Facebook გვისმენს? – როგორ „იგებს“ სოციალური ქსელი, რაზე ვსაუბრობთ
თითქმის, ყველასთვის ნაცნობი ვითარებაა, როცა რაღაცის შესახებ მხოლოდ ტელეფონზე ისაუბრე და Facebook მას მაშინვე გთავაზობს რეკლამის სახით. როგორც კი მეგობართან ერთად განიხილავთ იაპონურ რესტორანში მოახლოებულ ვიზიტს, თქვენ „აგავსებენ“ სუშის რეკლამებით. თქვენდა უნებურად, გიჩნდებათ აზრი, რომ სოციალური ქსელი უსმენს საუბრებს. უფრო მეტიც, ზოგჯერ ჩანს, რომ Facebook-იც „კითხულობს“ აზრებს. როგორ მუშაობს ეს სისტემა? ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტმა, ერთ-ერთი ამერიკული კომპანიის თანამშრომელმა სოციალური ქსელის საიდუმლო გაამხილა. აღმოჩნდა, რომ ონლაინ რეკლამაში „გონების კითხვის“ ეფექტს არაფერი აქვს საერთო პლანეტის მოსახლეობისა და ქვეწარმავლების დაჩიპვასთან. ექსპერტმა შექმნა პოსტი, სადაც მან ყველაფერი ნათლად ახსნა რეალური მაგალითებით.
ის ამ პრობლემით შემთხვევით დაინტერესდა. მამაკაცმა ერთი კვირა გაატარა დედასთან სტუმრად, სადაც კბილები გაიხეხა მისი პასტით. ერთი კვირის შემდეგ Facebook-მა მას იმავე კბილის პასტის რეკლამა შესთავაზა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს არასდროს არავისთან განუხილავს, არც ბრენდი და მისი პროდუქტები მოუძებნია Google-ში. როგორც კვალიფიციური IT სპეციალისტი, მაშინვე მიხვდა, თუ როგორ მუშაობს იგი. მიხვდა და გადაწყვიტა სხვებისთვისაც გაემხილა, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ ეს ამბავი ბევრს აშინებდა. არა, არც Facebook და არც სხვა სოციალური ქსელი არ უსმენს ჩვენს საუბარს და მით უმეტეს, არ შეუძლიათ ადამიანების ფიქრების წაკითხვა. ეს მორიგი შეთქმულების თეორიაა.
„სიმართლე ისაა, რომ მათ არ სჭირდებათ მოსმენა. ინფორმაცია, რომელსაც თქვენ აძლევთ მათ სრულიად ნებაყოფლობით, ამაზე დაუფიქრებლად, გაცილებით იაფია და უფრო ეფექტურად მუშაობს“.
როგორ ვუზიარებთ ინფორმაციას ჩვენი ცხოვრების შესახებ სხვებს?
ჩვენს სმარტფონებში ინსტალირებული აპლიკაციები აგროვებენ ყველა სახის ინფორმაციას ჩვენს შესახებ. ეს არის გეოლოკაცია, პერსონალური მონაცემები, საიტის პრეფერენციები და მრავალი სხვა. არსებობს ინფორმაციის აგრეგატორები, რომლებიც აგროვებენ ნებისმიერ მონაცემს პიროვნების შესახებ. ეს არის პროდუქტი, რომელიც კარგად იყიდება. მაღაზიაში ფასდაკლების ბარათით გადახდისას სხვას აწვდით ინფორმაციას რა, სად და რამდენი იყიდეთ. საყიდლების დაკავშირება Facebook-ის ანგარიშებთან ძალიან ადვილია. იგივე ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი შეიძლება გამოიყენოთ ბონუს ბარათის და სოციალური ქსელის ანგარიშის რეგისტრაციისას. თითქმის, ყველა მომსახურების ხელშეკრულება შეიცავს პუნქტს პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის შესახებ. ყველაზე ხშირად ის იბეჭდება პატარა და თითქმის უხილავი ასოებით.
ბევრმა იცის ამის შესახებ ან ხვდება მაინც. როდესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებით ადამიანთან ახლოს, ქსელი აფიქსირებს, რომ თქვენი გაჯეტები მდებარეობს იმავე GPS ლოკაციაზე. ეს ადამიანი ავტომატურად ემატება თქვენს გარემოს. რეკლამის განმთავსებლებს აინტერესებთ არა მხოლოდ თქვენი პრეფერენციები, არამედ ის, რაც მოსწონს თქვენს გარემოს.
თქვენ გაჩვენებენ რეკლამას იმის შესახებ, რაც გარშემომყოფებს აინტერესებთ, მაგალითად, როგორიცაა კბილის პასტა. იქნებ, დაგავიწყდათ მისი ყიდვა და უბრალოდ ელოდებით შეხსენებას „მზრუნველი“ Facebook-ისგან? ოჯახის წევრების, მეგობრების, კოლეგების და მეზობლების გარემოცვაშიც კი, თქვენ ხედავთ რეკლამებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე. არაა საჭირო ვინმეს მოსმენა ან ფიქრების წაკითხვა, უბრალოდ შეიძლება მათი საყიდლების სიის და ძებნის ისტორიის გაანალიზება.
შესაძლებელია თუ არა ამასთან ბრძოლა? თეორიულად კი, მაგრამ ეს, თითქმის, ფანტასტიკის ჟანრიდანაა. საკმარისია რეკლამის სიგიჟის შესაჩერებლად ყველამ გამორთოს აპლიკაციების თვალთვალის ისტორია. და რადგან ეს ნაკლებად სავარაუდოა რომ მოხდეს, თქვენ უნდა შეეგუოთ და უყუროთ რეკლამებს, რაც სხვებს აინტერესებს.