ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, მარტვილში, დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.
სასამართლო პროცესზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებდა. დაცვის მხარის განმარტებით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რასაც შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა. 86 წლის ქალს საკუთარმა შვილმა სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.