არჩილ თალაკვაძე: ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც საქართველოს ინტერესებშია და არ დააზიანებს იმ ორგანიზაციების საქმიანობას, ვინც ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
“ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროა და არის საქართველოს ინტერესებში, რომელიც დაეფუძნება ჯანსაღ არგუმენტებს და არანაირად არ დააზიანებს იმ ორგანიზაციების საქმიანობას, ვინც საქართველოსა და ჩვენი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ, „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ინფორმირებული საზოგადოება, ეს არის დემოკრატიისთვის აუცილებელი.
„მე მჯერა, რომ არც ერთ ასეთ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს მაღალი რეპუტაცია და სანდოობა, პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, რომ გაასაჯაროოს თავისი დაფინანსების წყაროები. მეორე, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროა და არის საქართველოს ინტერესებში, რომელიც დაეფუძნება ჯანსაღ არგუმენტებს და არანაირად არ დააზიანებს იმ ორგანიზაციების საქმიანობას, ვინც საქართველოსა და ჩვენი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ. მესამე, ამ კვირის განმავლობაში არაერთი კრიტიკული განცხადება მოვისმინე და ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების შეფასებები ვნახეთ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ არგუმენტები, რომლებიც მათ მოჰყავთ და კონტრარგუმენტები, რომლებსაც აჟღერებენ, კრიტიკა, რომელიც მათგან ისმის, არ ასახავს რეალურად იმას, თუ რა აწუხებთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ამ კანონთან მიმართებით. ამიტომ საჭიროა მათი მხრიდან უფრო გულწრფელი საუბარი. ყველამ კარგად იცის და საკამათოც არ არის, რომ ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ინფორმირებული საზოგადოება, ეს არის დემოკრატიისთვის აუცილებელი და ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი. მე მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენ მივიღებთ საბოლოოდ ისეთ გადაწყვეტილებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც იქნება ჯანსაღი, საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის და არანაირ პრობლემას არ შეუქმნის იმ ორგანიზაციების მუშაობას, ვინც რეალურად ეხმარება საქართველოს და საზოგადოებას“,- განაცხადა თალაკვაძემ.