა დააპროექტა. საქართველოს პარლამენტის შენობის რეკონსტრუქცის პროექტი 86 წლის ვახტანგ ცუხიშვილს ეკუთვნის, ხოლო პროექტის თანაავტორები მისივე შვილიშვილი, გიორგი ავალიშვილი და რძალი თამარ მოსიაშვილი არიან.
„არქიტექტორ ვახტანგ ცუხიშვილის სახელს უკავშირდება ჯერ კიდევ 1992 წელს პარლამენტის შენობის დაპროექტება, ამის შემდეგ ბაბუამ რეკონსტრუქცია პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შეცვლის შემდეგ ჩაუტარა, უკვე მეორედ რეკონსტრუქციის პროექტზე მუშაობა შარშან დავიწყეთ. ყველაფერი მასთან შეთანხმებით მოხდა. მან პარლამენტის შენობის თითქმის ყველა ნიუანსი იცის. როდესაც ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე საუბარი დაიწყეს, ბაბუა მოძებნეს და პროექტზე მუშაობა დავიწყეთ. როდესაც პროექტი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, მშენებლობას მე და ჩემი მეუღლე ვკურირებდით. რაღაც დეტალები შეცვლეთ. ცოტა თანამედროვე ელემენტები შევიტანეთ. მოგეხსენებათ,1992 წლის პარლამენტის დარბაზი 500 დეპუტატისთვის იყო გათვალისწინებული, ამჟამად დეპუტატთა რაოდენობაც შემცირდა, შესაბამისად, სწორი და გაშლილი დარბაზი ოვალურით შეიცვალა. ფერებიც თანამედროვე შტრიხებით დაიტვირთა. საბოლოოდ შედეგი მივიღეთ“, – განუცხადა „კვირას“ არქიტექტორმა გიორგი ავალიშვილმა.
მისივე თქმით, 86 წლის ვახტანგ ცუხიშვილს, რომელმაც 1992 წელს საქართველოს პარლამენტის შენობა დააპროექტა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ შენობა რეკონსტრუქციას დაექვემდებარებოდა, თუმცა, არც გამორიცხავდა. „არქიტექტურა ისეთი სფეროა, რომ სულ ახლის ძიებაშია, ვფიქრობ, ახალი თანამედროვე პარლამენტი ბაბუას მოსწონს, რადგან ყველაფერი მასთან შეთანხმებით მოხდა“, – ამბობს გიორგი ავალიშვილი.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები