რა ბრალდებები ვერ უარყო ბერიამ სასამართლო პროცესზე
1953 წლის 18 დეკემბერს ლავრენტი ბერიას საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა ჩატარდა. სასამართლო მას სახელმწიფო ღალატსა და ჯაშუშობაში ადანაშაულებდა. ასევე, ფაქტობრივად, მას აკისრებდა პასუხისმგებლობას დიქტატორული რეჟიმის ყველა დანაშაულზე.
დახურული სხდომა
ერთი კვირით ადრე მიღებულ იქნა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის ბრძანებულება, სათაურით „მკაცრად საიდუმლო“, სადაც შემოთავაზებული იყო სასამართლო სხდომის ჩატარება დახურული წესით, რაც გათვალისწინებული იყო 1934 წლის 1-ელ დეკემბერს მიღებული კანონით. ზემოაღნიშნული კანონის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც ითვალისწინებდა „ტერორისტული ორგანიზაციების ან საბჭოთა ხელისუფლების მუშაკების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების შესახებ“ საქმეების განხილვის სპეციალურ პროცედურას, იყო ლავრენტი ბერია. ეს პროცედურა არ ითვალისწინებდა სასჯელის გასაჩივრებას და შეწყალების შუამდგომლობას. რაც შეეხება სიკვდილით დასჯას, ასეთ შემთხვევებში, კანონის მიხედვით, სასჯელი დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო.
თავად ბრალდების სტილისტიკაც კი ჰგავდა იმას, რაც ტერორის დიდი ეპოქის დროს ათასობით ადამიანს სიკვდილით სჯიდა.
ბრალდება ბერიას წინააღმდეგ
თავიდან ბერია ყველა ბრალდებას უარყოფდა, მაგრამ როდესაც მას კონკრეტული ფაქტები წარუდგინეს, იძულებული გახდა, ეღიარებინა დანაშაული. სამხედრო სარდლების დახვრეტას 1941 წელს ლავრენტი ბერიამ საბჭოთა კანონების უხეში დარღვევა უწოდა. დანაშაულად აღიარა მაირანოვსკის ლაბორატორიის მიერ ადამიანებზე შხამებით ცდების ჩატარება. თუმცა, ამასთანავე აღნიშნა, რომ იოსებ სტალინის ბრძანების მიხედვით მოქმედებდა. კიდევ ერთი დანაშაული, რომელიც ბერიამ ნაწილობრივ აღიარა, იყო აზერბაიჯანის კონტრდაზვერვასთან თანამშრომლობა. მან ამ შემთხვევაშიც განაცხადა, რომ პარტიის დავალების მიხედვით მოქმედებდა.
ბერიას საქმეს რამდენიმე საბუთი მიამაგრეს, რომელიც 1920-1930 წლებით თარიღდებოდა. ეს იყო რამდენიმე მოწმის ჩვენება, თითქოს, ბერია იყო პროვოკატორი, რომელიც 26 ბაქოელი კომისრის დახვრეტასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ იმ დროისთვის ეს მოწმეები ცოცხლები უკვე აღარ იყვნენ.
არაერთმა პასუხგაუცემელმა კითხვამ სასამართლოს ხელი არ შეუშალა, რომ სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა ლავრენტი ბერიასთვის 1953 წლის 23 დეკემბერს. განაჩენი იმავე დღეს აღასრულეს.