ვახტანგ გომელაური: მე თვითონ ჯარში ვიყავი 3 წელი, შეიძლება, ჯარისკაცს 120 ლარი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ მათ აქვთ კვება, ფორმა, ჯანდაცვის დაზღვევა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ერთ-ერთი დეპუტატის კითხვის პასუხად, სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხზე ისაუბრა.
„მე თვითონ ჯარში ვიყავი 3 წელი, უშიშროებაში დავიწყე და მერე სამთავრობო დაცვაში გადავედი. მაშინ 3 წელი იყო დაწესებული, რადგან 3 დღეში ერთხელ უნდა ვყოფილიყავით ცვლაში და არა, ვთქვათ, მთელი წლის, ან 2 წლის განმავლობაში. 2 წელი იყო თავდაცვის სამინისტროში ჯარი, თუმცა სამთავრობო დაცვაში – 3 წელი. მესმის, რომ 120 ლარი ძალიან ცოტაა, თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ დაახლოებით წელიწადში 4 თვე მუშაობენ, მათ აქვთ, რა თქმა უნდა, კვება, ფორმა, ჯანდაცვის დაზღვევა და ასე შემდეგ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, 2025 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯარი აღარ იქნება და გაწვევა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში მოხდება.
„შენს ქვეყანას რომ ემსახურო 1 და 2 წელი, მგონი, პრობლემა არ უნდა იყოს. ავიღოთ ისრაელის მაგალითი. მაგრები რომ არიან, ჩვენც ხომ გვინდა, რომ მაგრები ვიყოთ? რატომ არ შეიძლება, რომ ყველამ გაიაროს სამხედრო სამსახური? მესმის, რომ შეიძლება, ჯარისკაცს 120 ლარი არ უნდა ჰქონდეს, მეტი უნდა ჰქონდეს, შეიძლება, მაგაში დაგეთანხმოთ, თუმცა ის, რომ ჯარში არ წაიყვანო ადამიანი, ვინ უნდა იმსახუროს აბა ჯარში? ჩემი აზრით, უნდა იმსახურონ თავდაცვის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, ახალგაზრდა ადამიანებისთვის მისაღები უნდა იყოს ჯარში სამსახურში.
„ახალგაზრდა ადამიანს უნდა გიხაროდეს, იარაღის ხმარება ისწავლო. პატარა ქვეყანა ვართ და სულ საფრთხეების ქვეშ ვართ. რატომ არ უნდა იცოდეს? მაგალითად, ომი რომ დაიწყოს, გამოცხადდეს მობილიზაცია, უმეტესობა გეყოლება ახალგაზრდების, რომლებსაც იარაღი თვალით არ უნახავს“, – დასძინა შინაგან საქმეთა მინისტრმა.