თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე წინასასამართლო სხდომა იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე პირველი პროცესი იწყება. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შუამდგომლობებს დააყენებენ.

ადვოკატები გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვენ.

“დავაყენებთ საკითხს, რომ შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა და გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება. აღნიშნულის საფუძველი იქნება ის, რომ გამოძიება ფაქტობრივად არ ჩატარებულა ამ საქმეზე, თვითონ პროკურატურის ოფიციალურ განცხადებებშივეა აღნიშნული, რომ ის ძირითადი მტკიცებულება, რაზედაც შეიძლებოდა დაყრდნობილიყო რაიმე თეორიული ბრალი ამ დრომდე გამოძიებას არ აქვს. ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დააკავშირებდა და დაადგენდა მიზეზობრივ კავშირს ტრაგედიასა და შესრულებულ სამუშაოს შორის, ასეთი ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს,” – განაცხადა ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

თავის მხრივ, პროკურატურაში დაცვის მხარის განცხადებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა და ჩატარებულია ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.

“რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას საკითხზე, რომ არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერიმენტები, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ბრალდების მხარემ და გამოძიებამ ჩავატარეთ ყველა საგამოძიებო მოქმედება და საჭირო საპროცესო მოქმედება, დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზები და ბუნებრივია, დაცვის მხარის ეს პოზიცია უსაფუძვლოა. რაც შეეხება მნიშვნელოვან ექსპერტიზას, საუბარია საინჟინრო, ტექნიკური და ტექნოლოგიური ექსპერტიზებზე. ექსპერტიზებმა უნდა გასცეს პასუხი პროექტთან შესაბამისობაში რამდენად იყო მშენებლობა, რამდენად იყო პროექტი სამშენებლო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაში,” – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ 9 დაკავებულიდან 4-ს ბრალი დაუმძიმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები