1950-იან წლებში სსრკ თითქმის მთელი მსოფლიოსგან “რკინის ფარდით” იყო გამოყოფილი. აკრძალული იყო თითქმის ყველაფერი, რაც დასავლეთს უკავშირდებოდა: ტანსაცმელი, ჟურნალები, მუსიკა და სხვა. ზუსტად მაშინ გაჩნდა საზოგადოებრივი ფენომენი – ახალგაზრდული სუბკულტურა, რომელმაც მიიღო დასახელება „პრანჭიები“(რუსულად стиляги).
რით იყვნენ დაკავებულები ეს ადამიანები? როგორი განწყობით გამოირჩეოდნენ საბჭოთა მმართველობის მიმართ და რა დამოკიდებულება ჰქონდა მათ მიმართ ხელისუფლებას?
“პრანჭიები” აბსოლუტურად ანტისაბჭოელები იყვნენ იმიტომ, რომ მათ არ სურდათ ყოფილიყვნენ ისე, როგორც სხვები, როგორც ყველა. ისინი არ ემხრობოდნენ საბჭოთა ლოზუნგებს, არ იღებდნენ მონაწილეობას საზეიმო გამოსვლებში და არ იყვნენ თავდაუზოგავი მშრომელები.
„პრანჭიები“ მსჯელობაში ცინიზმით და გულგრილობით გამოირჩეოდნენ საბჭოთა მორალის მიმართ, ატარებდნენ კაშკაშა ტანისამოსს, მათ განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდათ დასავლური მუსიკისა და ცეკვის მიმართ. ამ ახალგაზრდებს შორის პარტიული მუშაკების შვილებიც იყვნენ.
საერთო ჯამში, ახალგაზრდები სავსებით აპოლიტიკურები გახლდნენ. მოგეჩვენებათ, რომ ეს საერთოდ არ ერწყმის სიტყვას „ანტისაბჭოელი“, მაგრამ ზუსტად ამაშია პარადოქსიც. ქვეყანაში, სადაც გარკვეულ იდეოლოგიას უწოდებდნენ აპოლიტიკურს, ეს ნიშნავდა – ანტისაბჭოელობას. მაგრამ ე.წ. პრანჭიებს განსაკუთრებით არავინ დევნიდა იმიტომ, რომ ისინი არ სკანდირებდნენ ლოზუნგებს, არ დადიოდნენ მიტინგებზე, არ გეგმავდნენ აჯანყებას. ისინი უბრალოდ განსხვავებულად იცვამდნენ, საუბრობდნენ, ცეკვავდნენ.
მათ მართლაც საკუთარი სტილი ჰქონდათ. ბიჭები, როგორც წესი, ატარებდნენ ვიწრო შარვლებს, პიჯაკებს განიერი მხრებით, ჰავაის პერანგებს, მყვირალა ფერის ჰალსტუხებს და ყავარჯნის მსგავს ქოლგებს.
გოგონები ატარებდნენ ტანზე მომდგარ კაბებს ამერიკულ სტილში, ვიწრო ქვედაბოლოებს მუხლებამდე და შარვალ-კოსტუმებს. მათი ვარცხნილობაც განსაკუთრებული იყო. ხოლო მაკიაჟის მნიშვნელოვანი დეტალი გახლდათ კაშკაშა წითელი პომადა.
მათი გარეგნობა, ღირებულებები და ქცევა სრულ დისონანსში იყო საბჭოთა ზნეობის ნორმებთან, ამიტომ ისინი ზოგჯერ დაცინვასა და ღია ნეგატივს ექვემდებარებოდნენ ჩვეულებრივი ადამიანებისგან.
და მიუხედავად იმისა, რომ ეს სუბკულტურა ეწინააღმდეგებოდა კომუნისტურ იდეოლოგიას, ამ ახალგაზრდების მოტივები, როგორც წესი, შორს იყო პოლიტიკისგან. ეს უფრო გაქცევის სუბკულტურას წარმოადგენდა, ვიდრე კულტურულ მომიტინგეთა ჯგუფს: მათ არსებითად შექმნეს საკუთარი ფერადი სამყარო რეჟიმის მრავალი შეზღუდვის პირობებში.
მათი საქციელი არ იყო იმდენად პროტესტი, რამდენადაც თვითგამოხატვის საშუალება. ომის შემდგომ თაობას აღარ სურდა კომუნისტური იდეალებისთვის ბრძოლა, ახალგაზრდებს თავისუფლება სურდათ.
ამავდროულად, სისტემა და საზოგადოება კარნახობდა მათ საკუთარ წესებს: „იყავი, როგორც ყველა“, „მოიქეცი, როგორც ყველა“. საკუთარი ინდივიდუალობის გამოვლენის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობდა. თუ, რა თქმა უნდა, არ აპირებდით შრომითი რეკორდების დამყარებას.
ვინაიდან ისინი, როგორც წესი, “ოქროს ახალგაზრდობის” წარმომადგენლები იყვნენ, მათ თავისუფალი წვდომა ჰქონდათ დასავლურ ჟურნალებზე, მუსიკასა და ფილმებზე. და ეს გასაგებია: მაღალი რანგის მქონე მშობლები მზად იყვნენ, ყველაფერი გაეკეთებინათ საყვარელი შვილებისთვის, თუნდაც მათთვის “რკინის ფარდა” გაეხსნათ.
კომენტარები
კომენტარი