თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირა

თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით, მთავრობის ინიციატივით, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მომზადდა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტი განსახილველად თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა, რომელმაც იმ ძირითად რეფორმებზე და სისტემის ახალ მიდგომებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს.

მომხსენებლის ინფორმაციით, კოდექსი თავდაცვის მიზნებზე მორგებულ სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესს და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. მისივე თქმით, ახლებურად ყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის თანახმადაც, 6, 8 და 11 თვიანი სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობები წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ. ცვლილებების პროექტი, რომელიც ფინურ და ბალტიის ქვეყნების მოდელის საფუძველზე მომზადდა, სამხედრო სამსახურის გადავადების ერთჯერად შესაძლებლობას იძლევა და მასში ასევე მოცემულია ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის პირობებიც.

„თავდაცვის კოდექსის პროექტი მორგებულია თავდაცვის მიზნებზე და შესაბამისად, სამხედრო სამსახურის ფორმირება ამ კუთხით არის წარმოჩენილი.

მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის დგინდება სოციალური გარანტიები და რაც შეეხება ნატოსთან თავსებადობას, კოდექსი ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმის დადგენას ახდენს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით სხდომაზე დისკუსია გაიმართა. კოდექსის პროექტთან დაკავშირებით  მოსაზრებები პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის“ წევრებმა გამოთქვეს და  კომიტეტის წევრებს, მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული პროექტი წარუდგინეს.

კენჭისყრის შედეგად, კომიტეტის წევრებმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ „თავდაცვის კოდექსს“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირეს.

სხდომის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ თავდაცვის უწყების და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს საინტერესო დოკუმენტის მომზადებისთვის და პარლამენტში წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის კოდექსის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს თავდაცვის ორგანიზების სამართლებრივი საფუძვლების შემდგომი დახვეწისთვის და გაუმჯობესებისთვის, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობის კუთხით. ახალი კოდექსი ბევრ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს მოაწესრიგებს და ამით ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო ეფექტური და მიმზიდველი გახდება. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აღნიშნული დოკუმენტი იქნება სერიოზული მხარდაჭერის საფუძველი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები