ესებუას საქმის პროკურორი: ვითხოვთ, ბრალდებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებამდე 20 დღით მოთავსდეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის პროკურორმა, დიმიტრი ხვიტიამ სასამართლოს ბრალდებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისა და მისი 20 დღით შესაბამის დაწესებულებაში განთავსების შუამდგომლობით მიმართა.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აუცილებელია გაირკვეს ბადრი ესებუას ფსიქიკური მდგომარეობა.

„ჩვენ მოცემულ საქმეზე ვითხოვთ ბადრი ესებუას მიმართ ფსიქიატრიული-სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარებას. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს შეესაბამება სრულყოფილად საქმის გარემოებებისა და ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის პრინციპს. ჩადენილ დანაშაულის ხასიათის და საზოგადოების საშიშროებიდან გამომდინარე აუცილებელია გაირკვეს ბადრი ესებუას ფსიქიკური მდგომარეობა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს. ექსპერტიზის ჩატარების გარეშე კარგად მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული საკითხის გარკვევა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც დავალებული აქვს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლის საფუძველზე მოგმართავთ შუამდგომლობთ, რომ ბადრი ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებამდე 20 დღით მოთავსებული იქნეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. აუცილებელი და მნიშვნელოვანია დადგინდეს ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა. დანაშაულს ჩადენის მომენტში, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ექსპერტიზის დანიშვნა და შემდგომ მისი მოთავსება ამ სტაციონარულ დაწესებულებაში“, – განაცხადა პროკურორმა.

თავის მხრივ, დაცვის მხარემ შუამდგომლობა გააპროტესტა. ადვოკატის თქმით, ბრალდების დასაბუთება საფუძველს მოკლებულია, რადგან სამედიცინო დოკუმენტაციით გამყარებული არ არის და არც მოწმეა გამოკითხული.

„ეს დაუშვებელია. მე მინდა და ასე ჩავატარებ, ეს არ არის მართებული. ჩვენ ამ მოთხოვნას ვერ დავეთანხმებით“, – თქვა იოსებ ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები