ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებს წარმატებით ახორციელებენ
ავღანეთში, ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებს წარმატებით ახორციელებენ. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ყანდაღარის პროვინციაში აშშ-ის სამოქალაქო კონტრაქტორების უსაფრთხოებას უკვე თვეზე მეტია იცავენ. ისინი კონტრაქტორების გადაადგილებასა და ავღანურ ბაზაზე მათი საქმიანობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ქართველ სამხედროებს სამოქალაქო კონტრაქტორები ყანდაღარის საავიაციო ბაზიდან ბაზა “HERO”-ზე ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორებით გადაჰყავთ. კონტრაქტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადგილზე, ბაზა “HERO”-ზეც გრძელდება. აშშ-ის სამოქალაქო კონტრაქტორები ავღანელებს სამხედრო ბაზა “HERO”-ზე სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციას და რემონტს ასწავლიან. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვევრო ბატალიონის სამხედროებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის სერტიფიკატებიც გადაეცათ. ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სამთო-სადაზვერვო ბატალიონი ISAF-ის მისიას რამდენიმე თვეში დაასრულებს და სამშობლოში დაბრუნდება.