სააკაშვილის ადვოკატები რატი ბრეგაძის, პენიტენციურისა და “ვივამედის” წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივრის შეტანას გეგმავენ
შევიტანთ განცხადებას, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება იუსტიციის მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც აკეთებენ არაადამიანურ განცხადებებს, დამამცირებელს, სააკაშვილის მიმართ, – ამის შესახებ მსჰავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაცვის მხარე პროკურატურაში “ვივამედისა” და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგაც შეიტანს საჩივარს.
“ჩვენ ვნახეთ გუშინ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმოწერილი დოკუმენტები. ვნახეთ დემარში, რომელიც იუსტიციის მინისტრთან განცხადდა. ასევე, ვნახეთ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა. დღეს, ჩვენ მოვიპოვებთ ამ დოკუმენტებს. დაცვის მხარე ამჟამად ელოდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს, უკვე მეოთხე თუ მეხუთე დღე არის, რაც საქმე შემოსულია სასამართლოში, თუმცა, პროცესი არ ჩანიშნულა. გავარკვევთ, დღეს იმედია, გაირკვევა, როდის იქნება პროცესი.
რა თქმა უნდა, გაჭიანურება გახლავთ, რა თქმა უნდა, მომაკვდავი პატიმრის საკითხი უკვე მეოთხე დღეა, თუ არა მეხუთე დევს სააპელაციო სასამართლოში და ჯერ როგორც ჩანს დირექტივა არ მიუღიათ ზევიდან, რა უნდა გააკეთონ.
დღეს შევიტანთ პროკურატურაში საჩივარს, არამარტო “ვივამედთან”, ასევე პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით, იმ გაყალბებულ ოქმებზე, არაადეკვატურ მკურნალობაზე და მთელ რიგ დარღვევებზე, რომლებიც ამ კლინიკის და პენიტენციური სამსახურის მიერ იქნა დაშვებული. ასევე, დამატებით შევიტანთ განცხადებას, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება იუსტიციის მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც აკეთებენ არაადამიანურ განცხადებებს, დამამცირებელს, სააკაშვილის მიმართ”, – თქვა ხაჭაპურიძემ.