სამეგრელოში, ერთ-ერთ სოფელში სავარაუდოდ მამამ მე-8 კლასელ შვილზე იძალადა
სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, სავარაუდოდ, მამამ შვილზე იძალადა – გოგონა მერვე კლასის მოსწავლეა.
“კურიერის” ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე მიმალვაშია.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონაც და მამაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები არიან.
მომხდართან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. მისი თქმით, ბავშვი ამბავს მალავდა, რადგან ის მამას დაშინებული ჰყავდა.
“ახალი ამბავი კი არ არის. 5 წელია თურმე ეს ამბავი ხდება. როგორც ამბობენ, 8 წლის რომ იყო იმ დროიდან დაიწყო. ამ ხნის მანძილზე ბავშვი ამ ამბავს მალავდა. დაშინებული ჰყავდა მამას… დედამისს ვკითხე, თუ ასეთი ამბავი ხდებოდა, როგორ ვერ შეამჩნიე-თქო, მიპასუხა რომ არაფერი შეუმჩნევია, სამი დღის წინ დავეჭვდიო. წერილს წერდა და თვითმკვლელობაზე წერდაო”,- ამბობს ადგილობრივი.
ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ, დაკავებულია თუ არა მამაკაცი, თუმცა, ადგილობრივები “კურიერთან” ამბობენ, რომ სავარაუდო დამნაშავე დიდი ალბათობით მიმალვაშია.