როცა ერთმა დიდმა მწერალმა მეორეზე წიგნი დაწერა

ერთმა დიდმა მწერალმა მეორეზე წიგნი დაწერა და დაწერა ისე, რომ მეტი რომც აღარაფერი  შეექმნა, უკვე მაღალი რანგის ავტორთა სუფრასთან დაჯდომის უფლება ექნებოდა.

ცვაიგს ვგულისხმობ, ვინც ბალზაკის ბიოგრაფია დაწერა.

ესაა ავსტრიელი მწერლის, შესაძლოა, საუკეთესო ტექსტი („მარადიული ძმის თვალებთან“ ერთად), სადაც ბუდისტური, ქრისტიანული, იუდაისტური სიბრძნის უცნაური ნაზავია ცხოვრების ამაოებაზე და ძალიან, ძალიან საინტერესო გაკვეთილია იმაზე, რომ ხშირად მიზანი, რომელიც დაგვისახავს, შესაძლოა – სულაც არ იყოს ჩვენი ბედნიერების გარანტი.

ბევრს გაახსენდება თავი ამ სიტყვებზე. მიზანი, რომელიც თითქოს ბედნიერების, სიმშვიდის მოპოვებისთვის დაგვისახავს, ბოლოს ჩვენს მტანჯველად და უბედურების წყაროდ გადაიქცევა ხოლმე.

ჰოდა, ასე მოუვიდა ბალზაკს. გლეხკაცს, ვინც ბავშვობიდან დიდგვაროვნად ყოფნაზე ოცნებობდა. ნატრობდა დიდ, ლამაზ, კეთილმოწყობილ სახლს, რომლის ოთახების დიზაინს, სკრუპულოზურად აღწერდა საკუთარ რომანებში. საამისოდ ყველაფერი გააკეთა: გვარს მიუმატა დე (წოდების აღმნიშვნელი პრეფიქსი), მაღალ საზოგადოებაში მოსახვედრად ცდილობდა ექორწინა მდიდარ, ასაკოვან ქალზე, რომელიც მანამდე ბოლომდე არ უყადრებდა თავს, რადგან უფულო ყმაწვილი იყო და ბალზაკიც წერდა, წერდა, წერდა (გვერდებით უხდიდნენ ჰონორარს და ცდილობდა გრძელი წინადადებები დაეწერა), აგროვებდა ფულს, ცხოვრობდა ხელმოკლედ და ოცნებობდა ოჯახსა და საკუთარ, კეთილმოწყობილ სახლზე.

ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, მშობლები. გვარი გადაიკეთა-მეთქი და გვარი მამამ გადაიკეთა, რათა დიდგვაროვანი გამოჩენილიყო. დედა კი ასაკით უფროს ქმარს აღმერთებდა და შვილების მიმართ იყო ძალიან ცივი (დედის ნაკლებობა ბალზაკს მთელი ცხოვრება დაეტყო – ასაკით უფროსი ქალები მას ბავშვობიდან უყვარდებოდა).

ბალზაკი ვირივით მუშაობდა, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით. ამდენს მგონი მხოლოდ სხვა კაცი წერდა, გერმანელი და ისიც მუსიკოსი. ბალზაკი კი მიზნის დროულად ასასრულებლად (გახსოვთ, საკუთარი, დიდგვაროვნული და ლამაზი სახლი სურდა ჰქონოდა) თავს კატორღელივით ექცეოდა. დღეში 15-18 საათი მუშაობდა. ყოველდღე, თავაუღებლად. რომ არ დასძინებოდა, სვამდა 25-35!!! ჭიქა აღმოსავლურ ყავას და ფიზიკურ რესურსს მაქსიმალურად წურავდა.

ამის მიუხედავად, ეს ფრანგი გენიოსი საკორიდე ხარივით ენერგიული და დაუღალავი იყო (როგორც ჩანს სექსუალურ ცხოვრებაშიც), ამიტომ ის, რაც სხვას სიქას გააცლიდა, ბალზაკისთვის უბრალოდ ოდნავ მეტი დატვირთვა იყო.

ცვაიგი პირდაპირ არ წერს, მაგრამ ვინც მისი გატაცება იცის ასტროლოგიით და წიგნსაც წაიკითხავს, მიხვდება, რომ შტეფანი ბალზაკის პორტრეტის გამოძერწვისას 2 მოცემულობას გვიხატავს: ბალზაკის ასტროლოგიური პორტრეტი (გემოთმოყვარე, ტკბობისმოყვარე, ესთეტიკოსი, ფუფუნებაზე, ქონაზე ორიენტირებული ენერგიული, მაგრამ ამავე დროს ქალებთან უჩვეულოდ მორჩილი მამაკაცი) ერწყმის მის ფსიქოლოგიურ მოცემულობას: ოჯახიდან წამოსული პროგრამა, რომ “ელიტაში უნდა გაერიო”, რომ ასაკით უფროსი პარტნიორი უნდა გააღმერთო, რომ დედაა (ცოლია) მოსაძებნი, ვისთან ერთადაც სახლში (შენ საკუთრებაში) ბედნიერად იცხოვრებ.

და ბალზაკი წერდა, წერდა, წერდა. როგორც ცხონებული ოტია იოსელიანი იტყოდა: დაწერა 20 ტომი ნაგავი და მერე დაიწყო შედევრების შექმნა.

ბალზაკმა იპოვა მომავალი ცოლი (ელოდებოდნენ მისი პირველი ქმრის სიკვდილს. ეს ქალის მოფიქრებული ილეთი იყო, რადგან ფუფუნებაში მცხოვრებს “არ შეეძლო ნაქირავებ ბინაში ყოფნა”), შეძლო საკუთარი შრომით დოვლათის მოგროვება, იყიდა სახლი, გაარემონტა ისე, როგორც წარმოედგინა, დაქორწინდა ეველინა ჰანსკაზე (51 წლისა), შევიდა ოცნების სახლში და 5 თვეში იქ მოკვდა.

გვერდით ერთადერთი ადამიანი ჰყავდა, დედა.

მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები