2 წლის შვილზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ მამას პატიმრობა შეეფარდა
კახეთში, 2 წლის შვილზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ მამას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში პროკურორის შუამდგომლობისა და ბრალდებულის ადვოკატის თანხმობით, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 თებერვალს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში ბრალდებულმა, ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ ორი წლის შვილზე იძალადა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობები მიიღო. დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში 23 თებერვალს გადაიყვანა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.