კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით პანელური დისკუსია გაიმართა
კახეთის რეგიონში, კულტურის სფეროს ექსპერტები და პედაგოგ-მასწავლებლები პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივას პანელური დისკუსიის ფორმატში გაეცნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომიტეტის ინიციატივა სახელოვნებო განათლების რეფორმის მომზადებას შეეხება.
ელისო ბოლქვაძემ სახელოვნებო განათლებაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის განსაზღვრის საკითხზე გაამახვილა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა, სახელოვნებო განათლების რეფორმა კულტურის კომიტეტის ინიციატივით მზადდება და მისი იმპლემენტაცია, საქართველოს მასშტაბით, მომავალი წლიდან იგეგმება.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილება კულტურის სამინისტროს ჩართულობით ხორციელდება.
„კახეთის მთელი რეგიონი მოვიცვით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა”,- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
შეხვედრაში კულტურის კომიტეტის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელსაც სახელოვნებო სასწავლებლები დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ”,- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, კულტურის კომიტეტის ინიციატივით, თემატური შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.