ატლანტის ოკეანეში ტურისტული წყალქვეშა ნავი „ტიტანიკი“ გაუჩინარდა, რომელიც ამავე სახელწოდების ცნობილი გემის ნარჩენების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდა.
როგორც BBC-ი იუწყება, ნავის სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა გემზე.
კომპანია Ocean Gate Expeditions-მა, რომელიც საზღვაო ექსპედიციას აწარმოებს, 2023 წლის 16 ივნისს „ტიტანიკის“ ნარჩენების სანახავად ტურისტები მიიწვია.
მანამდე კომპანიამ განაცხადა, რომ „ტიტანიკისკენ“ მოგზაურობის დროს, თავის ექსპედიციასთან კავშირის შესანარჩუნებლად Starlink-ს იყენებდა.
„ჩვენ ვსწავლობთ და ავამოქმედეთ ყველა საშუალება, რათა ეკიპაჟი სახლში ცოცხალი და უვნებელი დავაბრუნოთ. სრულად ვართ კონცენტრირებული გუნდის წევრებსა და მათ ოჯახებზე. გულწრფელ მადლობას ვუხდით იმ დახმარებისთვის, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის უწყებებისა და ზღვაში მომუშავე კომპანიებისგან მივიღეთ ჩვენს ეკიპაჟთან კავშირის დამყარების ძალისხმევისთვის“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ცნობილი ჩაძირული გემი „ტიტანიკი“ ატლანტის ოკეანის ფსკერზე 3800 მეტრის სიღრმეზე იმყოფება.
სამგზავრო ლაინერი, რომელიც თავისი დროის უდიდესი გემი იყო, 1912 წელს საუთჰემპტონიდან ნიუ-იორკში პირველი მოგზაურობისას აისბერგს შეეჯახა. ბორტზე მყოფი 2200 მგზავრიდან და ეკიპაჟის წევრიდან 1500-ზე მეტი დაიღუპა.
„ტიტანიკი“ 1985 წელს, ნამსხვრევების აღმოჩენის შემდეგ, ფართოდ იქნა შესწავლილი.
შეგახსენებთ, რომ მკვლევრებმა პირველად შექმნეს „ტიტანიკის“ სამგზავრო ლაინერის დეტალური 3D რეკონსტრუქცია, რომელიც 1912 წლის 15 აპრილს ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა.