Politico: ომის დასაწყისში რუსებს ხერსონის დაპყრობაში მოღალატეები დაეხმარნენ

კიევში ფიქრობენ, რომ ომის დასაწყისში რუსებს ხერსონისა და ჩერნობილის აღებაში მოღალატეები დაეხმარნენ. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

მედიის ცნობით, მოღალატეებმა გასულ წელს საფუძველი ჩაუყარეს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, დაეხმარნენ მტრის ძალებს სამხრეთით ქალაქ ხერსონის და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებაში.

როგორც Politico წერს, ყირიმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ოლეგ კულინიჩი რუსეთის სპეცსამსახურებთან მუშაობაშია ეჭვმიტანილი. უკრაინის გამოძიებათა სახელმწიფო ბიურო და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ მან შეაღწია უკრაინაში საიდუმლო შეხვედრებში და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადასცა რუსებს.

გამოძიების თანახმად, ომის დაწყების შემდეგ პირველ საათებში კულინიჩი გამიზნულად ბლოკავდა ქვეყნის ხელმძღვანელების რეალური ვითარების შესახებ ინფორმირების ნებისმიერ მცდელობებს, ამასთანავე, არ იღებდა არანაირ ზომებს უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად და პირად შემადგენლობას სამსახურის ადგილების დატოვება უბრძანა.

ოლეგ კულინიჩი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გასული წლის ივლისში დააკავეს. გამოძიებათა სახელმწიფო ბიურომ და უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნეს სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომლებზეც კულინიჩი მასა და „ეფესბეს“ შორის ერთ-ერთ შუამავალს, ვლადიმირ სივკოვიჩს ესაუბრება. ვლადიმირ სივკოვიჩი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილეა, რომელმაც უკრაინა 2014 წელს, „მაიდნის“ დროს დატოვა და რუსეთში გაიქცა.

როგორც გამოცემა წერს, კულინიჩის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უკრაინის მთავრობის მუშაობის შიგნიდან შელახვა იყო. სულ მცირე 2019 წლის მაისიდან კულინიჩს ჰქონდა წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე და არაოფიციალურად აკონტროლებდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

გამოძიების თანახმად, სივკოვიჩის მითითებით, კულინიჩმა საკუთარი კადრები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა მმართველ თანამდებობაზე დანიშნა. გარდა ამისა, ის რეგულარულად აწვდიდა ხელმძღვანელობას დეზინფორმაციას რუსული სპეცსამსახურების ზრახვების შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კულინიჩი თანამდებობიდან გასული წლის მარტში გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები