გორში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ორგანიზებით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე წიგნის – „ჩემი და ლუკას ამბავის“ პრეზენტაციაც გაიმართა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

„შეხვედრას წიგნის ავტორი და აუტიზმის კვლევისა და განვითარების ფონდის თანადამფუძნებელი თათია მელაშვილი უძღვებოდა.

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებსა და შეხვედრის სხვა მონაწილეებს წიგნები საჩუქრად გადაეცათთ. აღნიშნული ლიტერატურა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სპეციალურად მათთვის შეიძინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების სპეც. პედაგოგები, ინდივიდუალურ ასისტენტები, ფსიქოლოგები, აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრების წარმომადგენლები, აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები.

შეხვედრის ბოლოს, გორში მოქმედ სარეაბილიტაციო ცენტრებს ადრეული ინტერვენციის პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობის სერტიფიკატებიც გადაეცათ.

აუტიზმის მქონე ბავშვებს (0-დან 18 წლამდე აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1; F84.9;) ბავშვების სამედიცინო დახმარება) გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში უფინანსდებათ სამედიცინო – სარეაბილიტაციო კურსები 2000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, მერია თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მათთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტებს, რომლებიც აუტიზმის მქონე მოქალაქეებს სთავაზობს სხვადასხვა სახის სამედიცინო – სარეაბილიტაციო მომსახურებას“,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები