“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩუტყვავილას დროს გამონაყარი მექანიკურად არ დავაზიანოთ, არ გავხეთქოთ” – ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას რეკომენდაციები მშობლებს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩუტყვავილას დროს გამონაყარი მექანიკურად არ დავაზიანოთ, არ გავხეთქოთ, ვიცით, რომ ბუშტუკოვანი გამონაყარია. მისი დაზიანება შეიძლება, მეორადი ბაქტერიული ინფექციის განვითარების რისკი გახდეს, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გოგინავამ მშობლებს რეკომენდაციებით მიმართა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩუტყვავილას დროს გამონაყარი მექანიკურად არ დავაზიანოთ, არ გავხეთქოთ, ვიცით, რომ ბუშტუკოვანი გამონაყარია. მისი დაზიანება შეიძლება, მეორადი ბაქტერიული ინფექციის განვითარების რისკი გახდეს,
მეორე – აქტუალურია და ხშირად არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეიძლება ჰიგიენური ნორმების დაცვა და ბანაობა. შეიძლება კი არა, პირდაპირ ვიტყვი, აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში ასევე მეორადი ბაქტერიული ინფექციის განვითარების რისკებს ვზრდით. ბანაობა უნდა მოხდეს მეტ-ნაკლებად გრილი წყლით, ვეცადოთ, რომ გამონაყარი არ დაზიანდეს. სხვა მხრივ არც ჩუტყვავილას და არც ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს ბანაობას არანაირი უკუჩვენება არ აქვს. უნდა ვეცადოთ, განსაკუთრებით ბავშვს მშვიდი გარემო შევუქმნათ, ემოციურ, სტრესის ფონზე დაავადების პროგრესირების რისკები იმატებს. ასევე აუცილებელია სითხის, საკვების მიღება ადეკვატური იყოს, რადგან ბავშვებში დეჰიდრატაცია, გამოფიტვა უფრო ადვილად ხდება და ინფექციების დროს ეს რისკი მაღალია”, – განაცხადა გოგინავამ.

ინფექციონისტმა განმარტა, რა გართულებები ახასიათებს ჩუტყვავილას.

“ჩუტყვავილას შემთხვევები მართლაც გაზრდილია, შესაბამისად, გაზრდილია კლინიკებში მომართვიანობა, ძირითადად ამბულატორიულ ნაწილში, იმიტომ, რომ, როგორც ვიცით, ჩუტყვავილას ბავშვთა ასაკში შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. თუმცა, არის გარკვეული შემთხვევები როგორც ბავშვებში, ასევე, ზრდასრულებში, როცა შესაძლოა, დაავადება მძიმედ წავიდეს. ჩუტყვავილას საკმაოდ მრავალფეროვანი გართულებები ახასიათებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობა და მშობლები სწორად იყვნენ ინფორმირებულები. განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, პირველ რიგში, ყურადღება დაავადების პირველ დღეებს უნდა მივაქციოთ, რადგან შესაძლოა, დაავადება აგრესიულად წავიდეს მაღალი ცხელებით, უხვი გამონაყრით. თუ ეს გამონაყარი განსაკუთრებით ჰემორაგიული ტიპისა, ანუ თან ახლავს სისხლჩაქცევები, ეს უკვე იმის სიმპტომია, რომ შესაძლებელი, საქმე დაავადების მძიმე მიმდინარეობასთან გვქონდეს. ასეთ დროს აუცილებელია დროულად იქნეს ჩართული სპეციალისტი, რათა მდგომარეობა შეფასდეს. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ არსებობს ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ანტივირუსული მედიკამენტი, რომლის პირველ 48-72 საათში დაწყება საკმაოდ ეფექტიანია, ის დაავადების მძიმე მიმდინარეობის დ ა გართულების რისკებს ამცირებს. ერთ-ერთი გართულება, რომელიც ყველაზე საყურადღებოა, ვირუსული პნევმონიაა, ფილტვების ანთება, რომელიც, როგორც წესი, მესამე – მეოთხე დღიდან იწყება. თან ახლავს ჰაერის მზარდი უკმარისობა, სილურჯე. თუ საუბარია ბავშვთა ასაკზე, შეიძლება, იყოს ძილიანობა, უმადობა. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ სპეციალისტს დროულად მივმართოთ. ჩუტყვავილას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გართულება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაა. თუ ბავშვს აქვს გულის რევა, ღებინება, ძილიანობა, თავის ტკივილი ესეც ნიშანია იმისა, რომ სპეციალისტის ჩართვა დროულად მოხდეს. ბავშვთა ასაკში ხშირად ერთ-ერთი გართულება, კანის მეორადი და რბილი ქსოვილების მეორადი ბაქტერიული ინფექციებია. ვიცით რომ ჩუტყვავილას სპეციფიკური მახასიათებელი გამონაყარია. თუ გამონაყარი, ან მოქავების შედეგად, ან სპონტანურად დაზიანდება, შესაძლოა, ბაქტერიული ფლორა შეიჭრას , რამაც შემდეგ მეორადი ბაქტერიული ინფექცია გამოიწვიოს, რომელიც ლოკალიზაციის სიწითლით, შეშუპებით, მტკივნეულობით ხასიათდება. 20 წლის ზემოთ პაციენტებში გართულებების რისკი შედარებით მაღალია. ამიტომ, ზრდასრულებისთვის ჩემი როგორც ინფექციონისტის რეკომენდაცია იქნება, პირველივე დღეებში ანტივირუსული პრეპარატის ჩართვა მოხდეს, რათა რისკები შევამციროთ. ბავშვებში მდგომარეობა სპეციალისტის მხრიდან პირველ 48-72 საათში უნდა შეფასდეს, რათა განხილული იქნეს ანტივირუსული მკურნალობა და საჭიროების შემთხვევაში დროულად დავიწყოთ”, – განაცხადა გოგინავამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები