მიცვალებულის საფლავის მოძიება ფასიანია – ინფორმაციის გაცემა 1 დღეში 50 ლარი ღირს
მიცვალებულების შესახებ ინფორმაციის მოძიება შპს „ჰერმესში“ ფასიანია, – ამის შესახებ „კვირას“ შპს „ჰერმესის“ იურისტმა დავით ლინჩუკმა განუცხადა.
თუ მოქალაქეს, წლების წინ გარდაცვლილი ნათესავის სასაფლაოს მოძებნა დასჭირდა, იგი განცხადებით მიმართავს შპს „ჰერმესს“ და ფასიანი მომსახურების ტარიფების მიხედვით საჭირო ინფორმაციას მიიღებს.
კერძოდ, ინფორმაცის გაცემა 5 დღეში – 35 ლარია, 10 დღეში- 25, დაჩქარებული წესით ინფორმაციის გაცემა კი, 1 დღეში 50 ლარი ღირს. თუმცა, თუ ინფორმაცია ორ გარდაცვლილს ეხება, ტარიფი ორმაგდება. აღსანიშნავია, რომ თუ შპს „ჰერმესის“ კომპიუტერულ ბაზაში მიცვალებულის შესახებ ინფორმაცია ვერ მოიძებნა, მოქალაქეს თანხა უკან აღარ უბრუნდება. როგორც „კვირას“ შპს „ჰერმესის“ იურისტმა განუცხადა, მომსახურების ტარიფები თბილისის მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილებით არის განსაზღრული, რომელიც 2010 წლის 29 დეკემბრითაა დათარიღებული.
„შპს „ჰერმესი“ თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია. სამგლოვიარო ბიუროში ტარიფები 2010 წლის 29 დეკემბრის მთავრობის დადგენილებით მოქმედებს. რაც შეეხება მიცვალებულის შესახებ ინფორმაციის გაცემას, მოქალაქემ უნდა მოგვმართოს განცხადებით, მან უნდა იცოდეს გარდაცვლილის სახელი, გვარი და გარდაცვალების წელი. “მოძებნის შემთხვევაში ჩვენი კომპანიიდან გაიცემა ორი სახის დოკუმენტი: მოიძებნა თუ არ მოიძებნა, თუ კომპიუტერულ ბაზაში მიცვალებულის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა, მოქალაქეს თანხა უკან არ დაუბრუნდება, რადგან ჩვენი სერვისი თანხის უკან დაბრუნებას არ ითვალისწინებს“, – აღნიშნა იურისტმა. დავით ლინჩუკის ინფორმაციით, შპს „ჰერმესის“ დაქვემდებარებაში ამჟამად 31 საქალაქო სასაფლაო შედის. მისი თქმით, 2012 წლის გაზაფხულამდე, კომპანიის ბალანსზე 26 სასაფლაო ირიცხებოდა. მას შემდეგ, რაც დედაქალაქს რამდენიმე დაბა შემოუერთდა, სასაფალაოების რიცხვი პარალელურად გაიზარდა. აღსანიშნავია, კიდევ ერთი გარემოება, შპს „ჰერმესი“ მიცვალებულების ადგილსამყოფელის დადგენას, მხოლოდ დედაქალაქის სასაფლაოზე ცდილობს. მათ კერძო სასაფლაოები არ ეხებათ. ფაქტია, დამკრძალავი ბიურო „ჰერმესი“ ერთადერთია, რომელიც დედაქალაქის მერიის განკარგულებაში დღემდე რჩება. მოქალაქეს, მიცვალებულის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. შესაბამისად, შპს „ ჰერმესი“ მონოპოლიას დღემდე ინარჩუნებს.
რაც შეეხება უპატრონო – უზედამხედველო გარდაცვლილებს, აქ სულ სხვა ტარიფი მოქმედებს. „უზედამხედველო მიცვალებულები უკვე რამდენიმე წელია ე.წ. აფრიკის დასახელებაში „ველის“ სასაფლაოზე, შესაბამისი ნომრების მიხედვით იკრძალებიან. ამ შემთხვევაში მიცვალებულის მოძიებაში ლ.სამსახარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ერთვება. მომსახურება იქაც ფასიანია, თუმცა ტარიფები ჩემთვის უცნობია“, – აღნიშნა შპს „ჰერმესის“ იურისტმა. ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დამკრძალავ ბიურო “ჰერმესს” 20 აგვისტოდან ამოწმებს. უწყებაში, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – გადასახადებისგან თავის არიდება და თანხის უკანონო მითვისება-გაფლანგვა.
რაც შეეხება, შპს „ჰერმესის“ დირექტორს ვალერიან სხიერელს, იგი ამჟამად შვებულებაშია და დასასვენებლად იმყოფება. ის სამსახურში სექტემბრის დასაწყისში უნდა დაბრუნდეს.
იზა შაქარაშვილი