გიორგი გეთიაშვილი: ნოდარ მელაძემ გაუშვა კადრები, თითქოს, ლავროვის ოჯახთან ვიყავი მიწვეული სუფრაზე; ნება იბოძოს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, რომ მე და ზურა ტაბატაძე ჩაგვაყენა ამ საქმეში, სადაც არაფერ შუაში ვართ და ეს არის სრული ტყუილი
მომღერალი, გიორგი გეთიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ეხმიანება ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც წამყვანის თქმით, თითქოს გიორგი გეთიაშვილი მიწვეული იყო და ასრულებდა რუსულ რომანსებს ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრების ღონისძიებაზე კახეთში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გიორგი გეთიაშვილი აცხადებს, რომ ეს არის სრული ტყუილი. კადრები გადაღებულია საკუთარ მარანში, რომელიც გავრცელდა სხვადასხვა სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ნოდარ მელაძემ ეს კადრები დაუკავშირა სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ჩამოსვლას საქართველოში, და გეთიაშვილის თქმით, გაუგებარია რა შუაშია თავად, მისი მარანი და ზურა ტაბატაძე, რომელიც მისი მეგობარი და გიდი იყო.
„მე ვარ ერთ-ერთი ის პირველი ადამიანი, რომელმაც დავწერე უკრაინის თავისუფლებისთვის სიმღერა და ვიმღერე. რამდენიმეჯერ ვიმღერე ლატვიაში და დარწმუნებული ვარ ვიმღერებ თავისუფალ უკრაინაში. რაც შეეხება იმას, რომ რამდენიმე წუთის წინ ჩემი თვალით ვუყურე, როგორ გაუშვა ნოდარ მელაძემ კადრები, რომ თითქოს ლავროვის გოგო იყო ჩემთან, თუ მე ვიყავი მიწვეული მათთან სუფრაზე- ეს არის ტყუილი. ის კადრები, რაც აჩვენეს არის გადაღებული ჩემს სახლში, ჩემს მარანში. მაქვს საოჯახო ტიპის მარანი და მყავდნენ სტუმრები, ვიღაც სტუმრებმა ეს კადრები ატვირთეს ზოგმა „ინსტაგრამზე“, ზოგმა „ფეისბუქზე“, სხვათა შორის გიდი იყო ჩემი მეგობარი ზურა ტაბატაძე და ნოდარ მელაძემ ეს ჩემი ვიდეო კადრები მიაბა ლავროვის გოგოს ჩამოსვლას და საერთოდ რა შუაში ვარ მე, ჩემი მარანი და ზურა ტაბატაძე ვერ ვხვდები. ესენი იყვნენ რიგითი ხალხი, საერთოდ კავშირი არ აქვთ. ან ვის ჰგონია, რომ ლავროვის გოგოს ჩემს სახლში მოიყვანენ? სხვა მარანი და რესტორანი ვერ ნახეს კახეთში? სირცხვილია, რა დემოკრატიაზე და ადამიანობაზე ვლაპარაკობთ, რა თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ. მე ჩემი ქვეყანა მიყვარს, ჩემი მამული მიყვარს და უაზროდ არაფრის გამო ვიღაც ნოდარ მელაძე მკიდებს რაღაც სიტუაციას. კადრები მოაკლდათ მაგათ ტელევიზიას? მე რა შუაში ვარ? ეს ხალხი არ ყოფილა ჩემთან და დავიბრალო რომ ჩემთან იყვნენ? უბრალოდ ახლა მაგათ ტელევიზია აქვთ და საშუალება აქვთ რომ კადრები გაუშვან და მე რადგან ტელევიზია არ მაქვს უნდა დავიჩაგრო? დამირეკა ნოდარ მელაძემ და ვეუბნები, რომ არ ვარ მე და არ ყოფილა ეს ხალხი ჩემთან, არ სჯერათ. მაშინ გავუშვებთო და გაუშვან. ეგ რა გამოდის, ადამიანი რომ გეუბნება ნორმალურად მე არ ვარ და ჩემთან არ ხდება, არ უნდა გაიგო? ვინც რაღაც კადრს იპოვის „ფეისბუქში“ თუ „ინსტაგრამში“ შეუძლია, რომ გიორგი გეთიაშვილის მარანი გაუშვას ვიღაცა რუსის ჩამოსვლაზე? ესე ხომ არ შეიძლება, ხომ სირცხვილია?! ნოდარ მელაძეს ახლა არ რცხვენია? არ რცხვენია რომ მე არაფერ შუაში ვარ? ან თქვენ ტელევიზიას, ვინც გაუშვა ეს ყველაფერი, არ რცხვენია? ან ზურა ტაბატაძე რომ გამოიყვანეთ, სადღეგრძელოს რომ ამბობს, არ გრცხვენიათ? იმ კაცს დაურეკეთ, კითხეთ საერთოდ რომ შეიძლება თქვენი კადრის გაშვება ან არ შეიძლება? რა შუაშია ან ზურა ან მე რა შუაში ვარ. ან გგონიათ მე იმ დონის მარანი მაქვს, რომ ლავროვის გოგო ჩემთან უნდა მოვიდეს აუცილებლად? ხომ სისულელეა, რაზე ვლაპარაკობთ ხალხო. რას აკეთებთ, როგორც ჩაწერეთ და გაუშვით ეგ კადრები ნება იბოძოს ნოდარ მელაძემ და მობრძანდეს ჩემთან, ნახოს ეს ყველაფერი და მერე ბოდიში მოიხადოს საჯაროდ, არ შეიძლება? კანონი მაგას არ აძლევს მაგის უფლებას რომ ბოდიში მოიხადოს და მე რიგითი მოქალაქე უნდა დავიჩაგრო, რადგან ის ჟურნალისტია? ან რა ჟურნალისტიკაზე მელაპარაკებით, ეგ არის ინტრიგანობა, სხვა არაფერი. ინტრიგანი ადამიანის საქციელი რომ დარეკა, ჩაიწერა და გაუშვა. მე მიყვარს ჩემი სამშობლო და რა სისულელეზე მელაპარაკებიან, ჩუმლაყელი ბიჭი მღერის.. კი ჩუმლაყელი ვარ, ამ სოფელში დავიბადე, საქართველოში გავიზარდე და კიდევ საქართველოში ვიცხოვრებ და ნოდარ მელაძეს არ ეკითხება მე ვისთან რას ვიმღერებ. მე საქართველოს მტერთან არასდროს ვიმღერებ და არასდროს გავაკეთებ იმას რომ ჩემი საქმე იყოს სამტრო. ეგ ხალხი ჩემთან არ ყოფილან და ის ვიდეოები რომ გაუშვა, იმ ვიდეოში რომელი იყო ლავროვის გოგო თვითონ მითხრას არ შეიძლება? ჩემთვის არასდროს უკადრებიათ ასეთი რამ და ნება იბოძოს ნოდარ მელაძემ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, რომ მე და ზურა ტაბატაძე ჩაგვაყენა ამ საქმეში, სადაც ჩვენ არაფერ შუაში ვართ და ეს არის სრული ტყუილი.“- განაცხადა გიორგი გეთიაშვილმა.